"რა სარგებლობა მოაქვს მამალს?"

Approved by Mary Poppins



ბინაში ახალგადასული ვიყავი, რომ ახალ სამეზობლოში გასაოცარ სცენას გადავაწყდი: ჩემს მეზობელ, 45 წლის, ჩვეულებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ზრდილობიან და ინტელიგენტ მამაკაცს სადარბაზოს კარი ფართოდ ქონდა გამოღებული და ასევე, რესპექტაბელური 40 წლის ცოლის და ორი შვილის დედის სახლიდან გამოგდებას  ცდილობდა. ქალი კარის სახელურებს, შიგნიდან და გარედან, ორივე ხელით ებღაუჭებოდა და ბოლო ხმაზე კიოდა: „ჩემი სახლია და არსადაც არ წავალო“. ქმარი კი ხან წიხლებით ცდილობდა ცოლის აქეთ-ქით მოქანავე კარებიდან ჩამოხსნას და ხანაც წელზე ებღაუჭებოდა და ქაჩავდა, მაგრამ ვერ ერეოდა, თან ვერბალურ ზემოქმედებასაც არ აკლებდა და ათასგვარი ეპითეტებით ამკობდა. ეს ყველაფერი აღრიალებული ბავშვების და გარშემო შეკრებილი მეზობლების გნიასის ფონზე ხდებოდა. საბოლოოდ ქმარი დაიღალა, გაალმასებულ ქალს შეეშვა, ცოლმა კი გამარჯვებული სახით შეაბიჯა სახლში და „გულშემატკივრებს“ კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და წელიწადში 3-4-ჯერ რეგულარულად განმეორებად მსგავს სცენებს თუ არ ჩავთვლით, ოჯახი „ბედნიერად“ ცხოვრობს.
ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა ქალი ასაკით მასზე ბევრად უფროს, ორშვილიან კაცს გაყვა ცოლად. თანაც პატარა სოფლიდან არა მარტო შუაგულ ვაკეში ამოყო თავი, მის ქმარს საკმაოდ კარგი შემოსავალიც ქონდა, პრესტიჟული მანქანაც ყავდა და პროფესორიც იყო. ერთი სიტყვით, თითქმის ყველა ქართველი პროვინვციელი გასათხოვარი გოგოს ოცნება აიხდინა. ძალიან მალე სანატრელი ვაჟიშვილიც (კაცს გოგოები ყავდა) გააჩინა და ფულიანი მამამთილის სახელიც დაარქვა წინდახედულად. არ გასულა რამდენიმე თვე, ყველას გასაკვირად, ჯერ კიდევ ჩვილ ვაჟიშვილს ხელი დაავლო და სოფელში დედასთან გაიქცა საკუთარი ნებით. თბილისში 8 თვის თავზე დაბრუნდა ცხვირამდე მუცლით და ახლობლებს საიდუმლოდ გაგვანდო: „წასული იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი ფეხმძიმობის ამბავი ქმარს არ გაეგო. აწი კი გვიანია და ბავშის მოშორებას ვეღარ მომთხოვსო. მეოთხე შვილი არ უნდოდა, მე კი ერთის იმედად ვერ ვიქნებოდი, ორი რომ მეყოლება, რომც არ ვუნდოდე, სახლიდან ვეღარ გამაგდებსო“... გულით მინდოდა მეკითხა, სახლიდან მხოლოდ ბავშის გამო რომ არ გაგდებს ისეთი კაცის გვერდით რა გინდა-თქო, მაგრამ მივხვდი რომ ვერ გაიგებდა რას ვერჩოდი.
და, ქმარს რომ ათასი ხრიკებისა და შანტაჟის წყალობით იჭერენ  ასეთი უამრავი ქალი ვიცი. მე სხვა რამე მაინტერესებს: ნეტა, ამად თუ ღირს? ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და რატომ უნდა გავატაროთ ეს სიცოცხლე იმის გვერდით, ვინც ვერ გვიტანს. არამგონია ასეთი ქალები ბედნიერები იყვნენ. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც კარგა ხანია კაბინეტში გაშლილ დივანზე სძინავს და ყოველ დილას იმის იმედით იღვიძებს, რომ ღამე კედელს იქით საძინებელში ცოლი ძილში გაიპარება და ერთ მშვენიერ დილას მკვდარი დახვდება... იკითხავთ, ცოლი თუ ასე ეზიზღება, რატომ არ მიდისო, იმიტომ რომ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, კაცებს სახლიდან წასვლა უჭირთ: სიყვარული არაფერ შუაშია, ბუნებით ბიზნესმენებს ოჯახში ჩადებული შრომის და თანხების დატოვება უჭირთ. პარადოქსია, მაგრამ განქორწინებების 85% სწორედ ქალების ინიციატივით ხდება.  თანაც, ასეთ ოჯახებს, სხვა ბევრად უარესი სტატისტიკაც მოაქვთ.
ქალი ბუნებით ერთგულია, ძალათი დატოვებულ ქმარს კი რაც არ უნდა გამძლე ბორკილებით იყოს ცოლის ფეხს გამობმული, თვალი გვერდზე გაურბის და ცოლს ყურადღებას აღარ აქცევს. ამიტომ კვლავაც კაცის თავმოუბმელობის და უთავმოყვარეობის გამო, შანტაჟისტ ცოლს ხშირად ქმრის თეორიული ქმრობა აღარ აკმაყოფილებს და შურისძიების გეგმაზე გადადის. 
შედეგად, ასევე, ოფიციალური სტატისტიკით, ქორწინებაში გაჩენილი ბავშვების 15% მამის არაა, დედების 5%-მა კი ზუსტად არ იცის ბავში ვისია... დიახ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი და საქმეში კარგად ჩახედული კაცი იტყოდა, კაცისთვის ნაღდი ნათესავი მარტო დის შვილია, დანარჩენი კი, შვილების ჩათვლით, კაცმა არ იცის ვისია. ჯობია ამაზე საერთოდ არ იფიქრო, თორემ რა უმაღლესი მათემატიკა უნდა იმის დათვლას, რომ ქართველი კაცების 98,8%-თი საყვარელი ყავს, ქართველი ქალების 80% კი გათხოვილია. ყველა კაცი იმ 20%-თან ხომ არ ადადის, არა?

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment