უაზრო კითხვების რეიტინგი

Approved by Natia Jinjolava

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დაუსვამს უაზრო, უადგილო და ხშირად უხერხული შეკითხვა. სიცოცხლეში ერთხელ რას მიქვია, ამ საქმის ნამდვილი ჩემპიონებიც კი არსებობენ. ისიც დადგენილია, რომ ასეთ კითხვებს ყველაზე ხშირად ტელეფონზე საუბრისას სვამენ. ყველაზე გავრცელებული სატელეფონო შეკითხვაა: „მისმენ?“ ტელეფონთან ვზივარ, გელაპარაკები და აბა სხვას რას უნდა ვაკეთებდე?! მეორე ადგილზეა (ეს მობილურებს არ ეხება): „სახლში ხარ?“ სახლში დამირეკე, შნურიან, გადაადგილებაში შეზღუდულ ტელეფონზე გიპასუხე და აბა სად უნდა ვიყო?! თუმცა, მალე ალბათ სახლის ნომრიანი მობილური ტელეფონების გავრცელებასთან ერთად ეს კითხვა აზრიანიც გახდება, მაგრამ დღესდღეობით მაინც უაზროა და სხვათა შორის, ხშირად თავად უაზრო კითხვაზე უფრო უაზრო პასუხის პროვოცირებასაც იწვევს. ამას წინათ, სახლიდან გავდიოდი და კარებში ტელეფონის ზარი დამეწია, შევბრუნდი და ახლობელმა პირველივე კითხვა ალათ ხვდებით რაც დამისვა: „სახლში ხარო“ და მეც საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებულმა, სახლის ტელეფონიდან „არა“ ვუპასუხე....
ისე დაემთხვა, რომ რამდენიმიმე უზარო შეკითხვა ერთი მეორეს მიყოლებით მოვისმინე, ბევრი ვიცინე და გადავწყვიტე მათი რეიტინგი ჩამომეყალიბებინა. ყველაზე სასაცილო კითხვების  სიაში შემდეგი შვიდეული მოხვდა:
მეშვიდე ადგილი - საპატი ბოლო ადგილს ჩვენი იფიგენია დაუტფაიერი იკავებს. მეგობარი შეხვდა და ეუბნება: „ორი დღის წინ „გუდვილში“ მერი და პოლი ვნახეო“. იფიგენიაც არ დაიბნა და სასწრაფოდ შეეკითხა, „გუდვილში“ რას აკეთებდნენო?“
მეექვსე ადგილზე ერთ-ერთი მსხვილი ქართული ბანკის მეტისმეტად გონებაგახსნილი პროგრამისტი აღმოჩნდა. უფროსმა რამდენიმე ათასი ოპერაციის შესრულებაზე დასტურების ანუ როგორც ჩვენში ეძახიან „რეპორტების“ გადამოწმება დაავალა. მუყაითმა ბიჭმაც დაუზარლად იშრომა და დღის ბოლოს საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებული უფროსთან შევარდა და მოახსენა, რომ ყველა ოპერაცია თარიღების მიხედვით გადაამოწმა და არც ერთი დასტური არა იყო. უფროსიც მიხვდა უხეირო ხელქვეითის გაჭირვებას და აუხსნა, რომ მაგალითად 3 რიცხვში ჩატარებულ ოპერაციაზე დასტური მეორე დღეს, 4ის დასტურებში უნდა ეძებოს, 11-ის 12-ში და 30-ის პირველში და ა.შ. ჩაფიქრებულმა თანამშრომელმა უყურა უყურა და: „წინა თვე რომ 31-ით იყო, დასტური რა რიცხშვი უნდა ვნახოო“.
მეხუთე ადგილი - ბიძაჩემზე უკვე არა ერთი კურიოზი მოგიყევით და იცით რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბნეული და გულმავიწყი ადამიანია, ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ კითხვებსაც შესაბამისად სვამს. ერთხელ, იჯდა უკვე სტუდენტ შვილიშვილებთან ერთად და ერთადერთი შვილის ქორწილის ვიდეოჩანაწერს უყურებდა. უყურა, უყურა და მერე რძალს დაუძახა: „ყველა ვნახე და ბავშვები რატომ არ ჩანან, ქორწილში არ იყვნენო“? რძალიც არ დაიბნა და „რომ არ ეცელქათ მეზობლებთან დავტოვეთო“ უპასუხა.
მეოთხე ადგილი - ჩემთან სახლში ვიღაც გოგომ დარეკა და პირდაპირ მომაყარა: „უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებისთვის საშემოდგომო გამოცდების გადატანის თარიღთან  დაკავშირებით...“ როგორც კი ამოისუნთქა და პირველი პაუზა გააკეთა გავაწყვეტინე: „ეს ბინაა, სხვაგან მოხვდით“-მეთქი. „აბა, მე რა ნომერზე დავრეკოო?“ გგონიათ ამით მორჩა ყველაფერი? გავიოცე: „მე ისიც არ ვიცი სად რეკავთ“-მეთქი და დაწვრილებით დამიწყო ახსნა. კინაღამ ვუთხარი, 5 წუთში დამირეკე, 09-ზე  გადავრეკავ და გავიგებ რა ნომერი გჭირდება-თქო. 
ესამე ადგილი - აბა, რა გასაკვირია რომ ბიძაჩემი  საპრიზო ადგილებზეც მოხვდა. მამიდაჩემს ერთი მეგობარი ყავდა, რომელიც საკმაოდ გვიან გათხოვდა და ცოლად ქვრივ კაცს გაყვა. კაცი ხნიერი იყო და მალე გარდაიცვალა. რასაკვირველია, ჩემები გასვენებაში  წავიდნენ და ბიძაჩემი მთელი გზა არკვევდა რატომ ასაფლავებდნენ საბრალო კაცს პირველი ცოლის გვერდით. მამიდაჩემიც დაუზარებლად უხნიდა, რომ კაცმა პირველ ცოლთან 35 წელი გაატარა, მისი მეგოარი კი მხოლოდ ორი წლის შერთული ყავდა... როგორც იქნა სასაფლაომდე მივიდნენ და ბიძაჩემი მამიდას მიუბრუნდა: „ამ კაცის პირველ ცოლს რა მოუვიდა, მოკვდაო?“
საპატიო მეორე ადგილი ჩვენ ბლოგს ერგო - მისის ენდრიუს ვუყვები, რომ კახეთში ღვინის ტურზე დამპატიჟეს, რომელშიც ღირშესანიშნაობების დათვალიერებასთან ერთად ჩურჩხელების ამოვლებაც შედის. „ჩურჩხელის ნიგოზი წლევანდელი ნედლი იქნება თუ შარშანდელი ხმელიო?“. დამიჯერეთ, ძალიან კირკიტა ვარ და ექსკურსიის ორგანიზატორებს რა არ ვკითხე, მაგრამ მსგავსი რამის გარკვევა თავშიც არ მომსვლია, მით უმეტეს რომ იმ ჩურჩხელების შასანახად შეძენას არ ვაპირებდი.
პირველი ადგილი - ჩვენი ბლოგის ერთ-ერთი მეგობრის, ფრეკენ ბოკის დედამთილ-მამამთილი ბინას ყიდულობდნენ და ცოლმა ქმარს უსაყვედურა: „ამდენი ვარიანტი შემოვიარეთ და ხმას არ იღებ, სულ ჩუმად ხარ, სულ არ გაინტერესებს რას ავარჩევთო“. მეუღლის სამართლიანი შენიშვნით შეფუცხუნებულმა ქმარმა ინიციატივის გამოჩენა განიზრახა და პირველივე გასაყიდ ბინაში ნამდვილი რევიზია ჩაატარა: ჯერ შემოსასვლელში, კარებთან დაფენილი ოცსანტიმეტრიანი ფარდაგი ასწია და შეამოწმა, მის ქვეშაც თუ იყო პარკეტი დაგებული, მერე სასტუმრო ოთახში შევიდა, მიიხედ-მოიხედა ერთადერთი ფანჯრიდან გადაიხედა და ბინის პატრონს მკაცრი სახით ჰქკითხა: „ეს ფანჯარა თვენიაო?“


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    saaagol nati sagoll : ))))))

Post a Comment