28.10.11
შინდის ტორტი
Approved by
ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 12 ს/კ შაქარი, 12 ს/კ ფქვილი, მარილი და სოდა
დანის წვერზე, 1,5 ს/კ მდუღარე წყალი, 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
კრემისთვის: 500 გრ ყველი მასკარპონე, 4-5 ს/კ შაქრის პუდრა; 100 გრ გახეხილი
შინდის ჯემი
ბეზესთვის: 4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი, 4-5 ს/კ გახეხილი შინდის ჯემი
დასანამად: ალუბლის ან შავი მოცხრის ლიქიორი
დავიწყოთ ბისკვიტით: გავახუროთ ღუმელი. დაცხიმულ ტორტის ფორმაში ფსკერზე
ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ.
ცილებს დავუმატოთ მარილი დანის წვერზე და ვთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე. ბეზე კარგად
რომ აითქვიფება, თითო-თითოდ ჩავათქვიფოთ 10 ს/კ შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის
გულები, ვანილიანი შაქარი და 2 ს/კ შაქარი, თქვეფისას დავუმატოთ 1,5 ს/კ მდუღარე წყალი
(მდუღარეს კვერცხში პირდაპირ თუ ჩაასხამთ და ეგრევე არ მოურევთ, კვერცხი მოიხარშება!).
გულები კარგად რომ აითქვიფება და სუნს დაკარგავს, წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცილებში, მერე თითო-თითო კოვზად
მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ან ხის კოვზით ჩავაყაროთ ფქვილი და სოდა. კარგად
და ფრთხილად ამოვურიოთ, მზა ცომი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე
დაახლოებით 40 წუთი. მზა ბისკვიტი ფორმიდან ამოვიღოთ და გავაცივოთ.
მასკარპონეში გადავურიოთ შაქრის პუდრა უბრალოდ კოვზით ერთგვაროვანი მასის
მიღებამდე. შაქრის პუდრას ოდენობა საკუთარი გემოვნებით შეამცირეთ ან დაუმატეთ. ოღონდ
გახსოვდეთ, რომ მასკარპონე ძალიან ადვილად ტკბება და ფრთხილად იყავით ზედმეტი არ მოგივიდეთ
და ვანილიც არ გინდათ, ვანილით მასკარპონეს ნატურალურ სინაზეს დააკარგვინებთ.
ბისკვიტი რომ გაცივდება გავჭრათ ჰორიზონტალურად 2 ან 3 ფირფიტად. ყოველი
ფირფიტა დავნამოთ და მერე წავუსვათ ჯერ ჯემის
თხელი ფენა, მერე კრემი. ფირფიტები ერთმანეთს შემოვადგათ.
მოხარშული ბეზე რომ გავაკეთოთ, ამისთვის გაზზე დიდი ქვაბით დავადგათ წყალი
ასადუღებლად. ამ ქვაბში ჩასადგმელად რომ გამოდგება ისეთ ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილები
და შაქარი. ჯამს ქვაბში რომ ჩავდგამთ მდუღარე წყალი ქვაბის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს,
ბეზე ხომ ორთქლზე უნდა მოიხარშს. მოკლედ, წყალი რომ ადუღდება ქვაბზე ჯამი შემოვდგათ და დავწიყოთ
თქვეფა აუცილებლად მიქსერით. 15 წუთი უნდა ვთქვიფოთ. სადღაც მეათე წუთიდან დავიწყოთ ბეზეში შინდის ჯემის
ჩამატება. 15 წუთის თავზე თბილი ბეზე საკონდიტრო შპრიცში გადავიტანოთ და ტორტი მოვრთოთ.
მოხარშულ ბეზესთან დაკავშირებით ერთი რამ გაითვალისწინეთ: ხარშვა თუ დააკლდა, ბეზე
ზეფირივით ნაზი გამოდის, მაგრამ მაშინ უცებ უნდა მორთოთ, თორემ გაციებასთან ერთად მორევას
ვეღარ იტანს სიპრიალეს კარგავს და „იჭრება“. თუ ზედმეტად გადაგეხარშათ, გამომცხვარი ბეზესავით ხმება და
ამ შემთხვევაშიც უნდა იჩქაროთ მორთვისას. რაც მთავარია, ბეზე არც ერთ შემთხვევაში არ
ფუჭდება! ტორტი შეგიძლიათ დამატებით მორთოთ და გაალამაზოთ ნებისმიერი წითელი ფერის
კენკრით.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment