25.10.11
რამდენიმე იდეა „ჰელოუინური“ მენიუს თაობაზე
Approved by
გარესამყაროს დღესასწაულებიდან საქართველოში სხვებზე მეტად ორმა მოიკიდა
ფეხი: „ჰელოუინმა“ და „ვალენტინობამ“. პირველი სხვებზე მეტად სკოლის მაღალი კლასის
მოსწავლეებს მოსწონთ, მეორე კი გასათხოვარ გოგოებს... ასეა თუ ისე, ორივე გართობის
საბაბია, ჩვენ კი გართობა და დროსტარება გვიყვარს. ოქტომბრის დადგომასთან ერთად, კლუბში
„საჰელოუნო“ მზადებასაც შევუდექით. დავგეგმეთ შესაბამისი სტატიები, თემები, წვეულება
და რაღა გასაკვირია, რომ მენიმუდეც მივედით. მოგეხსენებათ, „ვალენტინობისგან“ განსხვავებით
„ჰელოუინი“ კოსტუმირებული დღესასწაულია და მთელი რიგი წესები და ატრიბუტიკაც აქვს,
რაზეც უახლოეს მომავალში საგანგებოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი რამდენიმე, მარტივ და გემრიელ
იდეებს გაგიზიარებთ ამ დღის სუფრის თაობაზე.
ცხელი კერძი:
მუმიის თავი (Yummy Mummy Meatloaf)
700 საქონლის
ფარში, 1 კვერცხი, 1 ხახვი (დაჭრილი), 1 ჭ რძე, 1 ჭ დაფქული ორცხობილა ან დაფშვნილი
პურის ქერქი, ¼ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ დაფქული პილპილი, 1/3 ჭ „კეტჩუპი“ ან პამიდვრის
საწებელი, 2 ს/კ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ მდოგვი, 200 გრ მაკარონი „Pappardelle“,
350 გრ-იანი ყველი „მოცარელას“ თავი, 1 ქილა კუკრკაგაცლილი მსხვილი შავი ზეთისხილი
სოუსისთვის -
¾ ჭ „კეტჩუპი“, ¾ ჭ წყალი, ¼ ჭ ლერწმის შაქარი, ½ ჩ/კ მდოგვი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ცოტაოდენი ზეთი დავასხათ მრგვალი ფორმის საცხობ
ფორმაზე. ერთმანეთში ავურიოთ ფარში, კვერცხი, ორცხობილა, ხახვი, რძე, მარილი და პილპილი.
ფარშისაგან დიდი ბურთი გავაკეთოთ და საცხობ ფორმაზე მოვათავსოთ. 1/3 ჭ „კეტჩუპი“,
2 ს/კ ლეწრმის შაქარი და 2 ს/კ მდოგვი ერთმანეთში ავურიოთ და ხორცის ბურთს კრემივით
გადავუსვათ. გამოვაცხოთ 1 საათის განმავლობაში. გამომცხვარი ხორცის ბურთი დაფაზე გადავიტანოთ
და 20 წუთი „დავასვენოთ“. მანამდე მაკარონი მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცომის „ლენტები“
ერთმანეთს რომ არ მიეწებოს ცალ-
Pappardelle |
ცალკე დავალაგოთ. ამასობაში სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში
ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ დაახლოებით 3 წუთი. გადავასხათ სასოუსეში და თბილად
შევინახოთ. ხორცის ბურთი გადავიტანოთ თეფშზე. „მოცარელა“ შუაზე გავჭრათ (შეგიძლიათ
იგივე ყველის ნაცვლად მოხარშული კვერცხითაც გააკეთოთ, მაგრამ ყველი უფრო გემრიელია).
მაკარონის ლენტები ხორცის ბურთს მუმიის ბინტებივით შემოვახვით. თვალების ადგილას დავატანოთ
შუაზე გაჭრილი შავი ზეთისხილის ბურთებით გაფორმებული „მოცარელას“ ნახევრები. გამზადებულ
მუმიის თავს ირგვლივ ზეთისხილები შემოვუწყოთ და სუფრაზე სოუსთან ერთად გავიტანოთ.
გარნირი: კატროფილის
აჩრდილები (Potato Ghosts)
2 კგ მოსახარში
კარტოფილი, 75 გრ კარაქი, 1 ¼ ჭ რძე, 3 კვერცხის გული, შავი სეზამის მარცვლები თვალებისთვის
(შეგიძლიათ შეცვალოთ ხმელი ქინძის ან კამის მარცვლებით), ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ პილპილი.
კარტოფილი გავთალოთ, ოთხად გავჭრათ, ჩავყაროთ მარილიან წყალში და ვხარშოთ
დაახლოებით 15-20 წუთი დარბილებამდე. სანამ კარტოფილი იხარშება, ცალკე ქვაბში ჩავასხათ
რძე, ჩავაგდოთ კარაქი და შემოვდგათ ცეცხლზე სანამ კარაქი არ გადნება. გადავდგათ გვერდზე
შესაგრილებლად. გავაცხელოთ ღუმელი 200°C-მდე. კარტოფილი გადავწუროთ და ჩავყაროთ დიდ
ჯამში, დავუმატოთ მარილი და პილპილი და ვაქციოთ პიურედ (შეგიძლიათ ამისთვის პიურეს
პრესი ან ბლენდერი გამოიყენოთ). დავუმატოთ რძე, კვერცხის გულები და ელექტომიქსერით
კარგად ავთქვიფოთ. პიურეს 1/3 ცეცხლგამძლე დეკორატიული ჭურჭლის ფსკერზე გავანაწილოთ,
დანარჩენი კი ტორტის მოსართავ ტომსიკაში მოვათავსოთ და განაწილებულ კარტოფილს ზევიდან
კონუსის ფორმის „მოვენებები“ დავასვათ. „მოჩვენებებს“ თვალები გავუკეთოთ და ღუმელში
შევდგათ დაახლოებით 20-25 წუთით, კონუსების წვეტების შეოქროსფერებამდე და გამაგრებამდე.
დესერტი: ტორტი
„ეშმაკის საჭმელი“ შოკოლადის აბლაბუდით (Devil’s Food Cake)
(ტორტს ასე მეტისმეტად ბევრი შოკოლადის გამო ქვია და თან მსოფლიოში სახელგანთქმული
ტორტების ათეულშიც შედის, რასაკვირველია აბლაბუდას გარეშე)
აბლაბუდასთვის
- 200 გრ შავი შოკოლადი
ტორტისათვის
2 ჭ ფქვილი, 1 ¼ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჭ მდუღარე წყალი, ¾ ჭ კაკაოს ფხვნილი,
½ ჭ რძე, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 200 გრ კარაქი, 1 ¼ ჭ ლერწმის შაქარი, ¾ ჭ შაქარი,
თბილ წყალში შემთბარი 4 დიდი კვერცხი (გასათბობად კვერცხები თბილ წყალში 10 წუთი გააჩერეთ)
ყავის ბეზესათვის:
3 კვერცხის ცილა, 1 ½ ჭ შაქარი, 6 ს/კ წყალი, 1 ½ ს/კ ხსნადი ყავის ფხვნილი
გავაცხელოთ ღუმელი 180°C-მდე. მოვამზადოთ 23 სმ დიამეტრიანი ტორტის გამოსაცხობი
სამი მრგვალი ფორმა - წავუსვათ კარაქი, ჩავუფინოთ პერგამენტი და გვერდებზე მოვაყაროთ
ფქვილი (ზედმეტი ფქვილი გადმოვფერთხოთ). პატარა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა
და მარილი. მეორე ჯამში მდუღარე წყალში გავხსნათ კაკაო, ჩავათქვიფოთ რძე და ვანილის
ექსტრაქტი. კარაქი შაქართან ერთად ელექტრომიქსერით ავთქვიფოთ, სანამ კრემისებურ მასას
არ მივიღებთ (დაახლოებით 3 წუთი). კვერცხები ჩავუმატოთ თითო თითოდ და კარგად ავთქვიფოთ.
ძალიან დაბალ სიჩქარეზე სამ ეტაპად დავუმატოთ ფქვილი და კაკაო - დავიწყოთ ფქვილის ნახევრით,
ვთქვიფოთ, მერე ჩავათქვიფოთ კაკაოს ხსნარი და თქვეფა დარჩენილი ფქვილის ჩამატებით დავამთავროთ.
ცომი ფორმებში გავანაწილოთ და გამოვაცხოთ. ბისკვიტი რომ ფორმის კედლებს მოშორდება და
შუაში ჩარჭობილი ხის ჩხირი მშრალი ამოვა, გამოვიღოთ (დაახლოებით 20-25 წუთი დასჭირდება).
ბისკვიტები ფორმაშივე გავაჩეროთ. 20 წუთის შემდეგ, გადმოვატრიალოთ, ლანგარზე გადმოვიღოთ
და ბოლომდე გავაციოთ.
სანამ ბისკვიტი გრილდება: პერგამენტისგან 23 სმ-ის დიამეტრის წრე გამოვჭრათ
და ზემოდან აბლაბუდა და (თუკი საკუთარი ხატვის ნიჭი ხელს გიწყობთ) თვით ობობაც დავახატოთ
მუქი ფერის ფლომასტრით, ნახატი პერგამენტის მეორე მხრიდან რომ გამოჩნდეს. პერგამენტი
ამოვატრიალოთ. შოკოლადი გავადნოთ და შოკოლადიანი ჯამი მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე შემოვდგათ
(უცებ რომ არ გაგვიცივდეს) და კარგად მოვურიოთ, უფრო პრიალა რომ გახსეს. ოდნავ შეგრილებული
შოკოლადი წვრილთავიან საკონდიტრო ტომსიკაში ჩავასხათ და პერგამენტზე ჩვენი შაბლონის
მიხედვით ჯერ შოკოლადის აბლაბუდის კონტურები დავხატოთ და მერე ობობაც მივაყოლოთ. შოკოლადის
ნახატი 1 საათით საყინულეში შევდგათ გასამაგრებლად.
ბეზეს ინგრედიენტები ცეცხლგამძლე ჯამში ჩავყაროთ და ჯამი მდუღარე წყლის
აბაზანაზე შემოვდგათ. დაბალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ, შაქრის გადნობამდე მერე კი თქვეფა
მაღალ სიჩქარეზე გავაგრძელოთ დაახლოებით 7-10 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და 5 -10
წუთი შეგრილება ვაცადოთ.
ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ ბეზეს 1/3 და თავზე მეორე ბისკვიტი დავადოთ,
იმასაც წავუსვათ ბეზე და თავზე მესამე ბისკვიტი დავაფაროთ. ტორტს თავზე და გვერდებზე
ბეზე წავუსვათ და ზევიდან უკვე გაცივებული და გამაგრებული შოკოლადის აბლაბუდით და ობობით
მოვრთოთ. ტორტი განსაკუთრებულად გემრიელია 4 საათი თუ ჩავაცივებთ.
დესერტის კიდევ
ერთი ვარიანტი: თვალდაჭყეტილი ქაფქეიქები (Eyeball Cupcakes)
ამისთვის დაგჭირდებათ
ნებისმიერი მზა ქაფქეიქები (მაგალითად „7Day“), ნებისმიერი თეთრი სარკალა, ჟოლოს ან
ნებისმიერი წითელი ხილის ჯემი და საღეჭი ჟელატინის კამფეტები.
ვანილის სარკალა:
½ ჭ დარბილებული კარაქი, 4 ჭ შაქრის პუდრა, ½ ჩ/კ მარილი, 1/3 ჭ რძე, 1 ჩ/კ ვანილის
ექსტრაქტი
საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და თანდათამობით დავუმატოთ შაქარი,
მარილი, რძე და ვანილი და ვთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე.
მზა ან საკუთარი ხელით გამომცხვარ ნებისმიერი ჯიშის კაფქეიქებს თავზე გადავსუვათ
თეთრი სარკალა. ჯემი შევათბოთ და ჩავასხათ ძალიან წვრილ თავიან საკონდიტრო ტომსიკაში
და სარკალაზე „სისხლძარღვები“ დავახატოთ. კექსების შუაგულში მოვათავსოთ ჟელატინის კამფეტებისგან
დამზადებული თვალის ბაიები. საჭირო ფორმის კამფეტებს თუ ვერ ნახავთ, პრობლემა არაა,
იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება შუაზე გაჭრილი მწვანე ყურძნის მარცვლებით. ისინი ამობურცული
მხარით ზემოთ მოვათავსოთ თეთრ სარკალაზე და თითო წვეთი გამდნარი შოკოლადით თვალის გუგებიც
დავახატოთ.
მოგეხსენებათ, „ჰელოუინზე“ კარს მომდგარ მცირეწლოვან „მოძალადეებს“ ფულს
ან ტკბილეულს ჩუქნიან. ამ დროს განსაკუთრებულად პოპულარულია ხის ტარზე წამოცმული დაკარამელებული ვაშლები. სიმართლე
გითხრათ, ასეთი ვაშლი დიდი გემრიელობით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან ლამაზია და თან
„ჰელოუნი“ მის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ჩვენი ახალი წელი უგოზინაყოდ.
მოკლედ, თქვენთვის შედარებით „დანავაროტკებული“ რეცეპტი შევარჩიე:
ვაშლი წითელი
ღვინის კარამელში (Red Wine Caramel Apples)
8 ცალი პატარა
ზომის ვაშლი, 1 ½ ჭ წითელი ღვინო, 2 ჭ შაქარი, ½ ჭ წყალი, 6 ს/კ ცხიმიანი ნაღები,
8 ცალი ხის ჯოხი
www.epicurious.com |
ხის ტარები რაც შეიძლება ღრმად ჩავარჭოთ ვაშლებში ყუნწი სადაც ქონდათ იმ
ადგილიდან. პერგამენტის ქაღალდი დავცხიმოთ. საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცლზე ღვინო წამოვადუღოთ
და ცეცხლზე დავტოვოთ სანამ ½ ჭ-მდე არ ამოორთქლდება (დაახლოებით 8-10 წუთი). გადმოვდგათ
ცეცხლიდან. შაქარი და წყალი პატარა ტაფაზე მოვათავსოთ და ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ
შაქრის ბოლომდე გადნობამდე. ქვაბის გვერდებიდან ცივ წყალში ამოვლებული ნიჩბით შაქრის
კრისტალები ბოლომდე ჩამოვწმინდოთ. სიროპი დავტვოთ ცეცხლზე და იდუღოს, ნუღარ მოვურევთ.
სიროპი რომ გამუქდება და დაკარამელდება დავუმატოთ ღვინო (კარამელი აბუყბუყდება და ორთქლს
აუშვებს, ნუ შეგეშინდებათ), ტაფა შიგადაშიგ შევანღრიოთ. დავუმატოთ ნაღები და ცოტა ხანი
კიდევ გავაჩეროთ. კარამელი კარგად რომ შესქელდება, ქაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. ხის
ჯოხის მეშვეობით ვაშლები სათითაოდ ამოვავლოთ კარამელში, ისე რომ ყველა მხრიდან კარგად
დაიფაროს. დაკარამელებული ვაშლები გასაშრობად ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე დავალაგოთ.
დაახლოებით 30 წუთში მზა იქნება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment