4.10.11
ნაწილი II - ნამდვილი პარიზელები
Approved by
პარიზის ქუჩებში სიარულისას ან მეტროში მგზავრობისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ ტიპიური პარიზელი, ისეთი, როგორიც ფრანგული ლიტერატურიდან წარმოგვედგინა, ბუნებაში არ არსებობს - ქუჩაში მოსეირნე (ტურისტები გადაადგილდებიან ან სირბილით, ან უკეთეს შემთხვევაში, ჩქარი ნაბიჯით), ფრანგულად მოლაპარაკე (თუნდაც აქცენტით) და ქალაქის ქუჩების მცოდნე (რუკა არ უჭირავთ და ყველა გზაჯვარედინზე გზას არ კითხულობენ) ადამიანები, რომლებსაც მე პარიზელებად მივიჩნევდი, ძირითადად შავკანიანები ან მულატები არიან, მათ შორის ბევრია აშკარად ინდოჩინური წარმოშობისაც.
და აი, ისეთ პარიზელებს, ჩემი წარმოდგენით რომ უნდა ყოფილიყვნენ, შემთხვევით მცირე სასახლეში (Le Petit Palais) გამართულ, ჩვენთვის უცნობი მხატვრის (Jean-Louis Forain) გამოფენაზე გადავწყდით. გამოფენაზე შემთხვევით აღმოვჩნდით: სასახლის ძირითადი ექსპოზიციის დასათვალიერებელი ბილეთების შეძენისას ამ გამოფენის ბილეთებიც შემოგვთავაზეს და რატომღაც უარი არ გვითქვამს, თუმცა უცნობი ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერებაზე დროის დაკარგვას სულაც არ ვაპირებდით - პარიზში ხომ იმდენი რამეა სანახავი, რაც უფრო მნიშვნელოვნად და აუცილებლად გეჩვენება!
ასე შემთხვევით აღმოვჩნდით ძალიან საინტერესო გამოფენაზე. მხატვარიც საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა და გამოფენაზე მოსული საზოგადოებაც - სპეციალურ გორგოლაჭებიან სავარძლებში (ჩვენთან ”ინვალიდისას” რომ ეძახიან) მოკალათებული, მეტწილად სულაც არაინვალიდი, ძალიან მოხუცი ”ბებიები” და ”ბაბუები”, რომლებსაც შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მოაგორებდნენ, შიგადაშიგ 40-50 წლის ქალები და მამაკაცებიც გამოერეოდნენ ხოლმე. უკლებლივ ყველანი (ასაკის მიუხედავად) გამოირჩეოდნენ ჩაცმულობითა და ქცევით - ჩანდა, რომ საგანგებოდ გამოპრანჭულიყვნენ. ღია, ნათელი პასტელის ფერის ტანსაცმელი, ქალებზე ზომიერი სიგრძის კაბები, სამკაულები, საშუალო სიმაღლის, მაგრამ აუცილებლად ქუსლიანი ფეხსაცმელი, სახეებზე კოსმეტიკის ოდნავი შეხების კვალი; მამაკაცებზე ასევე ღია ფერის შარვალ-კოსტუმები, ზოგჯერ ჰალსტუხიც კი.
აქ მივხვდი ბოლოსდაბოლოს, რა არის ის ”პარიზული შიკი”, ხშირად რომ მსმენია და რომ ვერ წარმომედგინა. ზუსტი ახსნა ახლაც გამიჭირდება, ეს რაღაც უხილავია, იგრძნობა ჰაერშიც კი, იმაშიც, თუ როგორ ჩერდებოდნენ თითოეულ სურათთან, აკვირდებოდნენ დეტალებს, შემჩნეულ წვრილმანებს ერთმანეთს უზიარებდნენ, ძალიან ხმადაბლა საუბრობდნენ და მშვიდად კიდევ და კიდევ უბრუნდებოდნენ უკვე ნანახს. ჩანდა, რომ მათი სათუთი დამოკიდებულება თავიანთი წარსულის, ფესვების, წინა თაობის მიმართ.,.
მეორედ ტიპიურ ფრანგულ საზოგადოებას ლუქსემბურგის ბაღში წავაწყდი, ოღონდ სულ სხვა ვითარებაში. რა თქმა უნდა, ბაღი ულამაზესია, მაგრამ სილამაზესა და გრანდიოზულობას პარიზში უკვე შევეჩვიეთ. ამჯერად გაგვაოცა ბაღში მოსეირნე, უფრო სწორად, მჯდომარე ადამიანების ქცევამ. აი, ნამდვილი თავისუფლება! ბაღში გამოფენილი საზოგადოება ისვენებდა, ყველა თავისებურად: ასაკში შესული მამაკაცები ჭადრაკს თამაშობდნენ ან მშვიდად ბაასობდნენ, ახალგაზრდა დედები საბავშვო მოედანთან შეჯგუფებულიყვნენ ან პატარებს ეტლით დაასეირნებდნენ, წყვილები ხის ქვეშ ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ვიღაცას სულაც სკამზე ეძინა, ვიღაცა ტრუსის ამარა დარბოდა, მაგრამ დამსვენებლების ძირითადი ნაწილი მეტად თავისებურ და ჩვენს ბაღებში წარმოუდგენელ პოზებში მზეს ეფიცხებოდა: ერთ სკამზე ისხდნენ, მეორეზე კი ფეხები შემოეწყოთ და წიგნებს კითხულობდნენ.
ჩვენც ვცადეთ. მით უფრო, რომ საღამოხანი იყო და უკვე ძალიან დაღლილები ვიყავით. ავიღეთ ორ-ორი სკამი და მოფარებულში (სხვანაირად ვერც შევძლებდით) სკამებზე ფეხები შემოვაწყვეთ.
მესამედ ფრანგები სორბონის შესასვლელში ვნახეთ. ჩანდა, რომ რაღაც ღონისძიებაზე მიიჩქაროდნენ. ძირითადად, წყვილ-წყვილად. განსაკუთრებული არაფერი ეცვათ, მაგრამ შესამჩნევები კი იყვნენ. ალბათ ისევ იმ ყბადაღებული ფრანგული შიკის ბრალია. არ ვიცი, ძალიან კი მომეწონენ. მომეწონენ და მათი თავისუფლების შემშურდა, საშინლად მომინდა თავდაჯერებულობის, სილაღის და სიამაყის ასეთ ხარისხს ოდესმე ჩვენც მივაღწიოთ...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო
0 კომენტარი.:
Post a Comment