ფანტაზიები ყველიანი ვარენიკების თემაზე

Approved by Natia Jinjolava

ცომი


 ვარიანტი I - ჯამში ჩაყრილ 3 ჭიქა ფქვილს დავუმატოთ ერთი ჭიქა ცივი წყალში არეული კვერცხი (სურვილისამებრ) და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ყველაფერი მოვზილოთ ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით. ზელვის პროცესში, დაამატეთ ფქვილი პორციებად, რამდენსაც შეიზელს, საბოლოოდ ცომი საკმაოდ მკვრივი უნდა იყოს (მთლად ხინკლის ცომის სიმაგრემდე ნუ მიიყვანთ). რამდენი დასჭირდება ფქვილი მთლიანობაში, ეს ფქვილზეა დამოკიდენული, საშუალოდ კი 4 ჭიქა 1 ჭიქა სითხეზე -  საკმარისია. ზელვა მაგიდაზე გააგრძელეთ, ასე უფრო მოსახერხებელია და მკვრივი გუნდა რომ გახდება,  შანსი მოგეცემათ უარყოფითი ემოციებისაგან დაიცალოთ და ნერვების შლის მიზეზის ნაცვლად ცომს უბათქუნოთ. 
ცომს ამ სტადიაში  მუჯლუგუნი ესაჭიროება, თანაც არაერთი. უმეტესობამ შეგიძლიათ მაგალითისთვის, ცომის ადგილას უფროსი წარმოიდგინოთ, და მუშტი-კრივი გაუმართოთ. პასუხად, უფროსი­­­­­ (უკაცრავად, ცომი) უფრო დამყოლი  გახდება. გადააფარეთ მას ჩაის ტილო ან ცელოფანი და გულსართის მომზადებით დაკავდით, ამასობაში ცომი „დაისვენებს“. „დასვენებული“ ცომს ჩამოაჭერით პატარა ნაჭერი შესამოწმებლად, მას ჰაერის პატარა ბუშტუკები ან ნასვრეტები უნდა ეტყობოდეს და ოდნავ დაჭერაზე თავის ფორმას უნდა უბრუნდებოდეს. გუნდა ორ ნაწილად გაჭერით და ან პირდაპირ გააბრტყელეთ და ჭიქით გამოჭერით წრეები (როგორც ხინკლისთვის), ანდა  გრძელ „ძელებად“ დაგორგლეთ, დანით პორციებად დაჭერით, მრგვალებად ანუ მედალიონებად  დააგორგილავეთ და სათითაოდ გააბრტყელეთ. მერე კოვზით დაფშვნილი ან გახეხილი ყველი დააყარეთ შუაგულში, გადაკეცეთ, ბოლოები შემოუკეცეთ და მდუღარე მარილიან წყალში მოხარშეთ.

ეს ვარენიკების და პელმენების კლასიკური ცომის რეცეპტი იყო. არსებობს მისი სხვა ვარიანტებიც. ვარიანტი II - მაგალითად, უკვერცხო - მას კვერცხის გარდა ჩამოთვლილი პროდუქტების იგივე რაოდენობა სჭირდება, ოღონდ ცივი წყლის მაგივრად - თბილში მოზილეთ და მწიკვი სოდა დაუმატეთ. ცომი უფრო რბილი, მაგრამ „გამძლე“ გამოდის.

ვარიანტი III - ცომი კვერცხის ცილით: კვერცხის ცილა 3 ცალი, წყალი 0,5 ჩაის ჭიქა, რძე 0,5 ჩაის ჭიქა, მარილი 0,5 ჩაის კოვზი, ფქვილი 5-6 ჩაის ჭიქა. ცომის მომზადების მეთოდიკა როგორც ზევით.

ვარიანტი IV - 1 კვერცხი, 25 გრ. არაჟანი, 10 გრ. კარაქი, 430 გრ. ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა წყალი, მარილი 0,5 ჩაის კოვზი. ნებისმიერი ცომის ვარიანტისთვის ტექნოლოგია არ იცვლება.

გულსართი
ვარენიკების გულსართის ანუ მთავარი მოქმედი „გმირი“ - ყველია. ძირითადი სხვაობა  ყველის ჯიშსა და დეტალებშია.
ვარიანტი 1 - ნახევრად მაგარი ყველი (600-700 გრ  ცომის ერთ პორციაზე). ასეთად ითვლება ემენტალი, (რომლის სახელიც ჩვენს სუპერმარკეტებში უკვე იციან). დახეხილ ან თხლად დაჭრილ ყველს შუაში ათავსებენ და ვარენიკს პირს უკრავენ.
ვარიანტი 2 - შედარებით ეკონომიური, მაგრამ არანაკლებ გემრიელია. 500 გრ. ხაჭო და 100-200 გრ. მაგარი ყველი (იდეაში პარმეზანი იგულისხმება), მაგრამ ნებისმიერი სხვა ჯიშის მაგარი ყველიც მოუხდება. პარმეზანის ნაწილი გახეხეთ, ნაწილი კი დატეხეთ ან დაჭერით მომცრო ნაჭრებად და ხაჭოში გადაურიეთ.  მასა  სულ ოდნავ დაამარილეთ, თუ ზედმეტად მშრალი იქნება 1-2 კვერცხიც ჩაახალეთ.
ვარიანტი 3 - 400 გრ. "ადიღეური“ ან უფრო მარტივად, იმერული  ყველი, 250-300 ხახვი, 100 გრ. კარაქი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით. წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში, დაამატეთ დახეხილი ყველი, წიწაკა, მარილი.
ცომის და გულსართის ნებისმიერი მოდიფიკაციები თავისუფლად „მეგობრობენ“ ერთმანეთთან. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნაირსახეობა და თამამად გააკეთეთ. ვარენიკის მთავარი „მუღამი“ იმაში მდგომარეობს მის ნებისმიერ ვარიანტს კვერები-კვარაბიებისგან განსხვავებით არაჟნით მიირთმევენ, ლანგარზე გადმოღებისას კი ცოტა გამდნარ კარაქსაც ასხამენ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუ

0 კომენტარი.:

Post a Comment