3.10.11
ნაწილი I - საოცნებო პარიზი
Approved byამ ოცნების გამო რამდენიმე წლის წინ ფრანგული ენის სწავლა დავიწყე. გაკვეთილებზე სიარული მეხალისებოდა და მომწონდა, თუმცა ზრდასრულობისას ენის შესწავლა რთული აღმოჩნდა. ელემენტარული დავძლიე და თავს იმით ვინუგეშებდი, რომ თანდათან ადაპტირებული ტექსტების გაგება როგორღაც შევძელი. მოკლედ, რაღაცას ”ვახლაფორთებდი”.
ჩემი ოცნების შესახებ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმაც იცოდნენ, ამიტომ როცა, როგორც იქნა, დასთან გერმანიაში ჩასვლა მოვახერხე, მან საჩუქრად პარიზში მოგზაურობა მომიწყო.
ნამდვილი დღესასწაული! ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება: ოთხი დღე პარიზში - ტურისტებში მეტად პოპულარული, მრავალ ენაზე თარგმნილი გზამკვლევის სახელწოდების სრული ანალოგი.
პარიზი ყველას თავისი აქვს: იმას, ვინც ნამყოფია ამ ქალაქში, ვისაც აქ უცხოვრია და ვინც არ ყოფილა - იმასაც.
პარიზი ყველას თავისი აქვს: იმას, ვინც ნამყოფია ამ ქალაქში, ვისაც აქ უცხოვრია და ვინც არ ყოფილა - იმასაც.
ჩვენ გაგვიმართლა - პარიზი მაისის დასაწყისში უღრუბლო და მზიან დღეებში ვნახეთ (ასე მგონია, ყველაზე ”სწორ” დროს). ყველაფერი განსაკუთრებული მეჩვენა, ჩემი გრძნობათა ორგანოები იმ დღეებში მძაფრად აღიქვამდა გარემოს: ფერს - ქალაქი ბულვარებზე ჩამწკრივებული სახლების ფერი ღია მოყავისფრო-კრემისფერი მეჩვენა; სუნს - ყავისა და ვანილის ნაზავს ურიცხვი პატარ-პატარა კაფეების გარეთ გამოტანილი და ადამიანებით გადაჭედილი მაგიდების გამო; შეხებას - ოდნავ ხორკლიანი და გრილი ქვის შეხების გრძნობას; ხმებს - ფრანგული ენისა და უამრავი სხვადასხვა ენის ცალკეული ბგერების ნარევს.
სწორედ ეს მრავალრიცხოვანი ხმები იყო პირველი, რაც აღმოსავლეთის სადგურის შენობიდან გამოსვლისას შევიგრძენი. შესაძლოა, ეს ჩემი წინასწარი აღფრთოვანების ბრალიცაა, მაგრამ ასეთი ჟივილ-ხივილი მხოლოდ აზიური ქალაქებისთვის დამახასიათებელი მეგონა. მომდევნო დღეებშიც, როცა მთელი დღის სიარულისა და ღირშესანიშნაობების თვალიერების შემდეგ დაღლილ-დაქანცულები სასტუმროში დასაბრუნებლად პარიზის მეტროში ჩვენს მარშრუტს დავადგებოდით, ეს უკვე ნაცნობი ხმები ყველა მხრიდან მესმოდა. დილით ადრე სასტუმროს ფანჯრიდან სებასტოპოლის ბულვარს რომ გადავხედავდი, ჩიტების ჭიკჭიკი და ისევ ის ნაცნობი ზუზუნი ავსებდა არე-მარეს.
მთელი თავისი ბუმბერაზობისა და პომპეზურობის მიუხედავად, პარიზი ძალიან დემოკრატიული ქალაქია: ჩაიცვი როგორც გინდა, იარე როგორც გინდა, იცხოვრე ვისთანაც გინდა, აკეთე რაც გინდა. ტურისტს ამ ქალაქში არაფერი გაუჭირდება - მისი თავისუფლება არ იზღუდება. ამის მაგალითად მარსის მინდვრებზე, პომპიდუს ცენტრთან ან თუნდაც ინვალიდების ესპლანადაზე წამოწოლილი თუ ფეხშიშველი მოსეირნე ადამიანებიც გამოდგება. სხვათაშორის, ოდესმე თუ გაგივლიათ ფეხშიშველებს მოთიბულ ბალახზე? ეს ფრაზა აქამდე მხოლოდ ჩვენი ცნობილი პოეტის ლექსიდან ციტატა მეგონა. ვცადე და იცით, რა სასიამოვნო აღმოჩნდა?! ნეტავ თბილისში რომ მეცადა და ამ დროს ნაცნობს დავენახე, გიჟად არ შემრაცხავდა?!
რაც შეეხება ფრანგულ ენას, ის თურმე სულაც არ გჭირდება. პრაქტიკულად არც სხვა ენა გჭირდება. მუნჯიც რომ იყო, გაგიგებენ. ყველა გზაჯვარედინზე დგას დიდი რუკა იმ ადგილის მითითებით, სადაც იმ წუთას იმყოფები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება ქალაქის გზამკვლევი. შეგიძლია ღია ორსართულიანი ავტობუსის მგზავრობის მარშრუტები აირჩიო ნებისმიერ ღირშესანიშნაობასთან ჩამოსვლა-დათვალიერებით და შემდეგ ისევ ავტობუსით გზის გაგრძელებით. მაგრამ პარიზი ხომ ოცნებაა და ერთი დღითაც რომ აღმოჩნდე ამ ქალაქში, მოახერხებ თვალი მაინც შეავლო ყველა იმ ძეგლს, შენობას თუ ქუჩას, რაც ბავშვობიდან გსმენია და წიგნებში ამოგიკითხავს.
აქედან დასკვნა: პარიზის ნახვა გულით თუ გინდა, - ნახავ, რამდენი ხანიც არ უნდა დაჰყო აქ. ოღონდ ერთი პირობა უნდა გაითვალისწინო (ალბათ ისევე, როგორც სხვა ქალაქების დათვალიერებისას): პარიზში შენნაირ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე! შენნაირთან ყველაფერში: ცხოვრების აღქმაში, ფასეულობებში, სურვილებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისევე ხანგრძლივად და შეუსვენებლად, შეიძლება ითქვას, თავგანწირულადაც სიარულის შესაძლებლობებშიც კი.
სასიარულო უამრავია, ამიტომ თან მხოლოდ კარგად მორგებული, დაბალქუსლიანი, მოხერხებული ფეხსაცმელი წაიღეთ. შესაძლოა, თქვენთვის ასეთი ფეხსაცმელი სახლის ჩუსტებია, - მაშასადამე, წაიღეთ ჩუსტები! გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფეხსაცმელი პარიზში გატარებული დღეების შესაბამისი ოდენობით დაგჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ერთ წყვილს აუცილებლად მოინელებთ! აი, ტანსაცმელი კი მინიმალური რაოდენობის გეყოფათ, რა თქმა უნდა, თუ პარიზში ჩასვლის მიზანი ქალაქის ნახვაა და არა საქმიან შეხვედრებზე სიარული.
რაც საერთოდ შეგიძლიათ თან არ წაიღოთ და სახლში დაუნანებლად დატოვოთ, ეს ”გზაში საკითხავი წიგნია”. გარწმუნებთ, ამის არც დრო და არ სურვილი არ გექნებათ.
რადგან აუცილებლად სანახავი სასურველი ”ობიექტები” ერთმანეთისგან საკმაოდ შორ მანძილებზე მდებარეობს, აუცილებლად დაგჭირდებათ ტრანსპორტი. ჩვენ მეტრო ავირჩიეთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ”ზედ” მეტროს ერთ-ერთი ცენტრალური ხაზის სადგურთან ახლოს ვცხოვრობდით, მეორეც იმიტომ, რომ მეტროს სადგურები ქალაქში ერთმანეთთან საკმარისად ახლოსაა განლაგებული და ცენტრში ყველგანაა, მესამეც - ეს ტრანსპორტი შუაღამემდე და ზოგჯერ შუაღამის მერეც მუშაობს.
არჩევით კი ავირჩიეთ, მაგრამ პარიზში მარტო რომ ვყოფილიყავი, მეტროში ნამდვილად დავიკარგებოდი. შეიძლება იმას, ვისაც სხვა დიდ ქალაქებში უცხოვრია, პარიზის მეტრო მაინცდამაინც რთული არ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის, თბილისის მეტროპოლიტენის ორი ხაზის შემდეგ, იქაურ მიწისქვეშა ტრანსპორტში გარკვევა ძნელი აღმოჩნდა. ბოლოსდაბოლოს, ალღო ავუღე: ვიმახსოვრებდი ხაზის ნომერს, ბოლო სადგურის სახელს და ზემოთ გამოკრულ წარწერებს ყურადღებით ვუყურებდი. თან თვალებს აცეცებ, თან მოსახვევებში მიქრიხარ, შემთხვევით (ხომ არის ამის ალბათობაც?!) ნაცნობ-მეგობარიც რომ შეგხვდეს გზაში, ვერც კი შეამჩნევ! ყველა ბაქანს თავისი ჩასასვლელ-ამოსასვლელი აქვს. ამიტომაცაა, რომ პარიზელებსაც კი მეტროს რუკა ხშირად საფულის გარეკანზე აქვთ დახატული. მოსახერხებელია, არა?!
ჯერ კიდევ პარიზში ჩასვლამდე, ჩემი პირველი შეხება პარიზის მეტროსთან (ისევე, როგორც ბევრი სხვისთვის), მეტროპოლიტების აღმნიშვნელი აბრები იყო, მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილში გაკეთებული უცნაური ასოებით, რომლებიც სინამდვილეში ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც ფრანგული ფილმებიდან მახსოვდა. ოღონდ გული დამწყდა, რომ ასეთი წარწერების ძებნა დამჭირდა. ვიპოვე კიდეც მონმარტრზე - მულენ რუჟთან, მონპარნასის ბულვარზე.
თავისთავად მეტროს სადგურები აბსოლუტურად უინტერესო და უსახური მეჩვენა. კედლები, ძირითადად მოპირკეთებულია ჩვენში 70-იან წლებში საყოველთაოდ გავრცელებული აბაზანა-სამზარეულოებისთვის განკუთვნილი თეთრი კაფელის ფილებით. სადგურები დიდი სისუფთავით არ გამოირჩევა. პირდაპირ სადგურების ბაქნებზე, მგზავრების ჩამოსაჯდომი სკამების უკან, პოდიუმზე, ხშირად უსახლკაროებს სძინავთ... მოკლედ, პარიზი მიწის ზევით და პარიზი მიწის ქვევით ორი სხვადასხვა ქალაქია.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო
0 კომენტარი.:
Post a Comment