Mardi Gras ანუ მარდი გრა - მსუქანი სამშაბათი

Approved by Mary Poppins



ევროპასა და ამერიკაში ჩვენი ყველიერის ანალოგს „მარდი გრას“ (Mardi Gras) ეძახიან, რაც ფრანგულად სიტყვა-სიტყვით მსუქანა ანუ ქონიან სამშაბათს ნიშნავს. ამ დღესასწაულის ძირითადი აზრი გაზაფხულის შეხვედრასა და ზამთრის გაცილების საპატივცემულოდ მოწყობილ კარნავალში მდგომარეობს (პრინციპში, როგორც ყველიერის). დღეისათვის მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ნორვეგიაში, ბელგიაში, ეკვადორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში.
ისევე, როგორც სხვა დღესასწაულები, მარდი გრას სათავეც ქრიასტიანობამდელ ეპოქაში უნდა ვეძებოთ. წარმართებში ხომ უსაზღვრო პოპულარულობით სარგებლობდა გაზაფხულის დახვედრისა და ცივი ზამთრის „გაბუნძულების“ რიტუალები, რომლის დროსაც მასობრივი სეირნობა, კოსტუმირებული ცეკვა-თამშობები და ჭიაკოკონობა ეწყობოდა. დღესასწაულის ბოლოს კი საკმაოდ ხშირად ირჩევდნენ ზეიმის მეფესა და დედოფალს და საყოველთაო მხიარულებას ზამთრის გიგანტური ზომის ფიტულის დაწვით ამთავრებდნენ. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ წარმართული დღესასწაულის დიდი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა და გაქრა, ნაწილმა კი ტრანსფორმაცია განიცადა და ახალ რელიგიას მოერგო - მარდი გრაც ანუ ჩვენი ყველიერის კათოლიკური ბიძაშვილიც სწორედ "მოქცეულთა" რიცხვში მოხვდა.
ძველ დროში მარდი გრასთვის მთელი კვირა (ხშირად უფრო მეტიც) ემზადებოდნენ, აგროვებდნენ დიდი ოდენობით ნუგბარ-ნუგნარ საჭმელსა და სამელს და ამ დღეს ახვავებდნენ მაგიდაზე. თანაც ეს დღე სამზარეულოდან გამოსული გემრიელი არომატით იწყებოდა - დიასახლისები დილიდან იწყებდნენ ბლინების ცხობას. საინტერესოა ისიც, რომ ევროპელები ადრე, მარდი გრას მხოლოდ ერთი დღე ზეიმობდნენ და ღრეობას ზუსტად შუაღამემდე ამთავრებდნენ. ამასან დაკავშირებით, ერთი საინტერესო ლეგენდაც კი არსებობს მზეთუნახავ როზსა და მის შეყვარებულ გაბრიელზე: ლეგენდის თანახმად ერთ სოფელში ულამაზესი როზ ლატულიპი ცხოვრობდა, რომელიც ერთხელ თავის შეყვარებულთან ერთად „მარდი გრას“ კარნავალზე გაემართა. როზი ბევრს მოსწონდა და კონკურენტმა ბიჭებმა ცეკვის დროს, გაბრიელის განცალკევება და წვეულებიდან განდევნა მოახერხეს. აღშოთებული ბიჭი შორს არსად წასულა, იქვე ბუჩქებში დაიმალა და სხვების მხიარულებას იქიდან უთვალთვალებდა. გაბრიელის გულში ეჭვი და ბოღმა დუღდა. შუაღამის დადგომამდე ზუსტად ერთი საათით ადრე, საცეკვაო მოედანზე ვიღაც უცნობი შეიჭრა და როზი საცეკვაოდ გაიწვია. 
ეჭვიანობისგან გადარეულმა გაბრიელმა ვეღარ მოითმინდა გა გაიქცა, მოედნიდან გავარდა თუ არა ქუჩის კუთხეში მდგომი ეშმაკი დაინახა, რომელიც ნესტოებიდან ორთქლს უშვებდ და მიწას ყორნისფერ ფლოქვებს  სცემდა. დაზაფრული ბიჭი ადგილზე გაიყინა, მიხვდა რომ მის შეყვარებულთან მოცეკვავე უცნობი ამ ეშმაკს ყავდა მოყვანილი თავისი ზურგით და არც მეტი არც ნაკლები, თავად სატანა იყო. სატანამ კი იცოდა, რომ როზთან ერთად შუაღამემდე თუ იცეკვებდა, გოგო სამუდამუდ მისი გახდებოდა. როზი თავდავიწყებით ცეკვავდა და ვერც კი ამჩნევდა სოფლის მთავარი საათის ისარი თორმეტს როგორ უახლოვდებოდა. სატანა უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ შუაღამემდე რამდენიმე წამით ადრე მოედანზე გაბრიელი შევარდა და სატანას თავისი სატრფო ტორებიდან გამოგლიჯა. მას მერე „მარდი გრას“ აღნიშვნას სამშაბათ დილას იწყებდნენ და ოთხშაბათის დადგომამდე ამთავრებდნენ.
ეს ამ დღესთან დაკავშირებული ერთადერთი ლეგენდა არ გეგონოთ: მეორე არანაკლებ პოპულარული ლეგენდის თანახმად, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორის შვილს ბატონიშვილ ალექსეის ამერიკელი მსახიობი ლიდია ტომპსონი შეყვარებია და 1872 წელს საყვარელ ქალს ახალ ორლენაში გაკიდებია. „მარდი გრას“ კი ახალ ორლეანში ყველაზე ხმაურიანად აღნიშნავენ. დღესასწაულის ორგანიზატორებმა ქალაქში სამეფო ოჯახის წევრის სტუმრობის ამბავი რომ გაიგეს, აღლუმისთვის სასწრაფოდ ახალი პლატფორმა დაამზადეს და მასზე მეფის ფიგურა შემოდგეს - ასე გახდა ალექსეი რომანოვი ამერიკული მარდი გრას მეფე. მას მერე ახალი ორლეანის ყოველ აღლუმს დღესასწაულის მეფე და დედოფალი ხსნიან.  
ახალ ორლეანის კარნავალს თავისი ოფიციალური ფერებიც აქვს: ოქროსფერი, მწვანე და იისფერი და საკუთარი სახელგანთქმული ნამცხვარიც გააჩნია.  Mardi Gras King Cake-ი კარნავალის ფერებში შეღებილი შაქარმოყრილ დაწნული ფუნთუშაა, რომელშიც პატარა თოჯინას ატანენ. თავად ტორტის ფორმასა და ფერებში მთელი სიმბოლიკაა ჩაქსოვილი - ცომის ნაწნავი სამი მოგვის ბეთლეემისაკენ გზას განასახიერებს, თოჯინა კი ჩვილი იესოა. ნამცხვრის თავზე მოყრილი სამფერა შაქარი - ოქროსფერი,  მწვანე და იისფერი, შესაბამისად, ძალაუფლების, სამართლიანობისა და რწმენის სიმბოლოა. ვისაც თოჯინიანი ნაჭერი შეხვდება, მას იღბალი და ღვთის მადლი აღარ მოაკლდება, მაგრამ სამაგიეროდ კიდევ ერთი ნამცხვარი უნდა იყიდოს და სხვებს გაუნაწილოს და ასე მომდევნო წვეულების მასპინძელი გახდეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ, მაგალითად სიდნეიში „მარდი გრამ“ დამატებითი დატვირთვა მიიღო და ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი გეი-პარადი იმართება. გერმანიაში თებერვალში ჩასატარებელი „მარდი გრას“ სამზადისს ნოემბერში იწყებენ - 11 ნოემბრის 11 საათსა და 11 წუთზე. ყველაზე ხმაურიანი მსვლელობები მიუნხენსა და კიოლნში ეწყობა. აქ დღესასწაული რამდენიმე ეტაპად ტარდება და „მსუქანა სამშაბათის“ წინა ხუთშაბათს Weiberfastnacht-ით იწყება, როცა ქალები ალქაჯებისა და გრძნეულების კოსტუმებს იცმევენ და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი კაცებს „აწიოკებენ“.
„მარდი გრას" აღნიშვნა კულიმინაციას ორშაბათს Rosenmintag-ის დროს აღწევს, როცა ქალაქების ცენტრალურ ქუჩენში კარნავალი იმართება და სახალხო სეირნობა საღამოს დიდი ფეიერვერკით მთავრდება. ამას საბაშვო სამშაბათი მოსდევს, როცა ბავშები სკოლაშიც კი ზღაპრულ კოსტიუმებში გამოწყობილები მიდიან და სახლში საჩუქრები და ტკბილეული ელოდებათ. „მარდი გრას“ ლოგიკური დასასრული კი „ნაცრიანი ოთხშაბათი“ ანუ Aschermittwoch-ია. ხუთშაბათიდან კი დიდი მარხვა იწყება...
ახლა კი ყველაზე მთავარი: ნურავითარ შემთხვევაში ნუ აურევთ ერთმანეთში „მარდი გრასა“ და „მარდი გრასს“ - ეს ერთმანეთისგან კატეგორიულად განსხვავებული დღესასწაულებია. „მარდი გრა“ ფეერიული კარნავალია, „მარდი გრასი“ კი ავტრალიის ქალაქ ნიმბინში ტარდება და ... პლანს ანუ მარიხუანას ეძღვნება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment