შოკოლადის ტორტი წაბლის კრემით

Approved by Natia Jinjolava


ბისკვიტისთვის: 26 სმ დიამეტრის ტორტის ფორმა, 6 კვერცხის გული, 180 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 6 კვერცხის ცილა, 80 გრ ფქვილი, 60 გრ კარტოფილის სახამებელი, 60 გრ კაკაო
ღუმელი გავახუროთ 180 °C-მდე. ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი ან საფანელი ცომი რომ არ მიიკრას. კვერცხის გულები, შაქრის ნანახევარი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად. კვერცხის ცილები ცალკე ჯამში ავთქვიფოთ და მყარ, თეთრ ბეზეს რომ მივიღებთ დავუმატოთ დარჩენილი შაქარი. ათქვეფილი ბეზე ხის კოვზით ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში. ფქვილი, სახამებელი და კაკაო ერთმანეთში ავურიოთ, გავცრათ და კვლავაც ხის კოვზით ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხებში. ცომი ფრთხილად გადავასხათ ტორტის ფორმაში, ზედაპირი საკონდიტრო ნიჩბით მოვუსწოროთ და შევდგათ ღუმელში 25-30 წუღით. ხის წვრილი ჩხირით მისი მზაობა შევამოწმოთ და ჩხირს სველი ცომის ნამცეცები თუ არ ამოყვა, გამოვიღოთ და გავაგრილოთ. თუ აკლია გამოცხობა, 5-7 წუთი კიდევ გავაჩეროთ. მზა ტორტი გავაცივოთ და მერე ამოვიღოთ ფორმიდან. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ ტორტს, უფრო კარგად იჭრება ფირფიტებად, ამიტომ ბისკვიტის გამოცხობა ყოველთვის წინა დღით სჯობს.
კრემისთვის: 440 გრ კონსერვირებული წაბლი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 6 ს/კ ნაღები, 7 ს/კ შაქრის პუდრა, ½ ჭ გარგრის მარმელადი (ჯემი), 250 გრ მარციპანი, 150 გრ შაქრის პუდრა, 200 გრ გამდნარი შოკოლადი თავზე მოსასხმელად
შოკოლადის ბისკვიტი გავჭრად 3 ფენად. წაბლები, ლიმონის წვენი, ნაღები და 7 ს/კ შაქრის პუდრა ბლენდერში ვაქციოთ პიურედ. მზა პიურე ვთქვიფოთ, სანამ პრიალა კრემს არ მივიღებთ. ავიღოთ ბისკვიტის ერთი ფენა და წავუსვათ წაბლის კრემის ნახევარი, თავზე მეორე ფენა დავაფაროთ და წავუსვათ დარჩენილი კრემი. კრემს თავზე მესამე ფენა დავაფაროთ და წავუსვათ შეცხელებული გარგრის ჯემი. მარციპანს შაქრის პუდრა დავუმატოთ და გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული მარციპანი ტორტს გადავაფაროთ, ისე რომ თავზეც და გვერდებზეც შემოეკრას. ზედმეტი მარციპანები შემოვაჭრათ და დავაგუნდაოთ და ისევ გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე და ტორტის მოსართავად ფიგურული საჭრელებით ლამაზი ფიგურები გამოვჭრათ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და ტორტს ზემოდან გადავუსვათ. რომ გაშრება და გაცივდება მოვრთოთ მარციპანის ფიგურებით.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment