Pizza Rustica - პიცა რუსტიკა ანუ სააღდგომო პიცა

Approved by Natia Jinjolava


ამერიკაში ემიგრირებული იტალიელები ყოველ აღდგომას საგანგებო ღვეზელსს, ანუ დახურულ პიცას - „რუსტიკას“ აცხობენ, რომელიც ძალიან, ძალიან გემრიელია და სულ არ გავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ პიცას. ამ უგემრიელეს სააღდგომო ღვეზელს იტალიის სხვადასხვა რეგიონებში „Torta Pasqualina“, „Pizza Rustica“,  „Pizza Chiena“-ს ან  „Tortano“-ს ეძახიან და ლორის, ძეხვი სალიამის, წიწაკის, ყველი პეკორინოსა და მაგრად მოხარშული კვერცხის გულსართით ამზადებენ. „რუსტიკას“ გასინჯვა თბილისშიც შეიძლება პიცერია „ფანტასტიკოსში“, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ორიგინალთან მაინცდამაინც დიდი მსგავსებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა გემრიელი ნამდვილადაა.
დღეს ცნობილი ამერიკული საკონდიტროს „Carlo’s Bakery“-ს მფლობელი ბადი ვალასტროს (Buddy Valastro) საოჯახო საფირემო რეცეპტის ადაპტირებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

პიცა რუსტიკა
(მომზადების დრო: 2 ½ საათი და კიდევ ცოტა ხანი სანამ შეგრილდება)
ცომისათვის: 6 ჭ ფქვილი და კიდევ ცოტა მეტი ყოველი შემთხვევისთვის, ¼ ჩ/კ მარილი, 450 გრ კარგად ჩაცივებული და დიდ ნაჭრებად დაჭრილი მარილიანი კარაქი, 5 დიდი ზომის კვერცხი (ათქვეფილი)
გულსართისათვის: 350 გრ ლორი პროშუტო 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ მოხარშული ლორი 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ძეხვი პეპერონი 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ძეხვი „სოპრესატა“ 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ყველი მოცარელა 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ყველი პროვოლონე 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 900 გრ ყველი რიკოტა, 100 გრ გახეხილი ყველი პეკორინო რომანო, 10 დიდი ზომის კვერცხი (ათქვეფილი), 1 ჩ/კ წიწაკა, 1 დიდი კვერცხი (ათქვეფილი) ცომზე გადასასმელად

ცომისათვის: დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში ავურიოთ 6 ჭ ფქვილი და მარილი. ორი დანის ან დიდი ჩანგლის დახმარებით ჩაცივებული კარაქი ცომში რაც შეიძლება წვრილად ჩავაჭრათ და მანამდე ვჩეხოთ, სანამ ქადის გულის მსგავს მასას არ მივიღებთ. ჩავუმატოთ ათქვეფილი კვერცხები და დაახლოებით 1 წუთი ვზილოთ. დავუმატოთ 1 ¼ ძალიან ცივი წყალი ცოტ-ცოტაობით და ვზილოთ სანამ ერთგვაროვან ცომს არ მივიღებთ. მერე ცომის გუნდა ჯამიდან ამოვიღოთ და ფქვილმოყრილ დაფაზე ვზილოთ და ვაგორაოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით გვერდზე გადავდოთ.
გულსართისათვის ძეხვეული, ყველეული, წიწაკა და 10 ათქვეფილი კვერცხი დიდ ჯამში ერთმანეთში ავურიოთ.
ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. ცომი ორ არათანაბარ ნაწილად გავყოთ, 2/3 წილი ფსკერისათვის და 1/3 თავზე გადასაფარებლად. ცომის უფრო დიდი ნაწილი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ და 25სმX40სმ-ზე ოთკუთხედ საცხობ ფორმაში ამოვაფინოთ, ისე რომ ცომის ბოლოები კიდეებზე ცოტათი გადმოეფინოს. ჩავყაროთ გულსართი და ფრთხილად დავტკეპნოთ. ცომის გადმოფენილი კიდეები წყალში დასველებული თითით დავასველოთ. დარჩენილი ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ და ზემოდან გადავაფაროთ. ღვეზელს კიდეები კარგად შემოვუკეცოთ. ღვეზელის ზედაპირი ჩანგლით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ. ღუმელში შევდგათ და 45 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, თავზე ათქვეფილი კვერცხი გადავაუსვათ და კიდევ 45 წუთი ვაცხოთ.
რუსტიკას ცხლად არ ჭამენ, სანამ მიირთმევთ, ბოლომდე გააგრილეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


პროფესორი ღამბაშიზე და ქილა თაფლი

Approved by Natia Jinjolava


ერთ მოხდენილი, კარგი მოსაუბრე, ძლიან მხიარულ, კეკლუც და საწინააღმდეგო სქესში საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე ახალგაზრდა ქალს ვიცნობდი, რომელსაც „რაღა დაგიმალოს“ სტილის ეკონომიური კაბები უყვარდა და მოდაზე ჩაცმის გიჟი იყო. დღენიადაგ გამოპრანჭული დაიარებოდა ხან ვარდისფერი მელირებით, ხანაც შაბიამნისფრით. ერთი სიტყვით, სუპერმოდური და დროსტარების დიდად მოყვარული არსება გახლდათ.

ცხოვრების სტილიდან და სამეგობრო წრიდან გამომდინარე, ქალს გარს სულ ახალგაზრდა კაცები ეხვეოდნენ: წარმატებულები, თამამები, ფულიანები, ბევრის მნახველები და კიდევ უფრო ბევრის შემოთავაზების შესაძლებლობის პატრონები... მაგრამ მისი ერთდერთი არსად ჩანდა. და ერთხელაც, სად და როგორ აღარ მახსოვს, გაიცნო ბევრად უფროსი, დარბაისელი, დინჯი, საზოგადოებაში პატივცემული და ყურებამდე შეყვარებული პროფესორი... ვთქვათ, ვინმე ღამბაშიძე.


გოგო აღფრთოვანდა, გახარებული და ფრთებშესხმული დაფრინავდა. ცხოვრებას შეყვარებული თვალებით უყურებდა, პარიკმახერთან და მანიკურშასთან ბევრად უფრო ხშირად დარბოდა. ცდილობდა თვითონაც უფრო ჭკვიანი და გონიერი გამოჩენილიყო - კროსვორდების შევსებაც კი სცადა. მეგობრებს თავის ბედს ახარბებდა... საჭმელს ისევ რესტორანში ჭამდა, ყავას ისევ  მეზობლებში სვამდა და დრო ასე გადიოდა...
ახალი წლის დამდეგი საღამო იყო, როცა ნაძვის ხესავით გამოპრანჭულ და საზეიმოდ მოკაზმული გოგო ჩემთან აღდრთოვანებული ჭყლოპინით შემოვარდა: „პროფესორმა ღამბაშიძემ (კაცს მეტისმეტი სიყვარულისაგან და სიამაყისაგან ასე მოიხსენიებდა) დამირეკა, შენთვის სურპრიზი მაქვსო და ალბათ ცოლობა უნდა მთხოვოს, სახლში მარტო ვერ ვჩერდები და შენთან დაველოდებიო“, შემეხვეწა.
ცოტა ხანში კაცმა დარეკა, სადარბაზოსთან გელოდებიო. ქალი ლიფტს ვერ დაელოდა და რვა სართული სულ ორ-ორ საფეხურზე გადახტომით ჩაირბინა. დარბაისელმა და მეოჯახე პროფესორმა სატრფოს მანქანაში ნიშნობის ბეჭედის ნაცვლად ვარდისფერი ცელოფნის ერთჯერად პაკეტში ჩალაგებული საახალწლო ნობათი დაახვედრა. გოგოს პარკის დანახვა კი არ ემაა, მაგრამ, იახტიბარი არ გაიტეხა, მოგეხსენებათ, რომ იმედი ბოლოს კვდება და საჩუქარი ხელების კანკალით გახსნა: მინიმუმ ბოლო მოდის სუნამო იქნებაო და პაკეტში 2 კგ კარტოფილი, მაიონეზის ქილით თაფლი და პატარა ჩიჩილაკი აღმოაჩინა - ახალი წლის სუფრაზე გამოგადგებაო...
აღარ მოგიყვებით საბრალო ღამბაშიძეს კარტოფილები სათითაოდ თავში როგორ მოხვდა (კიდევ კარგი, მხოლოდ 2 კილო იყო) და რა მაღალმხატვრული შინაარსის სიტყვებით ამკობდნენ... მაგრამ ისტორია ამითი არ დამთავრებულა: რასაკვირველია, გოგო მაშინათვე უკან ამოქანდა და ეს ყველაფერი ქართული ქუჩური ფოლკლორის ენაზე სულქმოუთქმელად მომაყარა. ცოტა რომ დაშოშმინდა, ერთად გულიანად ვიცინეთ და წავლის წინ ცალყბად მთხოვა - ნურავის ეტყვიო.
მეც, პირობა შეძლებისდაგვარად შევუსრულე (ასეთ ამბავს აბა, რა გული დაიტევდა!) და ჩემი ოჯახის წევრების გარდა არსად მომიყოლია. თან მამა მკაცრად გავაფრთხილე (ღამბაშიძეს იცნობდა), რომ არსად, არავისთან და მით უმეტეს, ჩემს ნაცნობთან არ მოეყოლა და არ შეემჩნია საერთოდ რამე რომ იცოდა... რამდენიმე თვეში, ჩემს დაბადების დღეზე, რომელზეც ამ ისტორიის გმირიც და ჩემი ოჯახის წევრებიც ბედის ირონიით ერთ მაგიდასთან მოხვდნენ მამაჩემმა დაიჩივლა: ზოგს რა ბედი აქვს, მე კი არაფერში არ მიმართლებსო. ყველანი დავინტერესდით რა უჭირდა. და მანაც „გაგვიმხილა“: ამ ახალ წელს ერთ ლამაზ ქალს საჩუქრად ერთი კალათა წითელი ვარდები, შამპანურები, შემწვარი გოჭი, ინდაური, 2 ტომარა კარტოფილი და უზარმაზარი ტორტი მივართვი და მადლობაც არ უთქვამს. აგერ, ერთმა ჩემმა კოლეგამ - ღამბაშიძემ კი ქალს 2 კილო კარტოფილი და 1 შოკოლადის ფილა მიუტანა და ზედ ყვებიანო. ნეტა, ასეთი მადლიერი და კარგი ქალი მეც შემახვედრა, მერე ბედნიერი ვიქნებოდიო...
ის იყო, მაგიდის ქვეშ ჩასაძრომად და „გაყიდული“ მეგობრისგან შურისძიების მოლოდინში დასამალად გავემზადე, რომ სუფრის მეორე ბოლოდან უკვე საკმაოდ შეზარხოშებული ჩემი ნაცნობი გოგოს ხმა მომესმა: „მე ვარ ეგ ქალი, ზაური ბიძია, მე ვარო“...




საუკეთესო სურვილეით, თქვენი ხულდურ ბოკი

სუფრაზე თამადაზე უკეთესად და დიდხანს ლაპარაკი უწესობაა

Approved by Natia Jinjolava


ალბათ ძალიან ბევრის წყრომას და შეიძლება სამართლიანსაც დავიმსახურებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ქართული ტრადიციული სუფრა, თავისი ტრადიციული სადღეგრძელოებით, დაწყებიდან სადღაც 2-3 საათის შემდეგ სასტიკად მწყინდება... სხვისი არ ვიცი და ძალიან მღლის ერთი და იგივე თემაზე, ანუ თითოეულ სადღეგრძელოზე 30 კაცის ერთი და იგივე აზრის ოცდაათჯერ შთაგონებული და ბედნიერი სახით მოსმენა. განსაკუთრებით მას მერე, თანამეინახენი რომ დათვრებიან და გონიათ რომ ყველაზე კარგი სადღეგრძელო ისაა, რომელსაც სხვებზე დიდხანს გაწელავ, თანაც ისეთ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, მეგობრობა, სიყვარული, ანუ რაზეც ახალს და აქამდე შენგან წარმოუთქმელს და სხვებისგან მოუსმენელს ვერაფერს იტყვი.
ქართული სუფრა, თავისი კლასიკური და ქრესტომათიული გაგებით მართლაც საოცარი რამაა, მაგრამ რეალობაში: „გაჩუმდით!“... „მოუსმინეთ!“... „კაცი სადღეგრძელოს ამბობს!“... და ხშირ შემთხვევაში ეს შეძახილები სკმაოდ აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ხასიათსაც ატარებს. სხვათა შორის, იგივე სუფრაზე მეც გასართობად ვარ მისული და მეც სუფრის სრულფასოვანი წევრი ვარ. ვიღაცის ნაბჟუტურებმა თუ ვერ დამაინტერესა, გვერდით მჯდომთან საუბარი მაინც მაცალონ. თუ, მთვრალი კაცების უაზრო ბოდიალით აღფრთოვანებული ტკბობა სუფრაზე მიპატიჟებისთვის გასაღები აუცილებელი საზღაურია? ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის. ან ზარხოშის მატებასთან ერთად, რომ ავიწყდებათ უკვე რა დალიეს და ისევ და ისევ ახსენდებათ მეგობრობა და ბედნიერი მომავალი ან სრულიად უცნობი ადამიანები სავალდებულოდ რომ თვალიან გადღეგრძელონ და ცამდე აგიყვანონ? შენ კი უნდა იდგე მადლიერებით სავსე მზერით, უსმინო სათითაოდ სანამ მორჩებიან შენი პერსონის „ნამდვილი ქართველი ქალის“ ან „არაჩვეულე ადამიანს“  ეპიტეტებით შემკობას, იხადო მადლობები და გულაჩუყებულმა იქსუტუნო.  
ახლა, ლექსებიანი სადღეგრძელოები? პირველად შეიძლება მართლაც კარგი მოსასმენი იყოს, მაგრამ პოეზიისმოყვარული თამად თუ ახლობელია, მაშინ განწირული ხართ სუფრიდან სუფრამდე ლებანიძის, მაჭავარიანისა და გალაკქტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსი ისმინოთ. ან იმ სადღეგრძელოს რა ვუთხარი, სახლში, სარკესთან რომაა წინასწარ მომზადებული და სკოლის თემასავით „საზეპიროებითაა“ გაზავებული.
მაგრამ ამ ყველაფერზე სხვა დროს: ამას წინათ რამდენიმე სუფრაზე ისეთი „ახალმოდური“ სადღეგრძელოები მოვისმინე, რომ ვატყობ, რაზეც ზედა ორ აბზაცში ვიწუწუნე, მალე სანატრელი გამიხდება. ჯერ წინაისტორიით დავიწყებ. მეგონა რომ უკვე მოძველებური და ნაფტალინმოყრილი „სამი ჩ“-ს (ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრის), სადღეგრძელოზე უაზროს ვერასდროს ვერაფერს მოვისმენდი, მაგრამ მალევე მომასმენინეს - „ოთხი ჩ“-ს სადღეგრძელო ანუ „ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრის“. სიტყვა „ჩათლახური“ როგორ შეეფერება და ზუსტად ასახავს იდეალური ქართულის სუფრის სულს ამაზე აღარ გავაგრძელებ. ყველა სიამოვნებით სვამდა და შეიძლება აღფრთოვანება არ გამოუხატავთ, მაგრამ რატომღაც არავის გაჩენია პროტესტის გრძნობა. თუმცა, ასეთი სადღეგრძელოები გემოვნების საკითხი უფროა და ამიტომ მათ არსებობას მაინცდამაინც არ შევუწუხებივარ.
ჩემი პირველი შეშფოთება დაახლოებით ხუთი წლის წინ მოსმენილმა საკუთარი თავის სადღეგრძელომ გამოიწვია, როცა ბავშვის ნათლობაზე, სუფრის ბოლოსკენ, ორმოცდაათს გადაშორებული მასპინძელი (ბავშვის ბაბუა) ადგა, თამადას ერთი სადღეგრძელო ნება თხოვა და „მსოფლიოში მისთვის ყველაზე საპატივცემულო და საყვარელი ადამიანი“ ანუ საკუთარი თავი ადღეგრძელა. მისმა შვილმა, იქვე ამაყად გამიმხილა, რომ ეს მათი ოჯახის საგვარეულო სადღეგრძელოა და ყველა სუფრაზე აუცილებლად მიირთმევენ... კი შევიშმუშნე, მაგრამ ასეთი არატრადიციულქართულსუფრულობა მათ სისვანეს მივაწერე. თუმცა, ზოგადად ტენდენცია არ მომეწონა - ხომ შეიძლება ვინმე სუსტი ნებისყოფის კომპლექსიანმა სტუმარმა მოისმინოს, მოიწონოს და თავის ოჯახშიც გაიმეოროს? ქართული სუფრა სტუმრის პატივსაცემად იშლება და არა საკუთარი თავის სადიდებლად. 
ახლა ცოტა შორიდან უნდა მოვუარო. ბევრი არ დაფიქრებულა, მაგრამ სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელოს რომ სვამენ, ამას თავისი ტრადიცია აქვს: ზოგადად ქალის არსებობა კი არ უხარიათ, ასე იმ დიასახლისებს უხდიდნენ მადლობას, რომლებმაც პურმარილი გაამზადეს და მერე სუფრას ემსახურებოდნენ. ეს იმ დროიდან მოდის, როცა „ოდეს ყოფილ არს აქამომდე დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური“, რომ იყო და ქალები მაგიდასთან კაცების გვერდით არ ისხდნენ. ერთი სიტყვით, მშვენიერი ტრადიციაა და ამ სადღეგრძელოს ქართულ სუფრაზე სრულიად დამსახურებულად უჭირავს თავისი ადგილი. მაგრამ მის „მეგობარ“ სადღეგრძელოს რა ვუყოთ? 
ბოლო ნახევარი წლის ნამძილზე უკვე სამ ქორწილში მოვისმინე კაცების სადღეგრძელო.. .არა, არც კაცური კაცების, არც ნამდვილი ქართველი კაცების, არც ვაჟკაცების, ჩვეულებრივი კაცების სადღეგრძელო! და როგორ უხარიათ, რა ჟრიამული დება სუფრაზე და როგორი ენთუზიაზმით სვამენ?! როგორ არ იშურებენ საკუთარი თავისთვის საქებარ სიტყვებს „ჩემნაირ კაცებს გაუმარჯოსო“... აი, ეს უკვე არაფერ ქართულში და ტრადიციულში აღარ ჯდება და არც ჩვენთვის აწ ასე საყვარელ ამერიკულში. ამას რა ქვია ალბათ ყველა თავადაც კარგად ხვდებით და აქ ნუ დამაწერინებთ, ეს წესიერი და კულტურული ბლოგია. მით უმეტეს, რომ ბოდიშის მოხდა ისედაც მომიწევს შემდეგი სადღეგრძელოს ციტირებითვის.
ერთ-ერთ რესტორანში ერთ-ერთი ქართული ბანკის ცენტრალური ოფისის თანამშრომლები ქეიფობდნენ. უცებ, სუფრის თავიდან ერთი ახალგაზრდა კაცი  (ბიჭი არა, კაცი) წამოდგა, ჭიქა ხელში მოიმარჯვა, სასადღეგრძელო განმკლავი დაიჭირა და მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ კოლეგას საკმაოდ ხმამაღლა გადასძახა: „გოგი, ამ ჭიქით ყველა ყლეს გაიმარჯოსო!“ (უკაცრავად ციტატისთვის, ავტორის სტილი დაცულია) და სასმისი ბოლომდე გამოცალა. მარტო იმათ სუფრაზე არა, მთელ რესტორანში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ცოტა ხნით, მეგონა მოკლავდნენ. არაფერი, ზუსტად ნახევარ წუთში ჩვეულებრივი ზუზუნი გაგრძელდა. მერე ერთმა საერთო ახლობელმა მითხრა, ყველა სუფრაზე „ჩვენი თანამშრომელი ბოზების“ სადღეგრძელოს სვამს და ყველა თანამშრომელ გოგოს უხარია გულში, ყველა თვლის რომ სხვებზე ამბობსო...
მეგონი საგანგაშოდაა საქმე. მერე რა, რომ სუფრაზე მწყინდება და სადღეგრძელოების მოსმენაც არ მიყვარს - ქართული სუფრის ტრადიცია წმინდათწმინდა და ხელშეუებელია. მოდით, მოვუფრთხილდეთ რა იმას, რაც კარგი გვაქვს, ცუდი ისედაც ბევრი ავითვისეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

რაში იხდის ხალხი ფულს

Approved by Natia Jinjolava


ზოგადად, ყველაზე ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელად კონიაკი ითვლება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნასვ იმას, რომ სხვა კატეგორიის სასმელი არ შეიძლება იყოს უფრო ძვირფასი ან უფრო იშვიათი. სასმელის ფასს ძველად მის ხარისხი, ისტორიული მნიშვნელობა ან რომელიმე ცნობილი კოლექციისადმი კუთვნილება განაპირობებდა, დღეს კი მისი ღირებულება შიგთავსის ნაცვლად, მარტივად შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ცნობილის დიზაინერის ესკიზის მიხედვით შექმნილი, ერთიანი მთის ბროლისგან გამოკვეთილი, ოქროში ამოვლებული ან სულაც ბრილიანტებით მოოჭვილი ტარის ანუ ბოთლის უჩვეულო მორთულობამ.
და მაინც, როგორ შეიძლება ერთი ნახევარლიტრიანი ან თუნდაც ლიტრიანი ბოთლი ღირდეს ხუთოთახიანი ბინის ან სულაც ქალაქგარეთ აგარაკის ფასი? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველაზე თავგადაკლულმა კოლექციონერებმაც არ იციან. უბრალოდ, სანამ მყიდველი არსებობს - ფასიც შესაბამისი იქნება. 2011 წლისთვის გაყიდული ან გაყიდვაში არსებული ყველაზე ძვირიანი ალკოჰოლური სასმელების ათეული ასე გამოიყურება:
საპატიო მეათე ადგილზე სრულიად კანონზომიერად აღმოჩნდა დანარჩენებზე იაფიანი და უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი ლუდი. ალკოჰოლის ყველაზე მაღალი შემცველობის (25%) მქონე ლუდი "Tutankhamun"-ის პირველი ბოთლი აუქციონზე 7 686 დოლარად გაიყიდა, დარჩენილი პარტიიდან თითოეული ბოთლის ღირებულებამ კი 76 დოლარი შეადგინა.
მიუხედავად შთამბეჭდავი ფასისა, „ტუტანხამონს“ ყველაზე ძვვირიანის ტიტული ლუდმა „Ville Von Secours” ჩამოართვა, რომელიც ლონდონის ერთადერთ ბარში, „Bierdome“ იყიდება - ბოთლი 500 გირვანქად (დაახლოებით 800$).
ასევე ლონდონში, რესტორან „Belgo“-ში ინახება 1995 წლის ბელგიური ელი „Vieille“-ს უიშვიათესი 12 ლიტრიანი ბოთლი, რომელიც 700 გირვანქა სტერლინგად ანუ 1 172 დოლარადაა შეფასებული. რესტორანმა იშვიათი ლუდის სამიდან 2 ბოთლი უკვე გაყიდა, მესამე კი დღესაც დგას და თავის მყიდველს ელის. როგორც ამბობენ, ამ ლუდის მთავარი ღირსება მისი რთულ გემოშია, რომელიც ლიმონის, გარგრის, კარამელის, ტორფისა და ანისულას არომატებს შეიცავს.

მეცხრე ადგილი ხერესს უკავია. მასანდრას კოლექციის 1775 წლის „ხერეს დე-ლა ფრონტერას“  ერთი ბოთლი  Sotheby-ს აუქციონზე 2001 წელს 43 ათას ხუთას დოლარად გაიყიდა. მასანდრას ღვინოების კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება (1988 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა), თავად ღვინოს კი, სპეციალისტების აზრით, ასაკი გარდა რამე განსაკუთრებული ღირსება არ გააჩნდა.
მერვე ადგილზე რომი გახლავთ. 53 ათას დოლარიანი იამაიკური რომი მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში 1940 წელს ჩამოსახეს, რეალურად 1915 წლამდე დაყენებულ ნაზავს შეიცავს და მსოფლიოში არსებული ოთხი ბოთლიდან ერთერთია. ევროპის პირველ რომის ფესტივალზე (რომფესტი) გაყიდული  „Wray & Nephew Rum“-ის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია სამუდამოდ დაიკარგა. დროის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, 1930 წლიდან რომის წარმოების წესები შეიცვალა და ნამდვილი ძველებური რომის გასინჯვის და 1934 წლის ყველაზე პოპულარული კოქტეილი „Mai Tai“-ს დაგემოვნების (რომელიც მხოლოდ ამ რომისგან მზადდება) შანსი ამქვეყნად  მხოლოდ შემორჩენილი ოთხი ბოთლის მფლობელებს აქვთ.
მეშვიდე ადგილზე ღვინო მოხვდა. 1787 წლის ერთი ბოთლი „ბორდო“ უცნობმა ამერიკელმა მყიდველმა 2006 წელს 90 ათას დოლარად შეიძინა. ამ შემთხვევაში ღვინოს ფასი მისი გამოშვების თარიღთან  დაკავშირებულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა: 1787 წელს, სანამ ბორდოს მევენახეები ყურძენს კრეფდნენ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ფრანგი რევოლუციონერები მარია-ანტუანეტას თავის მოკვეთას უპირებდნენ, ჯეიმს ვატი კი პირველი ორთქლის ძრავის გამოგონებაზე მუშაობდა.
კვლავაც 1787 წლის  „Château Lafite“ ჯერ საფრანგეთში სამოგზაუროდ მყოფმა ღვინოების დიდმა კოლექციონერმა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა შეიძინა, მერე კი, 1985 წელს იგივე ბოთლში კრისტოფერ ფორბსმა 160 ათასი დოლარ გადაიხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ეტიკეტზე თავად ჯეფერსონის ხელით მიწერილი ინიციალებია ამოტვიფრული.
თომას ჯეფერსონისეული  კოლექციის 1787 წლის „Château Margaux“ 1989 წელს ნიუ-იორკში, რესტორან „ოთხ სეზონშო“ გამოფინეს. საღამოს დასასრულს, ექსპონანტებიან მაგიდას ერთ-ერთი მიმტანი წამოედო და საკოლექციო ღვინო დაღვარა. აღმოჩნდა, რომ ბოთლი 225 ათას დოლარად იყო დაზღვეული. სხვათა შორი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზოგიერთი სახეობის ღვინო დიდი ხნის მანძილზე შენახვას არც ექვემდებარება და დროთა განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებული ძმარი ხდება.
1811 წლის „Château d’Yquem“ კოლექციონერმა Christian Vanneque-მ 75 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა და განაცხადა რომ სულ მალე, პარიზში 50 წლიანი სამუშაო სტაჟის აღსანიშნავ საიუბილეო სადილზე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად დააჭაშნიკებს. სპეციალისტები „Château d’Yquem“ -ს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ თეთრ ღვინოდ მიიჩნევენ და როგორც 1811 წლის კლიმატოლოგიის ანალიზმა აჩვენა, იგი მართლაც საუცხოო უნდა იყოს. თანაც, თურმე ამ წელს დედამიწას დიდმა კომეტამ ჩაუქროლა, ტრანზიტული კომეტის სიახლოვე კი, მეღვინეებს თუ ვენდობით, ღვინის დადუღების პროცესზე და შედეგად, მის გემოზე სასწაულებრივად მოქმედებს.
ღვინის აუქციონების ყველა რეკორდი 1947 წლის „Château Cheval-Blanc“-მა მოხსნა, რომლის 6 ლიტრიანი ბოთლიც „Christie’s“-ს აუქციონზე 304 375 დოლარად გაიყიდა. როგორც ღვინის ექსპერტი მაიკლ ჰენი აცხადებს, ამ ღვინის მთავარი ღირსება მისი ხარისხის გარდა, შენახვის ვადაშიცაა და მას უახლოესი ორმოცდაათი წლის მანძილზე აძმარების საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
მეექვსე ადგილი ტეკილას ერგო. თუმცა, ამჯერად თავად ტეკილას ფასი არაფერ შუაშია, მისი გადაჭარბებული სიძვირე, მხოლოდ და მხოლოდ ტარის დამსახურებაა. ლოს ალტოს ჰასიენდა „La Cappilla“-ს ულტრა პრემიუმ ტელიკა „Ley.925.“ პლატინითა და თეთრი ოქროთი მოპირკეთებულ ბოთლში ასხია და ერთ-ერთ აუქციონზე, 2006 წელს, 225 ათას დოლარად გაიყიდა. დიზაინერი ფერნანდო ალტამირანოს ესკიზით დამზადებული 1,3 ლიტრი მოცულობის ბოთლის შექმნაზე, იმისდა მიხედვით დამკვეთი რომელ მეტალს ამჯობინებს, რამდენიმე კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და პლატინა იხარჯება. მისი შიგთავსი კი, კვლავაც დამკვეთის სურვილით, 7, 8 ,10 ან 12 წლის დაძველების 41%-იანი აგავისგან გამოხდილი სპირტით ივსება.
იგივე კომპანიამ მილიონ ევროდ შეფასებული ბოთლიც ჩამოასხა, რომელსაც „La Ley del Diamante“ დაარქვეს, 6 ათასი ალმასით დაამშვენეს და 4 კგ პლატინათა და ვერცხლით შეჯავშნეს. მილიონიან ბოთლში სასმელს მყიდველის, რომელიც დღემდე არსად ჩანს, გემოვნებით ჩაასხამენ (ჩამონათვალში კონიაკიც შედის). სხვათა შორის, მყიდველის მპოვნელს კომპანია საკომისიოდ 100 ათას ევროს პირდება.
მეხუთე ადგილზე შამპანური მოხვდა. შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ბოთლი 1900 წლის „ბრუტი“ აღმოჩნდა, რომელიც აუქციონზე უცნობმა მყიდველმა 17 ათას ექვსასოცდახუთ დოლარად შეიძინა. ასევე აუქციონზე, შეზღუდული ოდენობით გამოშვებული (სულ 100 ყუთი) შამპანური „Pernod-Picard Perrier-Joet“-ის შემორჩენილი 12 ბოთლიდან თითოეული დაახლოებით 50 ათას დოლარად გაიყიდა და სრულიად დამსახურებულად ატარებდა მსოფლიოში უძვირესის სახელს 1998 წლამდე. საქმე იმაშია, რომ 1998 წელს 1916 წელს პირველის მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა ნავისგან ტორპედირებული და ფინეთის ყურეში ჩაძირული გემი „Jönköping“-ის ადგილსამყოფელს მიაგნეს და მისი ტრიუმიდან 1907 წელს ჩამოსხმული 2 ათასი ბოთლი შამპანური „Hiedsieck Diamant Blue“ ამოიტანეს. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II-სთვის განკუთვნილი შამპანურის თითო ბოთლი 275 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. როგორც ამბობენ, თავად შამპანური ღვინო რეალურად 300 წლისაა და ხარისხი და გემო დღემდე საუცხოო აქვს.
„Luxury-group Leon Verres”-მა საგანგებოდ ახალი რუსებისთვის („Special for Russian!“) ბრილიანტებით მოოჭვილ ბეწვიან ქუდსა და ქურქში გამოწყობილი მილიარდელების შამპანური ანუ „Le Billionaire Champagne“ შექმნა.  2,75 მილიონი დოლარი ღირებულების  9 ლიტრიანი ბანჯგვლიანი 5 ბოთლიდან 4 უკვე გაიყიდა და სხვათა შორის, დუბაისა და ჩინეთში.
მეოთხე ადგილზე არაყია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაზე ძვირიანი არაყი, რუსეთის ნაცვლად შოტლანდიაში დაამზადეს და მისი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ჭურჭელზე მეტად, სუნამოს ფლაკონს წააგავს. არაყი „Diva“-ს თითოეულ ბოთლში 48 ცალი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვით ავსებული შუშის მილია ჩადგმული. თვლების განლაგების თანმიმდევრობასა და სახეობებს მყიდველი ირჩევს. თავად წმინდა წყაროს წყლისაგან გამოხდილი არაყი სამმაგ ფილტაციას გადის: ჯერ ყინულში, მერე  სკანდინავიური არყის ხის ნახშირში და ბოლოს,  ქვიშის, წვრილი ალმასებსა და სხვა ძვირფას ქვების ნარევში. ერთი ბოთლი „Diva”-მინიმალური ფასი 3 ათას შვიდასი დოლარიდან იწყება და მილიონ სამოციათასამდე ადის.
მესამე ადგილი კონიაკმა დაიკავა. მუხის კასრში 100 წლის დაძველების „Henri IV Dudognon Heritage” 41% ალკოჰოლს შეიცავს და თავისთავად საკმაოდ ძვირიანი და მაღალხარისხიანი სასმელია, მაგრამ მისი ღირებულების ლომის წილი ამჯერადაც ბოთლზე მოდის. არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ ევროდ შეფასებული კონიაკის ბოთლი ბროლისგანაა დამზადებული და მას 4 კგ ოქრო და პლატინა და ცნობილი იუველირი ჟოზე დავალოს ხელით დამუშავებული 6 ათას ხუთასი  ბრილიანტი ამშვენებს.
ყველაზე ძვირიანი კონიაკების სიაში, ასევე, 155 ათას დოლარად შეფასებული „Hennessy Beaute de Siecele“ და „Louis XIII Black Pearl Magnum“-იც შედის. „Baccarat“-ს სახლის ოსტატების ხელით შექმნილი „ლუდოვიკოს“ ბოლო ბოთლი ვანკუვერის აეროპორტის დიუთი-ფრიში ჩინელმა ცოლ-ქმარმა 34 ათას დოლარად შეიძინა.
მეორე ადგილზე ვისკი აღმოჩნდა. შოტლანდიური „Isabella’s Islay“-ს ორი გამოშვება არსებობს - „Isabella Original“ და „Isabella Special Edition“. „Original“-ი 6,2 მილიონი დოლარი ღირს და თეთრი ოქროთი მოვარაყებულ და 8500-ზე მეტი ბრილიანტითა და 300 ლალით მოოჭვილ საუკეთესო ხარისხის ბროლისგან დამზადებულ ბოთლს, თავსახურს მთლიანი, ხალასი ოქროსაგან აქვს ჩამოსხმული. ბევრად უფრო იაფიანია სპეციალური გამოშვება, რომელიც მხოლოდ 740 ათასი დოლარი ღირს, მისი ბოთლი თეთრ ოქროთი მოჭედილი ინგლისური ბროლისაა და ბრილიანტებით შემკობილი წარწერა ამშვენებს.
„Isabella’s Islay“-მა ყველაზე ძვირიანი ვისკის წოდება 1906 წლის „Aisla T’Orten“-ს წაართვა, რომელიც 1,4 მილიონად იყოს შეფასებული და ცნობილი შოტლანდიელი ისტორიკოსის სახლში ინახებოდა.
რაც არ უნდა საოცარი იყოს, პირველ ადგილზე ალკოჰოლური სასმელების ყველაზე იაფიანი და ნაკლებად პრესტიჟული სახეობა - ლიქიორი გავიდა. ბოთლი „D’Amalfi Limoncello Supreme“ 43,68 მილიონი დოლარი ღირს და მის ყელს 13 კარატიანი სამი უზადო ბრილიანტი ამშვენებს, თავად ბოთლზე კი 18,5 კარატიანი უიშვიათესი ალმასია მოთავსებული. სულ ლიმონის ლიქიორის 2 ბოთლი დაამზადეს, რომელთაგანაც ერთი მშვენიერ იტალიელ სინიორას ეკუთვნოდა, მეორე კი დღემდე იყიდება. ასე რომ, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპისნი

მომსახურება ქართულად

Approved by Natia Jinjolava


ძალიან ვამაყობთ (და არცთუ უსაფუძვლოდ) და ძალიან ბევრს ვასაუბრობთ ხოლმე ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ქართულს პურ-მარლსა და ქართული ქეიფის ფილოსოფიაზე. ქაღალდზე და თეორიაში ყველაფერი მართლაც შესაშური და შესანიშნავია, რეალობაში კი აბა, რა გითხრათ. მიუხედავად გენეტიკის დონეზე გურმანობისა (რასაც ყველა ჩვენთაგანი იჩემებს), ჩვენთან ყველაზე უგემური საჭმლით ცნობილ, ყველაზე ბინძურ და მომსახურე პერსონალზე მეტი ვირთხით დასახლებულ სასადილოსაც კი თავისი კლიენტი ყავს. ძალიან ცოტა თუ ვიცი ჩემს ნცნობებში  ვისაც რომელიმე საზკვების ობიექტში ცუდად მოემსახურნენ და მან ან საყვედური თქვა და ან მეორეჯერ აღარ შევიდა იგივე ადგილას - ნებისმიერ აგდებულ დამოკიდებულებას რესტორნების მესვეურთა მხრიდან, ჩვენ, ქედმოუხრელი და ამაყი ქართველები გასაოცარი უსიტყვო მორჩილებით და თავდახრილი ვეგუებით. მაგალითად, სარდელები აშკარად გუშინდელი და განაცხელები იყო, ჭიქებსაც ნათითურები ეტყობოდა, ზედმეტიც გვიანგარიშეს, ოფიციანტი ისე გვიბღვერდა, ალბათ თავის მოვალეში შევეშალეთ... მერე რა? მეგობრებთან ერთად ხომ ვიჯექით და კარგადაც გავერთეთ. ჰო, თან რაც მთავარია, სურათები გადავიღეთ ფეისბუქზე გამოსაფენად - ყველამ რომ გაიგოს, რომ საღამოობით სახლში კი არ ვზივართ კომპიუტერთან - დროს ვატარებთ და მჩქეფარე ცხოვრებით ვცხოვრობთ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ცუდი მომსახურება მარტო იმათი, ანუ რესტორატორების ბრალი არაა, ამაში ჩვენ, მორჩილი კლიენტებიც ვართ დამნაშავე. ამა სწინათ ახლობელმა საქორწილოდ მთელი რესტორანი დაიქირავა, თან უბრალო არა, დიდი პრეტენზიების მქონე რესტორანი. მხოლოდ იმიტომ რომ იმავე რესტორნის დეკორატორი არ აიყვანა, ტორტის დასადები მაგიდა არ მისცეს - არ გვაქვსო. უნდა ადგე და გამობრუნდე, მაგრამ სად წახვალ? მე შენ გეტყვი, დიდი არჩევანი გვაქვს. ჰოდა, ისიც იძულებული გახდა თავისი გაეშვა და „აბორიგენი“ დიზაინერის ხელოვნურ ვარდებში გადაეხადა 500 ლარი. იმდენად გახზულუქდნენ, რომ მხოლოდ შემოსავალზე მუშაობენ - მთელ დარბაზს სულ 100 ლარის ცოცხალი ყვავილები ეყოფოდა, მაგრამ რატომ? ხომ გასდით? არაფერს ვამბობ, რომ ქარიანი დღე იყო და ყველა ფანჯარაში ქუჩასავით უბერავდა - ეტყობა, ძალიან ძნელია ღრიჭოების ამოსილიკონება. თუმცა ეგეც ხომ ხარჯია - საქეიფოდ შემოსული კაცი კი დალევს და ისედაც გათბება.
კიდევ უფრო მაწუხებს, მიმტანი რომ მოდის და თეფშს შენ გაჩეჩებს ხელში, გინდა ჩადგი მაგიდაზე და გინდა თავზე დაიდგიო. ქართული სუფრის საქები მთავარი ფრაზა გახსოვთ? „თეფშები სამ რიგადა ელაგა ერთმანეთზეო“. სხვისი არ ვიცი და მე აშკარად არ მინდება ხოლმე სხვა თეფშის ფსკერი რომაა ჩადგმული შიგნით (კაცმა არ იცის მაგიდაზე მოხვედრამდე სად იდგა ან მიმტანმა რა ხელები მოკიდა) იმ კერძის ჭამა. ტკბილს, მწარეს და მლაშეს ერთ თეფშზე და ერთ ჯამში ძაღლს უყრიან - მე, ცნობისათვის, ადამიანი ვარ.
სახინკლეები? რამდენიმე ცალი ხინკალი რომ დარჩება ლანგარზე ოფიციანტი დაგეშილი ძაღლივით მოქრის და ან საერთოდ მიაქვს ან ხელს დასტაცებს და ქაბაბიან ან სხვა, უფრო პატარა ზომის თეფშზე გადააქვს შიშველი თითებით. მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენს პრესტიჟულ სახინკლეებში ფრიად სარფიანი ნოვაცია დაუნერგავთ: ხინკლის გაცხელება (გახუხვა) ფასიანი გამხდარა. ანუ, ერთხელ ნაყიდ ხინკალს სამზარეულოში გასაცხელებლად თუ გაატან, მის საფასურს მეორეჯერ გახდევინებენ!
ფეხით მოსიარულეებისათვის ფეხების დასახიჩრებაში პრიზი რომ იყოს დაწესებული, ჩემპიონი ცალსახად „ლიბერთი ბანკის“ წინ ტროტუარის მომპირკეთებელი გახდებოდა. ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, რამდენი გავდივარ, სულ  მგონია, რომ იმ ქვაფენილის შერჩევისას, ბანკის მესვეურებს ერთადერთი ფარული განზრახვა ქონდათ - კლიენტებს ბანკის კარამდე ვერ მიეღწიათ. აშკარად იგივე მიზანი ამოძრავებდა მცხეთაში მანქანების პარკინგიდან სვეტიცხოვლისკანე მიმავალი ქვაფენილის „შემოქმედს“. აი, ვისთვის უნდა მოეკვეთათ მარჯვენა და თან პროთეზის გაკეთების უფლების გარეშე. ვისაც ქუსლებზე ამხედრებულს გაუვლია ის გზა, ყველა დამეთანხმება - უცრემლოდ და უსისხლოდ (გადატყავებული ფეხის ტერფები მაქვს მხედველობაში) მისი განვლა შეუძლებელია. 
სამაგიეროდ, სვეტიცხოვლის პარკინგზე დაბუდებული ვითომდა მერსედესის ემბლემიანი გაურკვეველი ჯიშ-ჯილაგის ვაგონეტ-კაბრიოლეტების მეპატრონეები ხარობენ, რომლებიც გამოპრანჭულ პატარძალს და მის ამალას სულ რაღაც 10 ლარად მიახრიგინებენ ტაძრის კარამდე ჯვრის დასაწერად და იქვე ჩამოყრიან - არ გეგონოთ, დაგელოდოთ და უკან წამოგიყვანონ. ესეც ქართული სერვისის და სტუმართმოყვარეობა-კაცთმოყვარეობის თავისებურებაა. იქაური პარკინგის კიდევ ერთი "ღირშესანიშნაობა" შეგინიშნავთ? შესასვლელის შლაგბაუმი მექანიკურია, ყოველ დასიგნალებაზე ქალი გამოდის და უმძიმეს რკინის ძელს ხელით წევს ზევით მანქანა რომ გაატაროს - წარმომიდგენია, მარჯვენაზე რა ბიცეპსი აქვს დაყენებული.
თეკუნა გაჩეჩილაზე "შუადღის შოუს" ეთერში
მოდით, გულახდილად მითხარით რა, „ემ-ჯგუფის“ რესტორნები მართლა მოგწონთ? ბევრი რამე ნამდვილად კარგი აქვთ, მაგრამ ხარისხი და ფასი, სახელი და მომსახურების დონე ერთმანეთს არ შეესაბამება. მათი ერთ-ერთი უცნობილესი შეფმზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ ტელევიზიის ეთერში საჯაროდ დასახიჩრებული და დაგლეჯილი შემწვარი ინდაური არ დამავიწყდება - მზარეულმა რომ ხორცის დაჭრა არ იცის და ბასრი დანა არ აქვს მანდ სალაპარაკო აღარაფერია. და ახლა არ მითხრათ, რომ ტელევიზიაში თავისი დანით ხომ არ მივიდოდაო. ინდაური თუ ქონდა დასაჭრელი, აბა, რა უნდა ექნა? ეს იგივეა წერით გამოცდაზე პასტის გარეშე რომ მიხვიდე. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ინდაურს სურათზევე რომ ეტყობა, როგორი გამომშრალია - მაგრამ მაგდენს ჩვენს მზარეულებს ვინ სთხოვს. 
თუმცა, მას მერე არაფერი მიკვირს, რაც მათი ერთ-ერთი მენეჯერის გაოცებული წუწუნი მოვისმინე, „ISO“ სერთიფიკატი მანამდე არ მოგვცეს, სანამ ყველაფრისთვის ცალ-ცალკე დანები არ შევიძინეთო და მართლა გულწრფელად წუხდა, გამაგებინეთ ყველის დანით ხორცის დაჭრა რატომ არ შეიძლებაო. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ვინმეს, მაგალითად რძეზე, ალერგია თუ აქვს და, შესაბამისად, ყველის დანაჭრელი დანით პურს თუ დაუჭრი, შეიძლება ალერგიული შოკისგან მოკლა. უბრალოდ, უსაფრთხოების წესებია და მეტი არაფერი.
შეფმზარეულის გამოცდილი მარჯვენით
დასახიჩრებული ინდაური
სხვათა შორის, „მეტეხის ჩრდილში“, სადაც მართლაც უგემრიელესი კალმახი აქვთ, ჩემი მეგობრის ქორწილში ტორტთან ერთად უკვე ჭიქებში ჩამოსხმული კონიაკი მოიტანეს. გულით მინდოდა დამელია, მაგრამ გეფიცებით, ნავთის სუნი ასდიოდა.
ყველაზე მეტად კი იცით რა მაკვირვებს, თუკი ბოლო წლების მანძილზე თბილისში რამე მართლა კარგი გაიხსნა - მათი უმეტესობა დაიხურა, უვარგისები კი დგანან, დგანან, დგანან და არიან...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

როგორი უნდა იყოს პიცა

Approved by Natia Jinjolava

ეძღვნება ყველა თბილისურ პიცერიას: აი, ასეთი გამოიყურება ნამდვილი პიცა!


Pizza Quattro Formaggi ანუ ოთხი ყველის პიცა

Approved by Natia Jinjolava


„ოთხი ყველის პიცა“ ჩემი უსაყვარლესი პიცების სიაში შედის და მისი უთვალავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, თუმცა მისი ვარიანტები რაღა გასაკვირია, როცა თავად  „ოთხი ყველიც“ „პიცა ბიანკოს“ (თეთრი პიცის) ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
იტალიაში მცხოვრბი ქართველებისგან გამიგია, საქართველო და ხაჭაპური ძალიან რომ გვენატრება, მივდივართ და „პიცა ბიანკოს“ ვუკვეთავთო - რაც სულ არაა გასაკვირი, იმიტომ რომ „თეთრი პიცის“ ყველაზე მარტივი ვარიანტი ცომისგან და მოცარელასგან (ჩვენი სულგუნის იტალიური ექვივალენტი) მზადდება, და პრაქტიკულად თავღია ხაჭაპურია. მაგრამ პიცის ცხობის ტრადიციებიდან გამომდინარე, პიცას მარტო მოცარელას არავინ აყრის, მინიმუმ სოუსს, ზეითუნის ზეთს და ორეგანოს მაინც ასხამ-აყრიან. აღარ ვლაპარაკობ მზეზე დაჩირებულ პამიდორებსა და შესანიშნავ იტალიურ ლორზე. ერთი, სიტყვით, ნებისმიერ პიცას, რომელსაც ჩვეულებრივზე მეტი ყველი აქვს, თამამად შეგიძლიათ თეთრი პიცა ანუ პიცა ბიანკო უწოდოთ. რაც შეეხება „ოთხ ყველს“, როგორც სათაურიდან ხვდებით, იგი ოთხი სახეობის ყველისგან მზადდება და რასაკვირველია მასაც ყველა დიასახლისი თავისი გემოვნებით უმატებს დამატებით იგრედიენტებს. 
ასევე არეულობაა მის სოუსთან დაკავშირებითაც (მოგეხსენებათ, ყველა პიცის ცომს აუცილებლად უნდა წაუსვათ სოუსი და მხოლოდ მერე დაალაგოთ ზევიდან დანარჩენი ინგრედიენტები): ზოგო ტრადიციულ პამიდორის სოუსს ხმარობს, ზოგიც ნიორიან ზეთს, რაც ყველს ძალიან უხდება. რაც შეეხება დამატებით გულსართებს - პამიდორს, ძეხვს, ლორს და ა.შ. ვისაც ობიანი ყველის და პარმეზანის მძაფრი გემო მოგწონთ, ამ პიცას დამატებითი არომატები აღარ ჭირდება და ვისაც ასეთი ყველი არ გიყვართ, ჯობს სხვა პიცა გამოაცხოთ.
რაც შეეხება ყველის ნაირსახეობებს მისი თქვები სურვილისამებრ შეცვლა შეგილძლიათ, მხოლოდ მთავარი პრინციპი დაიმახსოვრეთ: 1 ყველი ცისფერი ობით უნდა იყოს („დორ ბლუ“, „როკფორი“), მეორე - სულგინის ტიპის წელვადი, მესამე - მწკლარტე გემოთი („პეკორინო“, „გრუიერი“), მეოთხე კი ადვილად დნობადი („ჩედერი“, „ემენტალი“ „გაუდა“).

Pizza Quattro Formaggi
ინგრედიენტები: მზა პიცის ცომი 1 პორცია, 100 მლ პამიდორის სოუსი, 150 გრ ყველი მოცარელა, 150 გრ ყველი გორგონძოლა, 150 გრ ყველი ფონტინა, 150 გრ ყველი პარმეზანი, ორეგანო, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად

ღუმელი გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერაურამდე. ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ პიცის ცომი საცხობი ფირფიტის ზომაზე (ცომი მაქსიმალურად თხლად გავიყვანოთ და ირგვლივ ცოტათი ამაღლებული ბორტები დავუტოვოთ). ცომს წავუსვათ პამიდორის სოუსი. და მოვაყაროთ გახეხილი ან დაფშვნილი ყველი. შევდგათ ღუმელში. პიცა რომ გამოცხვება (ანუ ყველი ათუხთუხდება) მოვაყაროთ ცოტაოდენი ორეგანო და მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი.

Pizza Quattro Formaggi მეორენაირად
ინგრედიენტები: 1 პორცია პიცის ცომი, 2 ს/კ ნიორიანი ზეითუნის ზეთი, 50 გრ გახეხილი გორგონძოლა, 50 გრ გახეხილი პეკორინო, 50 გრ გახეხილი მოცარელა, 50 გრ გახეხილი პარმეზანი, ორეგანო, პილპილი

ღუმელი გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერაურამდე. ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ პიცის ცომი საცხობი ფირფიტის ზომაზე (ცომი მაქსიმალურად თხლად გავიყვანოთ და ირგვლივ ცოტათი ამაღლებული ბორტები დავუტოვოთ). ცომს წავუსვათ ნივრიანი ზეთი. (ნიორიანი ზეთის დასამზადებლად ტაფაზე გავახუროთ ზეთი და ამ ზეთში მოვხალოთ წვრილად დაჭრილი 1 კბილი ნიორი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიორი არ დაიწვას, თორემ ზეთს გემო გაუფუჭდება. ზეთი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.) ზეთწასმულ ცომს მოვაყაროთ გახეხილი ან დაფშვნილი ყველი. შევდგათ ღუმელში. პიცა რომ გამოცხვება მოვაყაროთ ცოტაოდენი ორეგანო, პილპილი და მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

პიცა პეპერონი და პიცა სალიამით

Approved by Natia Jinjolava


ამერიკული პიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობა პეპერონია, რომელიც პამიდორის სოუსით, ყველი მოცარელათი და რასაკვირველია, თავად ძეხვი „პეპერონით“ მზადდება. ამ ძეხვის მთავარი თავისებურება კი იმაში მდგომარეობს რომ, რისი ხორცისაგანაც არ უნდა იყოს დამზადებული (საქონლის, ღორის, ინდაურის, სირაქლემის), სხვადასხვა ჯიშის წიწაკებითაა უხვად შესუნელებული და პიცას ძალიან სასიამოვნო არომატს აძლევს. ასე, რომ „პეპერონის“ მეგობრის გამოცხობას თუ განიზრახავთ, თამამად გამოიყენეთ ნებისმიერი პაპრიკიანი ძეხვი. ვერ დაგვპირდებით, რომ თბილისში ასეთს ადვილად მიაგნებთ, მაგრამ, თუ მოინდომებთ, შანსი არის.

პიცა პეპერონი
1 პორცია პიცის ცომი:
ვარიანტი I (ჯეიმი ოლივერის რეცეპტი)
ვარიანტი II (ვოლფგანგ პაკის რეცეპტი)
¾ ჭ პამიდორის სოუსი (ჯეიმი ოლივერის რეცეპტი)
გულსართი: ზეითუნის ზეთი ცომზე მოსასმელად; 1ს/კ პიცის სანელებლკების ნაკრები (ხმელი ორეგანო, რეჰანისა და პილპილის ნარევი); 50 გრ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ყველი მოცარელა, 50 გრ თხლად დაჭრილი ძეხვი „პეპერონი“, 50 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი
ღუმელი და პიცის საცხობი ფორმა გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე (დაახლოებით 40 წუთი მაინც). ფქვილმოყრილ დაფაზე დავდოთ დამრგვალებული ცომის გუნდა და ხელებით დავაწვეთ - დავაბრტყელოთ. ნელ-ნელა გავწელოთ ცენტრიდან კიდეებისკენ. გაბრტყელებულ ცომს კიდეები ცენტრზე სულ ოდნავ მაღალი უნდა ქონდეს. ცომის კვერს მოვუსვათ ზეითუნის ზეთი. მერე მოვუსვათ პამიდორის სოუსი (თანაბრად გავანაწილოთ) და მოვაყაროთ პიცის სუნელები. ოღონდ ზეთი პიცის მთელ ცომს წავუსვათ, პამიდორის სოუსი კი მხოლოდ ცენტრში, კიდეები (დაახლოებით 1-1,5 სმ) ისე დავტოვოთ. მერე მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა (შეგიძლიათ შეცვალოთ რძიანი სულგუნით ან სახაჭაპურე ჭყინტი ყველით), შემდეგ დავაწყოთ ძეხვის ნაჭრები და სულ ბოლოს თავზე პარმეზანიც მოვაყაროთ. პიცის ნიჩბის დახმარებით გადავიტანოთ პიცის საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 9-12 წუთი (კიდეების გაოქროსფერებამდე).
პიცის გამოსაცხობად სასურველია კერამიკული საცხობი ფორმა, რომელიც მხურვალებას რკინაზე უკეთ ინარჩუნებს, თუმცა ამ საქმისთვის დიდი ზომის კეციც იდეალურად გამოდგება.

კიდევ უფრო ადვილია სალიამიანი პიცის დამზადება - სალიამი ნამდვილად გვაქვს. როგორც სათაურიდან ხვდებით, ასეთი პიცის მთავარი ინგრედიენტი, მოცარელასთან ერთად ძეხვი სალიამია.

პიცა სალიამით
1 პორცია პიცის ცომი:
გულსართისათვის: ზეითუნის ზეთი ცომზე მოსასმელად; 2 ცალი პამიდორი, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 პატარა ქილა კურკაგაცლილი ზეთის ხილი, 150-200 გრ სალიამი, 100 გრ გახეხილი ყველი მოცარელა, 50 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი, 1 ს/კ პიცის სუნელების ნარევი (ხმელი ორეგანო, ხმელი რეჰანი, პილპილი)
ღუმელი და პიცის საცხობი ფორმა გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე (დაახლოებით 40 წუთი მაინც). ფქვილმოყრილ დაფაზე დავდოთ დამრგვალებული ცომის გუნდა და ხელებით დავაწვეთ - დავაბრტყელოთ. ნელ-ნელა გავწელოთ ცენტრიდან კიდეებისკენ. გაბრტყელებულ ცომს კიდეები ცენტრზე სულ ოდნავ მაღალი უნდა ქონდეს. ცომის კვერს მოვუსვათ ზეითუნის ზეთი. მერე მოვუსვათ პამიდორის სოუსი (თანაბრად გავანაწილოთ) და მოვაყაროთ პიცის სუნელები. ოღონდ ზეთი პიცის მთელ ცომს წავუსვათ, პამიდორის სოუსი კი მხოლოდ ცენტრში, კიდეები (დაახლოებით 1-1,5 სმ) ისე დავტოვოთ. დავალაგოთ თხლად დაჭრილი პამიდორის ფენა, მერე თხლად დაჭრილი (თესლგაცლილი) ბულგარული წიწაკის ფენა, მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა, ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი სალიამის ფენა, მოვაყაროთ დაჭრილი ზეთის ხილი და სულ ბოლოს ზემოდან მოვაფრქვიოთ გახეხილი პარმეზანი. პიცის ნიჩბის დახმარებით გადავიტანოთ პიცის საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 9-12 წუთი (კიდეების გაოქროსფერებამდე).
პიცის გამოსაცხობად სასურველია კერამიკული საცხობი ფორმა, რომელიც მხურვალებას რკინაზე უკეთ ინარჩუნებს, თუმცა ამ საქმისთვის დიდი ზომის კეციც იდეალურად გამოდგება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

იდეალური პიცა „მარგარიტა“ ჰესტონ ბლუმენტალისაგან

Approved by Natia Jinjolava

Pizza Margherita

ცომისთვის: 350 გრ საუკეთესო ხარისხის პურის ფქვილი, 195 გრ თბილი წყალი, ½ ს/კ ალაოს სიროპი, 1 ჩ/კ მარილი, 7 გრ საფუარი, ამავე რეცეპტის თანახმად (ინგრედიენტების ოდენობა შეამცირეთ 3-ჯერ) წინა დღეს დამზადებული და გადაფუებული (ამჟავებული) ცომი
სოუსის და ტოპინგისთვის: 45 ცალი დიდი ზომის პამიდორი „ჩერი“ თავისი ტოტიანად, 2 დიდი კბილი ნიორი, 20 ფოთოლი შაშკვლამი, 2 ფოთოლი დაფნა (ცოცხალი), 20 ფოთოლი ქონდარა, მარილი, 1 ჩ/კ არარაფინირებული შაქარი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, 125 გრ კამეჩის „მოცარელა“, შაშკვლამის ფოთლები, შებოლილი ზღვის მარილი

იდეალური პიცის ცომისათვის, პურის ქფვილიც იდეალური უნდა შეარჩიოთ. პურის ფქვილს დავუმატოთ წყალში გახსნილი ალაოს სიროპი (იშოვება ლუდის ქარხნებში) და დაბალ სიჩქარეზე მიქსერით მთელი 4 წუთი ვზილოთ, ასე ცომი უფრო ელასტიური გამოვა. ცომის ხელით მოზელვას თუ განიზრახავთ, მაშინ დიდხანს აგორავეთ და აბურთავეთ მაგიდაზე, შეგიძლიათ მაგიდას ურტყათ კიდეც - მოგეხსენებათ, პურის ცომს ცემა უხდება. კარგ ცომს რომ დააგუნდავებთ და გადაჭიმავთ, უნდა გასკდეს და ფენებად აიქერცლოს. გამზადებულ ცომს ჩაის ტილო გადავაფაროთ და 15 წუთი თბილ ადგილას დავასვენოთ. მერე ისევ მიქსერის ჯამში დავაბრუნოთ და 2 კომპონენტი დავუმატოთ: მარილი და საფუარი და კიდევ ოთხი წუთი ვზილოთ ცომი. ბოლო ეტაპზე ცომში 24 საათით ადრე დამზადებული და ფერმენტირებული ცომი ჩავამატოთ, რომელიც წინა დღეს ზემოთ მოცემული რეცეპტის ინგრედიენტების 1/3-სგანაა დამზადებული. ასე, ცომის გემო და სუნი სრულიად ფენომენალური გახდება. ცომი კიდევ 4 წუთი ვზილოთ. გამზადებული ცომი დაახლოებით 150 გრამიან ნაწილებად დავყოთ და  მაგიდაზე ბურთებად დავაგორგოლაოთ საათის ისრის მიმართულებით მოძრაობით. ცომის ბურთულები ხის ფიცარზე დავალაგოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ზომაში ორჯერ მაინც მოიმატებენ, ამიტომ გასაზრდელი ადგილი დაუტოვეთ, თავზე ტილო ან ცელოფანი გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 2 საათით.


ტოპინგისთვის: პამიდორები ჯვარედინად დავსეროთ, 10 წამით მდუღარე წყალში ჩავყაროთ, ამოვიღოთ, ყინულებიან წყლიან ჯამში გადავიტანოთ (ცხელმა პამიდორმა ხარშვა რომ არ განაგრძოს და უცებ გაცივდეს) და კანი გავაცალოთ. კანგაცლილი პამიდვრები შუაზე გავჭრათ და კოვზით ფრთხილად ამოვაცალოთ გული. გულამოცლილ პამიდორებს ნახევარი გადავდოთ გვერდზე. მეორე ნახევარი კი დავალაგოთ საცხობ თუნუქის ფირფიტაზე, მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი. ნიორის კბილები დავჭრათ ძალიან თხლად და თითო პამიდორის ნახევარში თითო ფირფიტა ნიორი, თითო ფოთოლი შაშკვლამი და ქონდარა (thyme) ჩავალაგოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი დაფნის ფოთოლიც. მოვაყაროთ მარილი და შაქარი და შევდგათ 110°C-მდე გახურებულ ღუმელში (ძალიან დაბალ ცეცხლზე) 4 საათით.


სოუსისთვის: პამიდორის სოუსის დასამზადებლად ე.წ. „სკოროვარკა“ ქვაბი დაგჭირდებათ. მანამდე კი, უმად დატოვებული პამიდორის ნახევრები საცერზე დავყაროთ, საცერი უფრო დიდი ზომის ჯამში ჩავდგათ, პამიდორს მარილი მოვაყაროთ და საათნახევარი გავაჩეროთ, რომ დაიწუროს (პამიდორებიდან გამოყოფილი გამჭვირვალე სითხე ძალიან გემრიელია!). 
მერე პამიდორის გაწურილი რბილობიც და მისგან გამოყოფილი წვენიც ჩვენს სწრაფადმხარშველ ქვაბში მოვათავსოთ, თავსახური კარგად მოვუჭიროთ და 12 წუთი ვადუღოთ. წნევის ქვეშ მაღალ ტემპერატურაზე ხარშვის დროს არომატი გამოიყოფა უკეთესად. ამის მერე, ქვაბს თავი მოვხადოთ და კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ სოუსის ხარშვა (ასეთი ქვაბი თუ არ გაქვთ, იგივეს გაკეთება სქელძირიან ქვაბშიც შეიძლება, ოღონდ ხარშვის პროცესი გაცილებით ხანგრძლივი იქნება). ამის მერე ტომატის სოუსი გავაცივოთ, ჩავასხათ ვაკუუმის შესაკრავიან ცელოფანში, შიგნით ჩავაგდოთ პამიდორების მტევნის ტოტი და პარკი მჭიდროდ შევკრათ და მაცივარში შევინახოთ 2 საათით (ტოტი სოუსს არნახულ არომატს მისცემს).
ნეაპოლში, სადაც საუკეთესო პიცას აცხობენ, პიცის ღუმელში ტემპერატურა თითქმის 400°-მდე აღწევს და პიცა დაახლოებით 90 წამში ცხვება, იგივეს მიღწევა სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძებელია - კარგი პიცა რომ გამოვიდეს, მისი გამოცხობა როგორმე 3 წუთზე ნაკლებ დროში უნდა მოვახერხოთ. ამისათვის ჩვენი ღუმელი მაქსიმალურად გავახუროთ ზევითაც და ქვევითაც. კერამიკულ საფარიანი ტაფა კი გაზის მაქსიმალურ ცეცხლზე შემოვდგათ გასახურებლად (ტაფის ნაცვლად ქვის ფილის ან კეცის გახურება და მისი გამოყენებაც შეიძლება). მანამდე კი ფქვილმოყრილ დაფაზე ცომის გუნდის გაბრტყელებას შევუდგეთ: ცომი ნელ ნელა თითებიც დახმარებით და წრიული მოძრაობით პიცის ფორმაზე გავიყვანოთ. ცენტრიდან კიდეებიკენ ნელ-ნელა ვწელოთ და თან ვატრიალოთ. პიცას ოდნავ მაღალი კიდე უნდა დავუტოვოთ. ცომი რაც შეიძლება თხლად უნდა გავაბრტყელოთ, მაგრამ არ უნდა გაგვეხეს, თუ გაგვეხა, სოუსი გაჟონავს და ცომი ტაფას მიეკრობა. პიცის ცომი საცხობ ფირფიტაზე გადავიტანოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავუსვათ სოუსი და დავაყაროთ ტოპინგი (ცომი რომ არ დასველდეს). სოუსი წავუსვათ კარგად, და ზემოდან ღუმელში დაჩირებული და მწვანილებ და ნიორ გაცლილი პამიდორები დავალაგოთ. მოცარელა დიდ ნაკუწებად დავფლითოთ და ისიც პიცის თავზე დავალაგოთ (თამამად შეცვალეთ რძიანი სულგუნით - სულგუნის და მოცარელას ტექნოლოგია აბსოლუტურად იდენტურია, უბრალოდ, იტალიელები ცოტა მარილს აყრიან და რძიანადვე ინახავენ, ჩვენ კი ბევრ მარილს ვაყრით და ვაშრობთ. ამიტომ მოცარელას რძიანი (!) სულგუნით შეცვლა არაფერს ცვლის). თავზე ოთხი ცალი შაშკვლამის ფოთოლიც დავადოთ, extra virgin ზეითუნის ზეთიც მოვაწუწოთ, შებოლილი ზღვის მარილი მოვაყაროთ, ჩვენი გახურებული ტაფა ამოვატრიალოთ, მის ზურგზე პიცა მოვათავსოთ და ღუმელში შევდგათ მაქსიმალურად ზემოთ (არ დაგავიწყდეთ რომ ცეცხლი ზევითაც უნდა გვენთოს!).  პიცა 2 წუთში მზად იქნება.


გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ურბანისტური ბოსტანი

Approved by Natia Jinjolava


ყოველი  წლის თებერვალი-მარტის დადგომასთან ერთად, მიჩნდება დაუძლეველი და მწველი სურვილი რამე სასწრაფოდ ავამწვანო და ავაბიბინო. თანაც უმოკლეს ვადებში და პრაკტიკულად თვალის დახამხანებაში. ერთხელაც ბედნიერი ბავშვობა გამახსენდა, ბოტანიკის გაკვეთილები და წყლიან ქილაში მოთავსებული ხახვის ბოლქვზე წარმოებული დაკვირვება,  მართლა ბლოქვიდან  იზრდება მისი მწვანე ღეროები თუ არა? 
ამჯერად ერთი ხახვი ქილაში, თუნდაც მწვანე ბუჩქად ქცეული, მეცოტავა და პატარა პლანტაციის გაშენება გადავწყვიტე. შედეგად, ყველა ყვავილის ქოთანში, სადაც კი ადგილი იყო (მაგ. ლიმონის ხის ძირას), იმ წელს, ჩემს სახლში საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან მობიბინე ხახვი დაგხვდებოდათ. მას მერე, სხვადასხვა ოდენობითა და ხერხით, ყოველ გაზაფხულზე მომყავს მწვანე ხახვის პატარა, მაგრამ საკუთარი ხელით მოწეული მოსავალი. სხვათაშორის, ამ ყველაფრის მოწმე წლიდან წლამდე ჩვენი მერი პოპინსი გახლავთ, რომელიც მისთვის ჩვეული სათანადო გაფორმებითა და იუმორით არ ასვენებს ჩემეულ ექსპრეს-მებოსტნეობას და ხალისით უზიარებს ყველა ნაცნობს თავის „შეხედულებებს“ გარემოს გამწვანების მარტივ ხერხებზე.
დაკიდებული პამიდორები
 თუმცა, შარშან იმასაც გადაედო ჩემეული ენთუზიაზმი და თავის აივანზე პამიდორის დაკიდებული ბაღებიც კი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო.
მოკლედ, გაზაფხულის მოსვლასთან და მზის გამონათებასთან ერთად მიწის ყივილმა ჩემსავით თუ შეგაწუხათ და რაიმე მწვანე და ხასხასა მოგინდათ, თამამად მომბაძეთ, ყველაფერი ისეთივე მარტივია და ისეთივე ძველი. თან, როგორც  ამბობენ მწვანე ხახვი ოთახში მიკრობებს კლავს და ჰაერს წმინდავს.
დაგჭირდებათ:
ხახვის თავები, სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს;
მიწიანი ქოთანი ან წყლიანი ქილა (გააჩნია გაზრდის რომელ მეთოდს მიმართავთ)
ქოთნის შემთხვევაში, კარგად მორწყულ ნიადაგზე ფესვებიან მხარით ქვევთ და კუდით ზემოთ ოდნავი დაწოლით ათავსებთ ხახვებს (ბოლომდე ჩამარხვა არ ჭირდება). დარგული ხახვების ოდენობა დამოკიდებულია იამზე, თქვენი ქოთანი რამდენს დაიტევს პერიმეტრზე, ჩარგეთ ძალიან მჭიდროდ და ზედაპირულად.
წყლიან ქილაში გაზრდას აქვს ერთი უპირატესობა, მას მორწყვა არ სჭირდება, მაგრამ ქილის ან ჭიქის ზომის მორგება ხახვის ზომაზე, ისე, რომ არც ჩავარდეს და წყალსაც წვდებოდეს  - ცოტა სახლაფორთოა.  რომელ მეთოდს ამჯობინებთ, არჩევანი თქვენზეა.
ნიორი
წელს, ინტერნეტში ნანახი იდეა გადმოვიღე. ქოთნის როლში  იქ სხვადასხვაგვარად ამოჭრილ-გალამაზებული პლასტიკური ბოთლები გამოდიოდნენ. რთული დეკორი პლასტიკზე საჩემო ხელოვნება არ აღმოჩნდა, ამიტომ ბოთლი პრიმიტიულად გავჭერი სიგრძეზე ორ არათანაბარ ნახევრად. ერთი, უფრო ღრმა გავხვრიტე და  ჩავსვი მეორე ნახევარში. ქვედა ქოთნის ქვეშ ამოსადმელი ფიალის მოვალეობას შეასრულებს და მასში ზედმეტი წყალი დაგროვდება.
ბოთლში ხახვის გაზრდას ნიორიც მივაყოლე. შედეგი ფრიად და ფრიად სასიამოვნო აღმოჩნდა, თანაც ვიტამინიზირებული. მომბაძეთ, არ ინანებთ, ვიზუალურადაც ლამაზია და თან, ვისაც საჭმლის კეთება გიწევთ, ზედმეტი კონა მწვანე ხახვისთვის მაღაზიაში ჩარბენა აღარ მოგოწევთ.


საუკეთესო  სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუ

ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ

Approved by Natia Jinjolava


შცედური ხუტორი
ამა სწინათ, სულ ორჯერ ნანახმა და პრაქტიკულად უცნობმა ადამიანმა დამირეკა ღამის სამ საათზე და ნახევრად მძინარე, თავისი მოკლე ჭკუით ძაიან გამახარა. 15 წუთი ჭიდაობის -  „მიცანი?“ „ვერ გიცანი“, „როგორ ვერ მიცანი?“-ს (ნეტავ, საიდან უნდა მეცნო?) შემდეგ, როცა როგორც იქნა ბედს შეურიგდა და აღიარა რომ ჩემი ძმის შვილის ოთხი წლის წინანდელი და აწ უკვე შვედეთში ემიგრირებული და თუმრე წარმატებულად გათხოვილი ძიძა იყო. როგორც კი სრულიად ფორმალური ურთიერთ მოკითხვა მოვათავეთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მომახალა: „შვედეთში ხომ გათხოვდები?“ და იქვე დამარწმუნა, რომ როგორც კი თანხმობას ვიტყოდი, ვიღაც ყოფილი აფხაზეთიდან ლტოლვილი და უკვე შვედეთის მოქალაქე ახალგაზრდა ბიზნესმენი, იმ დღესვე ჩამომაკითხავდა... 
შვედეთის ფიორდები
თურმე ნუ იტყვით, წამრამტებულ ჭაბუკს, საქართველოსთან კავშირის გაწვეტა არ უნდოდა და თან ყველა სიკეთესთან ერთად, კარგი ოჯახის შვილსაც ეძებდა. საყვარელი სამშობლო და აქაური ფესვები შვედეთის მთავრობას თავშესაფარს რომ თხოვდა და მერე ბიზნესს აწყობდა ან მთელი ნათესაობა და ახლობლობა რომ მიყავდა (თან არალეგალურად), რატომღაც მაშინ არ გახსენებია, გამრავლების დრომ რომ უწია, მხოლოდ მაშინ მოაგონდა. ასეთი ხალხის მართლა ძალიან მიკვირს, აქედან რომ უკანმოუხედავად გარბიან და მერე იქიდან იჭაჭებიან სამშობლოს სიყვარულით გულდათუთქულები. და ეს არ ეხება იმათ, ვინც ნამდვილმა სამსახურმა და საქმემ, გაჭირვებამ, ან თუნდაც სიყვარულმა და ნამდვილმა სიყვარულმა და არა გარიგებამ  წაიყვანა, მე გაქცეულები და გაპარულები მყავს მხედველობაში - აქ რომ ქართველების და საქართველოს ხსენება არ უნდათ და მერე იქიდან რომ გვარიგენებ ჭკუას.
შვედეთში ასე წნავენ ფაცერებს
ან, ნეტავ, რა ბიზნესი აქვს ამისთანა შვედეთში ჩემს ახალგამომცხვარ საბედოს? უთუოდ ფაცერებს წნავს თხილის წნელისგან, მერე ფიორდებში რომ ჩადგას და კიბორჩხალები დაიჭიროს ან თევზს ბოლავს მდინარისპირა წისქვილში. თან ერთ კანონზომიერებას თუ დაკვირვებიხართ? როცა ზოგადად სიტყვა "ბიზნესს" ან "კომპანიას" მოიშველიებენ და კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, ყოველთვის რაღაც აქვთ დასამალი ან "ბიზნესი" ან "კომპანია" არ არის, თავი რომ მოაქვთ ისეთი საამაყო. მაგალითად, ძალიან ბევრი მეგრელი ვიცი, რუსეთში რომ აქვთ, როგორც თვითონ იძახიან "ბიზნესები" და მერე, როგორც წესი, ისევ იქაურ ქართველებს შორის ბანდიტური გარჩევის მსხვერპლი ხდებიან. 
შვედური ხუტორი
ამ ვწიროდმოაზროვნე ადამიანების ლოგიკით, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წლების ქართული ოცნება ავიხდინო და საზღვარგარეთ გავთხოვდე (ყოველ შემთხვევაში, შვედეთში მეტ პერსპექტივას ჩემთვის, ვერაფერს ვხედავ), უნდა მივატოვო ნათესაობა, ახლობლები, მეგობრები, აწყობილი ცხოვრება, სამსახური, წყალში ჩავყარო საკუთარი განათლებაც, ცოდნაც, რასაც კი ამდენი წელი მივაღწიე ყველაფერი და უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანს გავყვე და მის ახლობლებთან ერთად რომელიღაც მიყრუებულ ხუტორში ფუნთუშები და ნამცხვრები ვაცხო (როგორც ვიცი, აქაც იგივეთი იყვნენ დაკავებული). შვედური მე არ ვიცი, ჩემი ცოდნის შესაბამის სამსახურს ვერ ვიშოვი და ჩვენი ყოფილი ძიძის, რომელთანაც ჩემი ძმის შვილის სიყვარულის გარდა საერთი აქაც არაფერი მქონია, და მისი დის გარდა დამლაპარაკებელი და მეგობარი არ მეყოლება... შესანიშნავი პერსპექტივაა, ახლავე მივდივარ და ჩემოდანს ვალაგებ. მე შენ გეტყვი, ასე გაცნობილი „უცნობი“ ადამიანი არანორმალური რომ აღმოჩნდეს, უცხო ქვეყანაში პატრონი გეყოლება თუ გაიქცევი სადმე. არა, არ გეგონოთ, რომ შვედეთის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, პირიქით, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და მომწონს - უბრალოდ, ჩემი ადგილი იქ არაა. 
შვედეთის აბორიგენები
შეგიმჩნევით ხოლმე როგორი სიამაყით და ღრმააზროვანი ტონით ამბობენ: „მაგას შვილი გერმანიაში/ინგლისში/დანიაში ყავს გათხოვილი“? გეგონება პრემიერ-მინისტრის ცოლი იყოს რომელიმე. მემგონი საკმაოდ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გადალახა საოცნებო საზღვარი და იმედგაცრუებულიც დაბრუნდა უკან იმისთვის, რომ იქაური ლამაზი და აყვავებული ცხოვრების შესახებ - "ოღონდ ჩამოდი და აშენდების" ზღაპრის აღარ გვჯეროდეს. დაუმსახურებლად არავინ არაფერს მოგვცემს, მით უმეტეს, დღეს, როცა თავისიანისთვის აღარ აქვთ რაიმე შესათავაზებელი.
ან, ნუთუ, მხოლოდ სავსე კუჭისთვის ღირს ვირივით შრომა, ათასი დამცირების ატანა ან ქურდობა? და ცხოვრება უცხო ხალხში, მეგობრების, ახლობლების, მშობლების, საყვარელი ადამიანების გარეშე? როცა ვერ ნახულობ როგორ აიდგა ფეხი შენმა ერთადერთმა ძმის შვილმა, როგორ გაჭაღარავდა დედა, როგორ გათხოვდა შენი ბავშვობის მეგობარი და როცა შენიანების ცხოვრება შენს გარეშე, შენს მიღმა გადის...
შვედეთის ბუნება
ალბათ ყველას თავისი ბედი და ცხოვრება აქვს, მაგრამ ჩემი სიცოცხლის ყველაზე „ცოცხალი“ ნაწილი ჩემი პატარა ძმის პირველი ნაბიჯები ვაკის პარკში, უკვე საკმაოდ მოხუცი ბაუისთვის ძილის წინ საბნის შემოკეცვა, ახალნაოპერაციებზე მოზუზუნე დის შვილის ლოგინიდან წამოყენება, ძმის ქორწილისთვის სამზადისი, ყველაზე დიდი სიხარულის თუ გაოცების საუკეთესო მეგობრისთვის გაზიარება, დიდი ხნის უნახავ კლასელებთან ერთად ქეიფი, ჩემი დის შვილის შვილის გულიანი სიცილი, მამისთვის ხელის ხელზე მოჭერა კარდიოლოგის „განაჩენის“ მოლოდინში და რა ვიცი, კიდევ ათასი წვრილმანია. ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მშვენიერია და ასე საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, არასდროს არ მახსენდება რა მაცვია, რა ვჭამე, სად ვჭამე ან სად ვიყავი დროის სატარებლად, რატომღაც ამ დროს სულ საყვარელი ადამიანების სახეები მიდგას თვალწინ, ისინი კი მინდა თუ არ მინდა, არც მამელუქები არიან და არც ვენეციელები, ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები არიან, ისევე როგორც მე.
შვედეთი ზამთარში
ყოველთვის უკვირდათ რატომ არ წავედი საზღვარგარეთ და ყოველთვის გულწრფელად ვპასუხობდი, რომ არ მინდა და აქაც კარგად ვგრძნობ თავს. არა, პატრიოტი არ ვარ და არც ცხოვრება მაქვს სხვებზე უკეთ აწყობილი, უბრალოდ, აქ "ჩემები" მეგულებიან და ყველა კარიერაზე მეტ მნიშვნელობას ადამიანურ ურთიერთობას ვანიჭებ. აქ ის ხალხია ვინც მე მიყვარს და ვისაც მე ვყვარვარ - ვისაც ჩემი სიხარული მართლა უხარია, თორემ წაქცეულს, ვიცი,  იქაც წამომაყენებენ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი