26.10.11
მემორიალური დაფა თბილისის ერთ-ერთ კორპუსზე: "ამ სადარბაზოში ცხოვრობდა ჩვენი მეგობარი გიზო"
Approved by
„გუშინ გასვენებაში იმისთანა მაგარი თაიგული მივიტანეთ, მკვდარი თვითონ
შემოგვეგება გამოსართმევადო“ - ქართული ხალხური ანეგდოტი
შავი იუმორის დიდად მოყვარული არ ვარ, თუმცა ზოგი რამ ძალიან მომწონს,
ზოგზეც სულ ვერ ვიცინი, არადა ჰელოუნი მოდის და სიკვდილ-სიცოცხლისა და დრო-ჟამის ბრუნვის
თემას გვერდს ვერ ავუვლი. ჰოდა, გადავწყვიტე ჩემი ბავშვობა და სასკოლო არდედეგებები
გავიხსენო. ახლა მკითხავთ, არდედეგები და სიკვდილ-სიცოცხლე რა შუაშიაო - იმ შუაშია,
რომ არდედეგებზე სამეგრელოში მივდიოდი ბებია-ბაბუასთან, სამეგრელო და მკვდრის „გაპატიოსნება“
კი ქილიკისა და შაყირის უცვლელი თემაა. არადა მოდი და არ იშაყირო, როცა სამძიმარზე
მისულს შალახოთი და დიმპიტაურ-დამპიტაურით გეგებებიან, მიცვალებულს უყვარდაო...
ეგ არაფერი, ერთი შორეული ნათესავის, 105 წლის ქალის სამძიმარზე მსხდომ
თბილისიდან ჩასულ ნათესაობას მონდომებული ჭირისუფალი მთელი ერთი კვირა დალიდას და ალენ
დელონის „Paroles, paroles“-თი, ჯო დასენის „A toi“-თა და მისივე “Emmanuelle”-თი გვატკბობდა. ტოგორც ჩანს, ეს საქმეც უყვარდა ცხონებულს ახალგაზრდობაში... მუსიკა იქით იყოს და ხანდახან რასაც სამეგრელოში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც აკეთებენ,
მკვდრის შეურაწყოფის გარდა არაფერი ქვია. აღარ ვლაპარაკობ დაუქორწინებლებისთვის ქორწილის
გადახდაზე, მანქანას მკვდრის სურათთან ერთად მისი ცოცხალი შეყვარებულის სურათსაც რომ
აკრავენ და მერე კუბოს აცეკვებენ; რელსებზე შეყენებული ცოცხალი ადამიანის საიმაღლის
გარდაცვლილის ფოტოსურათზე, რომელიც სამძიმარზე მოსულებს ეგებება და სახლის კარიდან
ოთახამადე აცილებს; ეზოში გაჩაღებულ ნარდის და კარტის თამაშზე - აქაოდა გარდაცვლილს ესიამოვნებაო...
მამიდაჩემის მეზობლად ერთი სტატუსით ძველი, მაგრამ ბიოლოგიურად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა
რუსეთში - ჩვენში გულითო კი იძიახიან, მაგრამ დიაგნოზს ალბათ თავადაც ხვდებით. თვითონ
კი ჩამოასვენეს, მაგრამ იქაური ძმაბიჭობა ვერ ჩამოყვა და მათ მოლოდინში მოცვალებულიც დაუმარხავად
21 დღე გააჩერეს - ეს 21 დღე, უკაცრავად, დღე და ღამე, მთელი უბანი ტკბებოდა ეზოში გამოტანილი
უზარმაზარი დინამიკებიდან: „ტაშკენტიდან მოდის ქარავანით“ და „ასეთია ქურდი კაცის ბედით“,
რომლებსაც შიგადაშიგ კინტაური და აჭარული ცვლიდა, თურმე გარდაცვლილი ბავშვობაში ცეკვაზე
დადიოდა... ახლა კი მისი სულის საცხონებლად მეზობლის ბავშვებს აცეკვებდნენ! სადღეც მეორე კვირის თავზე, მეზობელი
უბნიდან, გარდაცვლილი შვილი სახლის პირველ სართულზე სასტუმრო ოთახში რომ ყავს დასაფლავებული
ისეთმა დედამ მალემსრბოლი აფრინა ახალგარდაცვლილის ოჯახში: „თქვენი შვილი არ მომკვდარა,
წუხელის ჩემთან იყო სტუმრად, ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა და გიტარაზე უკრავდაო“. ალბათ
შვილის დაღუპვით გონებაარეული და გაგიჟებული უბედური დედა შეგეცოდათ ხომ? არც იფიქროთ,
რომ მის ნათქვამში ვინმემ ეჭვი შეიტანა - ეტაკნენ კუბოს, საცოდავი მკვდარი, ხან წამოაყენეს,
ხან წამოაჯინეს, უჩქმიტეს, ნემსიც უჩხვლიტეს და მხრებქვეშეყუდებულებმა ეზოში მისი გატარებაც
სცადეს... მთელი ორი დღე დასჭირდათ, რომ დაეჯერათ და დაესვენებინათ საბრალო ბიჭი. 21
დღეს მოსკოვიდან ქურდების დელეგაციამაც ჩამოაღწია და დასაფლავების ნებართვაც გასცეს. კუბო შამპანურების
ბათქა-ბუთქის ფონზე გამოასვენეს ეზოდან და რა გგონიათ, სასაფლაოზე წაასვენეს? არა,
ჯერ ქალაქის ცენტრში გაასეირნეს, საყვარელი ადგილები შემოატარეს, ქუჩის ბოლოში ჩამოსასხმელი
ნაყინის საჭმელადაც შეჩერდნენ... არ ვიტყუები, გარდაცვლისლს ყვარებია! არ არის ახლა
ეს მკვდრის შეურაწყოფა? აბა, რა ქვია ამ სიველურეს?! ახლობლების ეზოში და სახლში დასაფლავების მანკიერ ტრადიციას რაც შეეხება, ამას არც გარდაცვლილის, არც დანარჩენი შვილების და არც არავის, მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულის გარდა სხვა სახელი არ ქვია და სხვა ახსნა არ აქვს. ადამიანი რომელიც სხვებზე, ან მკვდარზე ფიქრობს ამას არ იზამს და მკვდარს მშვიდად წასვლის, დანარჩენებს კი ბედნიერად ცხოვრების საშუალებას მისცემს. შენთვის კი კარგია, სასაფლაოზე წასვლაც რომ არ გიწევს, აქვე ყურუსძირში გყავს, მაგრამ ერთი მომავალ შვილიშვილს, კითხე რა ხასიათზეა, რომელიც ნაადრევად დაღუპულ ბიძას არც კი მოსწრებია, მაგრამ მის ჩონჩხთან ერთად უწევს ყოველდღე ტელევიზორის ყურება.
გეფიცებით, ჩემი თვალით მინახავს ბავშვობაში სასაფალოზე დადგმული მაცივრები,
ტელევიზორები და მანქანებიც კი, დივანზე და სავარძლებზე აღარ ვლაპარაკობ. საკმაოდ დიდი
ვიყავი, როცა ქუჩაში რამდენიმე კილომეტრზე გაბმული ძაფი შევნიშნე და მაშინ ამიხსნეს.
სვანეთში ასეთი ტრადიცია ქონიათ: ადამიანი სახლსგარეთ თუ გარდაიცვალა, მისი სული სახლამდე
მიყავთ. ცერემონია ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ამისთვის სანთელი, მამალი და კოჭის
ძაფი ჭირდებათ. სანთელს მემგონი გარდაცვალების ადგილას ანთებენ, მამალს რას უშვებიან
ნამდვილად აღარ მახსოვს და ტრაგიკული მოვლენის ადგილზე გამობმულ ძაფს კი სახლამდე ჭიმავენ
და ასე მიყავთ სული. ახლა წარმოიდგინეთ რამდენი კილომეტრი ძაფი და რამდენი დრო ჭირდებოდა
ვთქვათ ზუგდიდის საავადმყოფოში დაღუპული სვანის სულის მესტიამდე წაყვანას??? იქვე მითხრეს
რომ ამ ცერემონიას არა ერთი მანქანის მოტორი შეწირვია დიდი ხნის მანძილზე მეტისმეტად
დაბალი სიჩქარით მოძრაობის გამო.
სამეგრელოში კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქონდათ და აკბათ აქვთ კიდეც - ოჯახის წევრი თუ
გარდაეცვლებოდათ, მისი მაგიერი აყავდათ. ანუ ძმას თუ დაკარგავდი, ნაცნობებში ძმის მაგიერს
არჩევდი და დამიჯერეთ, მაგიერს ძირითადად ნათლიასავით ფულის, გავლენისა და თანამდებობის
მიხედვით არჩევდნენ და ხშირად ძმის მაგიერი, ძმაზე ბევრად გამოსადეგი იყო ხოლმე. ახლა
ვიხსენებ, და ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, ვინმეს დის მაგირი აეყვანა, რაც ჩემს
თეორიას კიდევ უფრო ამყარებს - მოგეხსენებად ადრე ფინანსები და ძალაუფლება სწორედ კაცების
ხელში იყო. როგორც ხვდებით, ყველაზე ხშირად ძმის მაგივრობის გაწევა რაიკომის მდივნებსა
და კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს უწევდა. ძმის მაგიერი ვალდებული იყო, დამწუხრებული
ახალშეძენილი ნათესავისათვის მისი წინამორბედის ორმოცზე თმა თავისი ხელით შეეჭრა და
წვერი მოეპარსა (სხვაგან არ ვიცი და სამეგრელოში კაცები გლოვის ნიშნად თმოვან საფარს იზრდიდნენ) და მერე მთელი ცხოვრება დახმარებოდა ფინანსურად ლხინსა თუ
ჭირში.
ისევ და ისევ სამეგრელოს მივუბრუნდები და კიდევ ერთი საოცარი მიგნება
უნდა გავიხსენო. მეგრულ კუდაბზიკობაზე არაერთხელ ვისაუბრე და არც მკვდარია გამონაკლისი.
ნუ იკითხავთ, მკვდარს როგორ ალამაზებენ. მიცვალებული გაციებას ვერ ასწერებს, იწყება
სახლის დალაგება, თვითონ თუ არ აქვთ, ან კარგი არ აქვთ, ახლობლებისგან და მეზობლებისგან
ხალიჩებისა და ჭაღების მოზიდვა. ვინ იცის უბანში რამდენი კაცია დატირებული მამიდაჩემის
ხელითნაქარგი ფრანგული ფარდების ფონზე... მიტანილ ყვავილებს შენს ნებაზე ვინ დაგადებინებს
და მკვდარი-ჭირისუფლი-თაიგულებით დადგმულ კომპოზიციას ვინ დაგარღვევინებს, კარებში
ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილი ადამიანი გხვდება და ყველა კინკილა ღერს თავის ადგილს
უჩენს. როგორც ხვდებით, მთელ ამ კომბინაციაში ცენტრალური ადგილი „ღონისძიების“ მთავარ
მიზეზს უკავია და ამიტომ უიმე, როგორ ალამაზებენ და უვლიან, ფერი არ იცვალოს, გამომეტყველება
სასურველი ქონდეთ. მოგეხსენებათ, საქართველოში უცხოეთივით მიცვალებულის მაკიაჟის კულტურა
არ გვაქვს, მაგრამ მეგრელებს ამან ხელი არ შეუშალა და ათიოდე წლის წინ რაღაც სრულიად
შეურაცხადი გამოიგონეს - დახლ-მაცივრები გადააკეთეს და მიცვალებულს დასაფლავებამდე
ფიფქიასავით შუშისქვეშ გაყინულს ინახავენ! ასეთი მაცივრები დამზადებული აქვთ ზუგდიდში
პოპულარული ნებისმიერი ავეჯისა თუ მოსაპირკეთებელი ქვების დიზაინით. რანაირს არ ნახავთ,
მარმარილოს იმიტაციით თუ „რენესანსიან“ სასტუმრო ოთახში დასადგმელს. ამას წინათ მითხრეს,
რომ ამ ნოვაციას თბილისამდეც ჩამოუღწევია - დარწმუნებული ვარ მეგრელების ოჯახი იქნებოდა.
არადა, პირველად რომ ვნახე, ჩემი ახლობელი ნაყინის გამყიდველივით, როგორ ხსნიდა შუში
კარს და გარდაცვლილ დედას შუბლზე ნამს როგორ წმენდდა... მეგონა, რომ პირველი და უკანასკნელი
იყო და ამას აღარვინ გაიმეორებდა. შევცდი, როგორც ვიცი, ზუგდიდში მსგავის მაცივრის
დაქირავებაზე რიგები დგას და მაგაზე დიდი სირცხვილი არაფერია, შენი მკვდარი საყინულეში
რომ არ ჩადო.
კიდევ ერთი მომენტი და დავამთავრებ. ისევ სამეგრელოში გასვენებაში ვიყავი
და გაოცებული ვუყურებდი, ეზოს გვერდით მინდორზე მიცვალებულის საპატივცემულოდ გამართულ
მარულაზე (ლელოს მსგავსი თამაში ბურთით და ცხენებით), უკვე მთვრალი მეზობლები ცხენებიდან
პანტა-პუნტით როგორ ცვიოდნენ და ჩემთვის მიკვირდა, რამდენად არ უნდა გქონდეს ახლობლების
პატივისცემა, როცა ოჯახში ტრაგედიაა და შენ დასაფლავებასაც არ უცდი, მანამდე ტყვრები
ღორივით. მკითხავთ, მარულა არ გაგიკვირდა და ეგ რა დასაძრახიაო. კაი, ჭირისუფალს დარდმა
გონება დაუბნელა და რას აკეთებს თვითონ არ იცის - ხან ცეკვავს და ხანაც „მარულას“ გეგმავს,
მაგრამ შენ ხომ უნდა გქონდეს ნამუსი და იმდენის ფიქრის უნარი, რომ ესეთ დროს ეგებ რამეში
შენი დახმარება ჭირდებათ. მაგრამ მარულაც დამავიწყდა და იქაური მთვრალებიც, როცა თანამშრომლის
დედის დასაფლავებაზე უკვე გურიაში, სუფსაში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ სოფლის ყველა კაცი მუქთა
სასმელით დილიდან ისეთი მთვრალი იყო, რომ მიცვალებული ქალებმა გამოასვენეს... მერე მითხრეს
რომ ბოლო წლებში სოფელებში ასეთი რამ ხშირად ხდება. ამ ზომამდე რომ მივა ადამიანი, ის
ალბათ მალე მკვდარსაც აღარც დაასაფლავებს... თუმცა არა, ვცდები! ქელეხის და იქ დადგმული
მჟავე ღვინის გამო ამაზე უარს არასდროს იტყვიან.
„ჭიჭიკიას მამის გასვენებაში იმდენი ხალხი იყო, ორი კუბო ჩავდგით, თორემ
მოგვეჭრებოდა თავიო“ - ქუთაისური ანეგდოტი
დიდხანს და ბედნიერი (ღირსეული) სიცოცხლის სურვილით,
თქვენი მერი პოპინსი
P.S. სტატია კი სპეციალურად უცხოური საფლავის ქვებით დავასურათე - გულს ნუ გაიტეხთ,
ისინი ჩვენზე უარესი გიჟები არიან!
0 კომენტარი.:
Post a Comment