ისტორია მესამე: ჭკვიანი რძალი

Approved by Mary Poppins



ჩემს ნაცნობებში ლამის ერთადერთი რძალ-დედამთილი მეგულება 20 წლის ნამძილზე ერთი კონფლიქტიც რომ არ ჰქონიათ და ასე შეხმატკბილებული ცხოვრობენ ერთმანეთისგან 400 კილომეტრის მოშორებით. არა, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთის ყველაფერი მოსწონთ და არაფერი არ წყენიათ, ან მანძილის გამო ახლო ურთიერთობა არ აქვთ, უბრალოდ, ორივე კარგადაა აღზრდილი და კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - დედამთილს შვილისადმი და რძალს ქმრისადმი სიყვარული. შეგნებულ ადამიანს კი ვინმე რომ უყვარს, თავის არა, იმის ინტერესებზე ფიქრობს ხოლმე.
ამდენი წლის მანძილზე არაერთხელ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა რძალსა და დედამთილს შორის, მაგრამ თავიანთი პრობლემები და საწუხარი არც შვილისთვის მოუხვევიათ თავზე და არც ერთმანეთისთვის მიუხლიათ პირში. დარდისა და დაგროვებული ბოღმის გასაზიარებლად ორივეს ყავს რამდენიმე სანდო ადამიანი (მათ შორის ერთი საერთო მოსაიდუმლე), რომელთანაც გულს აბსოლუტურად მშვიდი სინდისით მოიოხებენ ხოლმე და ასე მშვიდად განაგრძნობენ ცხოვრებას.
ერთადერთი სერიოზული ინციდენტი რამდენიმე წლის წინ მოხდა და მაშინაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ორივე ქალის სიბრძნე და ურთიერთობაში ტაქტისა და მოთმინების უპირატესობა. საკმაოდ თანამედროვე, შეგნებულ და ხალისიან დედამთილს ერთადერთი წიკი აქვს - ქალს ყველაფერს აპატიებს სიგარეტის მოწევის გარდა. ახლობლები ვშაყირობთ ხოლმე, თუ გაიგო რომ ქალს საყვარლები ყავს, იტყვის: „მაგი აწი საიგარეტის მოწევასაც დაიწყებსო“. რძალს კი პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლი აქვს: დედამთილისგან ჩუმად სიგარეტს ეწევა. ერთი სიტყვით, ერთ მშვენიერ დღეს შვილთან სტუმრად მყოფმა დედამთილმა სამზარელოში მენთოლიანი სიგარეტის კოლოფი იპოვა... რა გგონიათ იჩხუბა? არა, ოთახში ჩაიკეტა და ბევრი იტირა და კიდევ რამდენიმე ახლობელთან გაყარა ცეცხლები, რძალს კი უბრალოდ გაებუტასავით, ძველებურად აღარ ემეგობრებოდა და ცოტა ცხვირიც აუბზუა. რძალსაც ხმა არ ამოუღია, მაგრამ ძალიან გაბრაზდა - ამხელა ქალი ვარ და ვინ ეკითხება მე რას ვიზამო. მოკლედ, ორივე ქალი განრისხდა და ორივე თავისთვის გაიბუსა და ოჯახში პირველად დაიძაბა სიტუაცია. 
ბედის ირონიით, ზუსტად იმ პერიოდში დედამთილს ძალიან მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. არა, რძალი სამაგალითოდ უვლიდა, მაგრამ ავადმყოფს ხმას არ სცემდა. ნარკოზისგან და ტკივილებისგან გაწამებულ დედამთილს კი ადამიანური სითბო მოაკლდა და  პირველად უღალატა მოთმინებამ. არა, არ უჩხუბია, უბრალოდ საწოლიდან აღშოთებულ ტირადებს ისროდა ხოლმე. არადა, სულ ცოტა მოფერება და ერთი ღიმილი დაამშვიდებდა, მაგრამ რძალსაც მაინცდამაინც მაშინ უწია იმდენი წლის ნათმენმა და თავისი თავი ვერ დაძლია.
ახლა რას ხედავდა სამსახურიდან საღამოს სახლში დაბრუნებული შვილი (ქმარი), უზადოდ მოვლილი დედა იწვა, მისი ცოლი თავს ევლებოდა, მაგრამ დედა მაინც უკმაყოფილო იყო და ჯაჯღანებდა. მერე რძალმა მითხრა, ჩემი ქმარი სამსახურიდან დაღლილი და მშიერი მოდის, დედამისის უაზრო გამოხტომებით ნერვები რატომ უნდა ავუშალო, არაფერს ვეუბნებიო. იმის წუწუნმა თუ გამაგიჟა, ჩემს დებს ან შენ მოგიყვები და ასე დავიმშვიდებ ნერვებს, ჩემი ქმარი ტყუილად რატომ ვანერვიულოო. შედეგად, მისი ქმარი დარწმუნებული იყო, რომ დედამისი მის ცოლს დაუმსახურებლად უწყრებოდა... აი, ასე.
კრიზისმა გაიარა, რძალ-დედამთილს კვლავაც არაჩვეულებრივი და ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ და ერთმანეთი მართლაც გულწრფელად უყვართ. დღეს რძალი თვითონაა ორგზის დედამთილი და მასაც „მშვიდობა“ აქვს რძლებთან. მე კი, ვთვლი, რომ ასეთი გაკვეთილი არასდროს მიმიღია: მართლაც, ქმარს თუ ახარე, რომ დედამისი ცუდია ამითი რამეს მოიგებ? დედამთილის მწარე ნათქვამი და საქციელი აღარ გეწყინება თუ შენი ქმარი იქნება უფრო ბედნიერი? იმას დედა მაინც უყვარს, დედამთილს კი რა გამოასწორებს? ხანდახან გაჩუმებით მეტს მოიგებ. თანაც, თუ მაიცდამაინც, მივუშვათ და დედამთილმა იკივლოს !

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment