ბლოგის მივიწყებული პერსონაჟები

Approved by Mary Poppins



ამ ბლოგის შექმნის იდეა საკმაოდ კურიოზულად წარმოიშვა: მე და ჩემი მეგობრები მაგიდასთან ყავის ჭიქით და ნატეხი შოკოლადით ხელში მოკალათებულები მსოფლიო თუ კოსმიური მასშტაბის პრობლემების განხილვა-დამუშავებას რომ მოვრჩებოდით ხოლმე, მერე ერთმანეთს დესერტად ე.წ. საკუთარი და ახლობლების „კაცების“ უსაქციელობის თაობაზე ვუყვებოდით ხოლმე და ასე ვერთობოდით. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ხანდახან (პრინციპში ხანდახან კი არა, საკმაოდ ხშირად) მამრები შინაურ ცხოველებზე უფრო სასაცილოდ და უცნაურად იქცევიან და უამრავი „უცხო ყურს რომ არ გაეგონება“ ისეთი კურიოზი დაგვიგროვდა.
ჰოდა, მეც სულ ვხუმრობდი, რომ ამ ინციდენტებისა და ჩვენი მამაკაცების „საქმეთა საგმიროთა“ ისტორიისთვის არშემონახვა და მომავალი თაობებისათვის „გაფრთხილების წიგნად“ არგადაცემა ჭეშმარიტი დანაშაული იქნებოდა და ჯერ რჩევების კრებულის შექმნა განვიზრახე. მერე, როგორც ყველა იდეას ჩვევია, ამ უკანასკნელმაც განიცადა ევოლუცია და შინაურებისთვის საკუთარი ბლოგის გახსნა განვიზრახე, სადაც გულისმოსაოხებელი დღიურის გაკეთებას და ჩვენი ისტორიების მოქმედ პირთა ნამდვილი სახელების დასახელების გარეშე მოყოლას ვაპირებდი. ჩემი იდეა მეგობრებმა ხალისით აიტაცეს და მალე წამქეზებელიც მრავალი გამომიჩნდა - გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს საკუთარ თავზე თუ მოყვასზე სხვისი აზრის თუ შეხედულების წაკითხვა და სხვის ცხოვრებაში ამ გზით ცხვირის ჩარგვა. ასე გადიოდა დღეები, ბლოგი არსად ჩანდა, იდეა კი კვლავაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვითარდებოდა: რაც დრო გადიოდა და რაც მეტს ვფიქრობდი, უკვე უბრალო დღიურის ფორმა აღარ მაკმაყოფილებდა და ჩემმა განზრახვამ კიდევ უფრო ღრმა შინაარსი და დატვირთვა შეიძინა: საკუთარ თუ ნაცნობ-მეგობარ კაცებს დავემუქრე, რომ მათ უსაქციელობას სახალხო სამსჯავროზე გამოვიტანდი და მათ არაადეკვატურ გამოხტომებს მსოფლიო აბლაბუდაში ტყეში ბუნებრივ აბლაბუდაზე მობრჭყვიალე ნამის წვეთებივით გამოვამზეურებდი.
მიზნების ზედმიწევნით პირადულობის გამო საიტის შემქნის იდეა იმთავითვე ვუარვყავი და ბლოგზე მოშუაობა (რატომღაც მეგონა, რომ სხვის ბლოგს დაინტერესებულ პირთა გარდა არავინ წაიკითხავდა) საკუთარ ბლოკნოტში დავიწყე: თანამზრახველებთან ერთად გავაკეთეთ ბლოგის პერსონაჟთა სავარაუდო სია, შევურჩიეთ ფსევდონიმები, გავიკითხეთ მეგობრებში ვინმე ხომ არ იყო უარზე, რომ მათ პირად ცხოვრებას, თუნდაც ანონიმურად, ინტერნეტში გაეჟონა - ჩემდა გასაოცრად უარი არავის უთქვამს, პირიქით, მოუთმენლად ელოდნენ. მერე თანამზრახველებიც შემოვიკრიბეთ და დავიწყეთ...
ისე გავერთეთ, რომ ჩვენი ქვენა განზრახვები სრულიად გადაგვავიწყდა - ნაცნობი კაცები ვის ახსოვდა, სულ სხვა თემებზე ვწერდით და სულ სხვა რამეებს ვაკეთებდით. არცერთი ისტორია, რომლისთვისაც ბლოგში შეიქმნა, მის გვერდებზე და სტატიებში არ მოხვედრილა, უფრო მეტიც ჩვენი „რისხვის“ არცერთ საგანს არ შევხებივართ და ჩვენი ე.წ. „მუზები“ მხოლოდ ბლოგის გვერდზე: „ჩვენს შესახებ“ იწონებენ თავს. არა, რაც მართალია, მართალია - სახლში დღესაც ვიმუქრები ხოლმე, რომ ოჯახის წევრების ამა თუ იმ „დანაშაულზე“ დავწერ, მაგრამ მემგონი უკვე მიმიხვდნენ და აღარ ეშინიათ. სამაგიეროდ ბევრი საერთოდ "უდანაშაულო" მოვიმდურე. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ისტორია არ იბეჭდება მთავარ პერსონაჟთან შეთანხმების გარეშე (რასაკვირველია, ისტორიის ხანდაზმულობის ვადა თუ არ არის გასული), მათი შინაარსის ანონიმურობის გამო, ბევრმა ჩემი ესა თუ ის მოსაზრება და სხვისი თავგადასავალი საკუთარ თავზე მიიღო და "გამებუტა". აბა, რა ჩემი ბრალია, ადამიანები ერთმანეთს თუ ვგავართ და ხშირად ნაკლი თუ უზნეობაც ერთნაირი გვაქვს? 
სიმართლე გითხრათ,  ბლოგის ასეთი სახეცვლილება ძალიან მიხარია - რეალობამ კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ ჩვენი ცხოვრება, აზრები და ფიქრები და თუნდაც დღევანდელი დღე კაცების საქციელზე, არსებობაზე და მათ თუნდაც ექსცენტრიულ გამოხტომაზე დამოკიდებული არ ყოფილა. ბლოგში იმას ვწერ, წინა დღით რაც გამახსენდა, რაზეც მომიყვნენ და რის თაობაზეც ჩამომიყალიბდა საკუთარი ზარი და კონკრეტულად ახლა მეფიქრება.
თუმცა, იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბლოგის თავდაპირველი იდეა გავიხსენე და დაგეგმილი და კარგად მოფიქრებული შურისძიებისთვის  გამოვიყენე, ოღონდ კაცის არა, ქალის წინააღმდეგ. დაახლოებით ორი წლის წინ ჩემი მეგობარი გოგო მესტუმრა და თან თავისი შორიახლო ნაცნობი, ერთი შეხედვით, ძალიან ნორმალური გოგო მოიყვანა. ახალგაცნობილმა მთელი საღამო ილაპარაკა, როგორი პატიოსანი ქალი იყო და აბა, ჩემთან დასამალი რა ქონდა (!), ვინმე წესიერს რომ შეხვედროდა, საყვარელსაც გაიჩენდა... კი გამიკვირდა, ამისი ინტიმური ცხოვრება მე რაში მაინტერესებთ-თქო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევაი. მას მერე ეს გოგო კიდევ ორჯერ ვნახე ჩემი მეგობრს სახლში. მეტი შეხება არ მქონია. ჩვენი საერთო მეგობრისგან მალე შევიტყვე, რომ ცოლიანი საყვარელი ყავს და მაგრად ეშინია მე არ გავიგო. კვლავაც გავიფიქრე, მე რა შუაში ვარ-მეთქი და იქვე დავივიწყე. ცოტა ხანში მეგობარი კვლავაც მესტუმრა და მომიყვა, რომ ამ გოგოს ჩემს წინაშე შერცხვენის შიში უცნაურ პარანოიაში გადაეზარდა და შედეგად სადაც კი მიდიოდა მე მლანძღავდა. მოკლედ, მთელი 6 თვის მანძილზე მისი მეგობარი ჩემთან ყოველ დღე რეკავდა და შესაშურად დაწვრილებით მიყვებოდა ამ გოგოს მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა და მისი პირადი არცთუპატიოსანი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. წერას ატანილმა ქალმა ჩემგან ვერანაირ რეაქციას რომ მიაღწია უკვე ნაცნობებში რეკვა და ლანძღვა დაიწო... ასეთ რაღაცეებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ უკანასკნელს „უშნოდ ხტუნაობა“ მეტისმეტად რომ გაუხანგრძლივდა (უკვე საერთო ნაცნობები შეწუხდნენ), ამიტომ მისი ჩემს ცხოვრებაში შემომყვანი მეგობარი დავიბარე, კუდით ქვა ვასროლინე - იმისი მეგობარი თუ ხარ ჩემთან ენა რას მოგაქვს და ჩემი მეგობარი თუ ხარ იმას რას  უსმენ-მეთქი და დავემუქრე, რომ თუ არ გაჩუმდებოდნენ, ვინმეს გამწარება როგორ უნდა მასტერ-კლასს ჩავუტარებდი. ამის მერე ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე.
ექვსი თვის შემდეგ, როცა დარწმუნდნენ რომ ჩემნაირი დებილი ქვეყანაზე არ დადის, იმიტომ რომ არანაირ შეურაცყოფაზე ხმა არ ამოვირე, ზუსტად რვა მარტს გამოვაქვეყნე არაკი „მარტს კატებზე“, სადაც კატა „ბუნკეროზას“ მაგალითზე ამ გოგოს ცხოვრება და თავგადასავლები დეტალებში მოვყევი, მოგეხსენებათ მისივე საუკეთესო მეგობრისგან ვიყავი იდეალურად ინფორმირებული. მეგონა, წაიკითხავს და გულზე გასკდება, რომ გაიგებს ყველაფერი ვიცი-თქო. თავის თავს 100%-ით იცნობდა, მაგრამ ხმას ვერ ამოიღებდა - სახელი ხომ არ ეწერა და ხმაურის ატეხვა კი იგავში მოყოლილის აღიარებას და თავის გაყიდვას ნიშნავდა. ნორმალურ ადამიანს, ამ იგავის არსებობაც არ უნდა დაემჩნია, მაგრამ რახან აშკარად ფსიქოპატთან მქონდა საქმე, მისგან დარეკვას და კივილის მოსმენას ველოდი და ამისთვის მორალურად ვემზადებოდი. თუმცა... ადამიანი ბრიყვდ რომ დაიბადება, იმას აღარაფერი ეშველება...
მაგრამ, მოდით, ხვალ კატების საერთაშორისო დღეა და იგავი გავიხსენოთ, ზეგ კი მოგიყვებით, ჩემმა შურისძიება როგორი როგორი ტრიუმფით დასრულდა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment