Tarte Tatin - ტორტი ტატენი ვაშლით კერტის სტოუნის რეცეპტით

Approved by Natia Jinjolava


ინგრეიენტები: 200 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1 ჭ შაქარი, 2 ცალი ვანილის ჩხირი, 4 ცალი შუაზე გაჭრილი, გულამოღებული და გათლილი მწვანე ვაშლი, 2 ცალი შუაზე გადატეხილი დარიჩინის ჩხირი, ნახევარი კილო ფენოვანი ცომი
კარამელისათვის: 1 ჭ შაქარი, 1 ჭ ასათქვეფი ნაღები
მომზადების წესი:
1. სქელძირიან სპილენძის გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი საკმაოდ სქლად ფსკერზეც და კედლებზეც (შეგვიძლია 2 პატარა ფორმაში ორ ნაწილად გამოვაცხოთ, უფრო ლამაზი და მოხერხებული ზომის გამოვა). კარაქს სქლად მოვაყაროთ შაქარი. ვანილის ჩხირებიდან თესლი გამოვფხიკოთ და შაქარს მოვაყაროთ. თვითონ ჩხირები დროებით გვერდზე გადავდოთ.
2. ტორტის ფორმა საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ სანამ შაქარი არ გადნება. გამდნარი შაქარი როგორც კი შეოქროსფერდება, ტორტის ფორმა ცეცხლიდან გადმოვდგათ. კარამელში ჩავალაგოთ ვაშლის ნახევრები გაჭრილი მხარით ზემოთ. ვაშლის ნაჭრებს შორის მოვათავსოთ დარიჩინისდა ვანილის ჩხირები. ტორტის ფორმის ზომაზე გაბრტყელებული ფენოვანი ცომი და ვაშლებს გადავაფაროთ, ისე რომ ცომმა ვაშლის გვერდები კარგად დაფაროს. ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ.
3. გამზადებული ტორტი 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ, მანამდე კი ღუმელი 180 °C-მდე გავახუროთ. მაცივრიდან გამოღებული ტორტი გახურებულ ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ დაახლოებით 20-25 წუთი, ან სანამ ცომი ოქროსფრად არ დაიბრაწება. გამზადებული ტორტი გამოვიღოთ და 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ.



4. კარამელის სოუსისთვის საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ შაქრიანი ქვაბი. დაველოდოთ შაქრის გადნობას (ყურადღებით ვიყოთ, რომ შაქარი არ დაგვეწვას). გამდნარი კარამელი როგორც კი შეოქროსფერდება დავუმატოთ ნაღები და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ცეცხლიდან გადმოვდგათ და ოდნავ შევაგრილოთ.
5. ტორტიანი ფორმა მაღალ ცეცხლზე სულ ცოტა ხნით შემოვდგათ (გვერდებზე მიმხმარი კარამელი რომ გადნეს), მერე ზემოდან თეფში დავაფაროთ და გადმოვატრიალოთ. ვანილის და დარიჩინის ჩხირები ავაცალოთ. ტორტს თავზე კარამელის სოუსი მოვასხათ და გემრიელად მივირთვათ!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment