22.10.11
შოკოლადის რულეტი წაბლის კრემით
Approved by
ამ უგემრიელეს ნამცხვარს ძალიან მარტივი რეცეპტი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი
შანსია, რომ უამრავი მიზეზის გამო არ გამოვიდეს: გაზი მთლად კარგად არ მუშაობს, ან
კვერცხი არ იყო ძალიან ახალი, ან შაქარი გამოდგა დანესტილი და სულაც შოკოლადს აქვს
საჭიროზე მეტი ცხიმი. ამიტომ საკუთარი თავის და ინგრედიენტების იმედი თუ არ გაქვთ,
ნუ გარისკავთ. ვისაც სუფლეს ცხობა გეხერხებათ, ან ექსპერიმენტების არ გეშინიათ და „ჩავარდნილი“
ნამცხვრის გადაგდება პრობლემას არ წარმოადგენს, სცადეთ - მართლა გამორჩეულად გემრიელი
და ჰაეროვანი რულეტია. ბისკვიტი თუ მაინც გამოვიდა, მაგრამ მერე დახვევისას დაიბზარა,
არ ინერვიულოთ - ეს იმის ნიშანია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ!
ინგრედიენტები:
175 გრ შავი შოკოლადი, 30 მლ (2 ს/კ) მაგარი შავი ყავა, 5 კვერცხი, 175 გრ შაქარი,
250 მლ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ მოხარშული ან გამომცხვარი წაბლის პიურე, 4 ს/კ შაქრის
პუდრა, კიდევ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და ნაკლებად ცხიმიანი ნაღები მოსართვავად
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. 33X23 სმ ზომის საცხობ ფირფიტას წავუსვათ
ცხიმი და დავაფინოთ პერგამენტი. შოკოლადი გავადნოთ ჯამში და ჩავასხათ ყავა. დავტოვოთ
შესაგრილებლად. მანამდე კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და გოგლი-მოგლი
რომ გამზადდება ჩავურიოთ შეგრილებულ გამდნარ შოკოლადს. მეორე ჯამში ავთქვიფოთ კვერცის
ცილა. ბეზე რომ გამზადდება, ჯერ ერთი კოვზი გადაავურიოთ შოკოლადის კრემში, შემდეგ კი
დანარჩენიც დავუმატოთ და ძალიან ფრთხილად მოვურიოთ. მიღებული მასა საცხობ ფირფიტაზე
დაფენილ პერგამენტზე გავანაწილოთ და გამოსაცხობად 20 წუთით შევდგათ. არა, არ გამომრჩენია, ამ ბისკვიტს ფქვლი არ ჭირდება და მისი გამოცხობის მთელი სირთულეც სწორედ ამაში მდგომარეობს. გამომცხვარი ბისკვიტი
გამოვიღოთ, ფირფიტაზე დატოვებულსვე ჩაის ტილო გადავაფაროთ და ცივ ადგილას რამდენიმე
საათი გავაჩეროთ.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. ერთად ათქვეფილი წაბლის პიურე
და შაქრის პუდრა ნაღების კრემს დავუმატოთ. პერგამენტის ქაღალდზე შაქრის პუდრა მოვაფრქვიოთ
და გამომცხვარი ბისკვიტი თავდაღმა დავაფინოთ. ავაცალოთ უკანა მხრიდან ცხობისას მიკრული
ქაღალდი. ქაღალდაცლილ ბისკვიტს ფრთხილად გადავუსვათ წაბლის კრემი 2,5 სმ-ს სისქეზე
და მერე ქვევიდან დაფენილი პერგამენტის დახმარებით ბისკვიტი ძალიან ფრთხილად და რამდენადაც
შესაძლებელია მჭიდროდ დავახვიოთ. მზა რულეტი 2 საათით მაცივარში შევდგათ, შემდეგ თავზე
ცოტაოდენი შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ფრთხილად დავჭრათ. ყოველ ნაჭერს თითო კოვზი ნაკლებადცხიმიანი
ნაღები მოვასხათ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment