ხაჭაპური ფენოვანი ცომით

Approved by Natia Jinjolava



600 გრ კარაქი ან მარგარინი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურაზე. 1 ჩ/კ საფუარს და 1 ჩ/კ შაქარს დავასხათ 50 მლ ნელ-თბილი წყალი და 10-15 წუთი დაველოდოთ ბუშტებს როდის გაიკეთებს. მაგიდაზე დავახვავოთ 1 კგ ფქვილი, შუაში გავუკეთოთ ჩღრმავება და ამ „კრატერში“ ჩავასხათ საფუარიანი წყალი, შემთბარი ბორჯომი ან წყალი და მოვზილოთ საკმაოდ ნაზი ცომი. ბოლოს ჩავაზილოთ 2 კვერცხი და ტილოგადაფარებული ცომი 2 საათი გავაჩეროთ და ამოსვლა ვაცალოთ. ცომი კიდევ ერთხელ გადავზილოთ. სამზარეულოს მაგიდის გასუფთავებულ ზედაპირს მოვაყაროთ ფქვილი და ცომი თითის სისქეზე გავაბრტყელოთ (გავიყვანოთ). მარგარინი ან კარაქი კრემივით ავთქვიფოთ და ჩვენს გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ. ასე გავაჩეროთ 1 საათი. ამის შემდეგ ცომს ხელები ქვეშიდან ფრთხილად შევუცუროთ და რამდენადაც შევძლებთ თხლად, მთელი მაგიდის ზომაზე გავწელოთ (თუ სადმე გასკდა, არაუშავს). გაწელილი და კარაქიანი ცომი რულეტივით დავახვიოთ მაგიდის უფრო ვიწრო განიდან სიგრძეზე. უკვე დახვეული რულეტი კი ლოკოკინასავით დავახვიოთ, ტილო გადავაფაროთ და მაცივარში მინიმუმ 4 საათით შევდოთ (მეორე დღეს კიდევ უკეთესი იქნება).
ამ ცომისგან ორი დიდი საცხობი ფირფიტა ხაჭაპური გამოდის. ანუ, ცომს გაყოფთ ოთხ ნაწილად. ერთ ნაწილს გაარტყელებთ საცხობი ფირფიტის ზომაზე, მოაყრით დაახლოებით 0,5 კგ დაფშვნილ ყველს. გააბრტყელებთ მეოე ნაწილს და თავზე გადააფარებთ, გვერდებს შემოუკეცავთ. თავზე მაწონში ათქვეფილ კვერცხს გადაუსვამთ და გამოაცხობთ გახურებულ ღუმელში. იგივეს გაიმეორებთ მეორე ხაჭაპურთანაც.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment