ჟულიენი

Approved by Natia Jinjolava



უკვე მოგახსენეთ, რომ „ჟულიენი“ კულინარიული გაუგებრობის შედეგია და ასეთი სახელწოდების კერძი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის იქით არ გაუგონიათ და მას ძალიან პატარა პორციებად, საგანგებო საკოკოტეებში ამზადებენ.  სახელწოდების წარმოშობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მის „ზომა-წონასთან“ დაავშირებით ძალიან ლამაზი ლეგენდა ცოდნია ჩვენს მის ენდრიუს. როგორც მისი წყაროები ირწმუნებიან, „ჟულიენს“ თურმე რომელიღაც შაჰის კარზე რომელიღაც აღმოსავლურ ქვეყანაში მიირთმევდნენ ( „ჟულიენი“ ფრანგული სიტყვაა და ამიტომ ალბათ ეს ქვეყანა ალჟირია. მაგრამ მემგონი იქ შაჰი არ ყოლოათ, მოკლედ ამ დეტალების გარჩევა ისტორიკოსებს მივანდოთ. ლეგენდა იმის ლეგენდაა, რომ ტყუილ-მართალი ერთმანეთში უნდა ირეოდეს, თორემ მაშინ ლეგენდა კი არა, ისტორიული ფაქტი ერქმეოდა). ოღონდ იქაური „ჟულიენი“ მარტო მდიდრებისთვის მზადდებოდა და მას ოქროს პაწაწუნა საკოკოტეებით (კვლავაც ფრანგული სიტყვა) მიირთმევდნენ. საკოკოტეები კი ასეთი პაწაწუნა ოქროს დეფიციტის გამო კი არ იყო, შაჰის საყვარელ ჟულიენს თურმე სოკოს ნაცვლად ბულბულის თუ მტერდის (მომკლავს მის ნედრიუ: მარტო ქვეყანა კი არა, ჩიტის ჯიშიც დამავიწყდა) ენებისგან ამზადებდნენ. ერთი პატარა საკოკოტესთვისაც კი ათეულ მგალობელ ფრინველს (მოდით, ბულბული იყოს, ლეგენდას უფრო უხდება. მტრედი ბულბულთან რას მივა) თუ არ კლავდნენ, მინიმუმ - ამუნჯებდნენ.
სხვათა შორის, ფრინველის რა გითხრათ, ენები არასდროს დამიძვრია და საქონლის ენის ჟულიენი უგემრიელესია. ქვევით ჟულიენის ჩემს საყვარელ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელშიც ძირითადი ინგრედიენტის ანუ სოკოს შეცვლა ნებისმიერი სხვა პროდუქტით შეგიძლიათ. მაგალითად ქათმის ხორცით, ხბოს ან საქონლის ხორცით, საქონლის მოხარშული ენით, ლორით, კრევეტებით, შებოლილი ორაგულითაც კი ძალიან გემრიელი გამოდის. რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ თავისუფლად იტანს ნებისმიერ ცვლილებას: სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი ან კაპერსები, ნიორი (ქათმის ხორცთან) ანუ ნებისმიერი სუნელი ან ინგრედიენტი რომელიც ძირითად კომპონენტს უხდება.

ჟულიენი
5-6 საშუალო ზომის სოკო, 100 გრ მაგარი ყველი (არაჩვეულებრივია ემენტალი, ჩედერი ან გაუდა, პარმეზანი საერთოდ დახატავს. ან მარილიანი სულგუნი), 1 თავი ხახვი, 1 ს/კ ფქვილი, 100 მლ ნაღები, 10 გრ კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით, ზეთი
ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დავუმატოთ ასევე დაჭრილი სოკო და ვთუშოთ 2-3 წუთი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად გადავურიოთ და გავანაწილოთ საკოკოტეებში. ცალკე ტაფაზე კარგად მოვხალოთ ფქვილი (შეყავისფრებამდე), დავუმატოთ ნაღები, ჩავათვქიფოთ კარაქი და რომ შესქელდება დავუმატოთ მარილი და პილპილი და ჩავასხათ სოკოებიან საკოკოტეებში. თავზე მოვაყაროთ ბლომად გახეხილი ყველი. შევდგათ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 5 წუთით, სანამ ყველი არ გადნება და ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment