И тебя вылечат... и меня вылечат...

Approved by Mary Poppins


კარგა ხნის წინ, ერთნა ჩემმა მეგობარმა შემომჩივლა - მემგონი საგიჟეთის პაციენტი ვარ და თავი გარეთ მგონიაო. თქვენი არ ვიცი და მე საკმაოდ ხშირად მიდგება მომენტი, როცა მეჩვენება, რომ ან მე გავრეკე და ან ყველა დანარჩენმა... ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტი ახლობლის საქციელი მაოცებს და როგორც მინიმუმ, არ ჯდება ჩემი გაგებით ადექვატური მოქმედების ჩარჩოებში. სამაგიეროდ, ალბათ მეც, სულ მცირე, უცნაურად ვიქცევი მათი თვალთახედვით.
მაგალითად ამ ზაფხულს, ქობულეთში ერთი წლების წინ საკმაოდ ცნობილი მსახიობი და დღემდე გასაოცრად მოხდენილი ქალბატონი ისვენებდა. მეორე, ასევე ცნობილი, ოღონდ ექიმი ქალი გულისწასვლამდე ხარხარებდა და პირველს დასცინოდა:
-         - შემოვა საადილოში და გამარჯობას ამბობს, ვუაჰაჰაჰა... გაგივლის და გესალმება, ვუაჰაჰაჰა... შემთხვევით ხელი თუ გაგკრა გვერდით გავლისას, ბოდიშს გიხდის, ვუაჰაჰაჰა... რა სასაცილოა ეს ქალი... ვარსკვლავი! ვუაჰაჰაჰა...
დიდი ხანია მისალმება, ბოდიში და გეთაყვა სასაცილო გახდა? ისე, მეც არანორმალურივით მიყურებენ, მაღაზიაში რომ შევდივარ და გმყიდველს ვესალმები. ზოგიერთები მიბღვერენ და არც მპასუხობენ. რა ვქნა, ასე გამზარდეს - ჩემი ბრალი არაა. ადამიანს რომ ვხედავ, ჯერ ვესალმები და ლაპარაკს მერე ვიწყებ. მაგრამ, თავს ვერ დავდებ, უმრავლესობაში არმომსალმებლები არიან და, ეგებ მე ვცდები.
ახლა ნებისმიერი რიგი ავიღოთ - გნებავთ მაღაზიაში და გნებავთ ბანკში გადასახადების გადახდისას. უკან მდგომი მაქსიმალურად ახლოს დგას და ისე როგორ გაგიშვებს, თავისი ოფლის სუნი კარგად თუ არ გაყნოსა და კისერში თუ არ შემოგასუნთქა. გეგონება რიგის მაქსიმალურ სიმჭიდროვეზე იყოს დამოკიდებული მისი სწრაფად გასვლა და სწრაფი მომსახურება. აღარ ვლაპარაკობ, სხვის ქვითრებში და ფინანსურ საქმეებში ცხვირის ჩაყოფის არაეთიკურობაზე. მაგრამ, ალბათ აქაც ვცდები, საკმარისია, ჩემს წინ მდგომთან ზრდილობიანი ნახევარნაბიჯიანი დისტანცია დავიკავო და მისი შენაძენისა თუ კრედიტ-ხელფასის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება გამოვამჟღავნო, რომ ჩემსა და მას შორის დარჩენილ 15 სანტიმეტრში ერთდროულად სამი კაცი ცდილობს ჩატენვას. გეგონება, მე მიდამოს დამამშვენებელი დეკორაციის როლს ვარულებდე. როგორც ჩანს, იმათ თვალში ეს მე ვარ ლენჩი და გამოშტერებული.
ასევე ძალიან სუსტი პოზიცია მაქვს სხვისი ცხოვრების პატარა/პაწაწუნა/ერთი ბეწო/ციცქნა და თანაც უმნივნელო დეტალებისადმი დაინტერესების საკითხში. ხირად ვვარდები ხოლმე უხერხულ სიტუაციაში, როცა პრაქტიკულად უცხოები მისვამენ ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კითხვებს და მე პასუხი არ მაქვს. მაგალითად:
-    -  რომელსაათიანი მარშუტკით მოდის შენი ძმა?
დარეკა, რომ სამსახურის მერე წამოვიდოდა (რაც მკითხველმაც, ანუ კითხვი დამსმელმაც იცის, უკვე ვუთხარი) და კონკრეტულად საათის კითხვა აზრადაც არ მომსვლია.
-        -  გუშინ კინოში რომ იყო მოეწონა?
რომ ჩამოვა მერე მომიყვება, შეიცვლებოდა რამე ტელეფონზე რომ მეკითხა? არ ჯობია, რომ ვნახავ მერე გამოვკითხო დაწვრილებით? მით უმეტეს, რომ მის ჩამოსვლამდე იმ ფილმის ნახის პერსპექტივა არ მაქვს.
-         - ვისთან ერთად იყო?
ოპა!!!! გულწრფელად არ მაინტერესებს ვისთან ერად სვამს ჩემი ძმა საღამოობით ლუდს ან უყურებს კინოს. არა, ზოგადად მაინტერესებს რა წრეში ტრიალებს და გულიც შემტკივა რომ კარგი მეგობრები ყავდეს. მაგრამ, ბარში ნიკასთან ერთად იყო თუ გოგასთან, ან თუნდაც გოგოებთან, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სამაგიეროდ, ასეთ ცნობისმოყვარეთა საზომით მე ვარ ცივი, გულქვა, და უყურადღებო. აბა, როგორ? მეზობელმა რომ მახარა, ჩემი დის შვილი გათხოვდაო (არც და და არც მისი შვილები თვალით არ მყავს ნანახი), მივულოცე, მაგრამ არ მიკითხავს სიძე რა გვარია და სად მუშაობს.
ფსიქიური ჯანმრთელობის საერთაშორისო, ანუ დღევანდელი დღის მიზანი კი დეპრესიული აშლილობების, შიზოფრენიის, ალცგეიმერის, ნარკომანიის, ბნედისა და გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევების შემცირება გახლავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ჩვენს პლანეტაზე 450 მილიონი გიჟი ცხოვრობს. დასავლეთის ქვეყნები ყოველი მევშიდე ადამიანია დაავადებული პარანოია/შიზოფრენიით ან აწუხებს დეპრესია და ალკოჰოლიზმი. სპეციალისტები წინაწარმეტყველებენ, რომ 2020 წლისთვის ფსიქიური აშლილობა მოფლიოს ხუთი ყველაზე გავრცელებული დაავადების რიცხვში შევა.
ჭკუიდან როგორ არ გადავიდეთ, ამის წამალს ვერავინ გვირჩევს. შიზოფრენიის, ეპილეფსიის, დეპრესიული ფსიქოზისა და სხვა ფსიქიურ დაავადებათა წარმოშობის მიზეზები ექიმებითვის დღემდე გამოცანადაა დარჩენილი. თუმცა ზუტადაა ცნობილი ამ დაავადებების განვითარებისთვი ხელშემწყობი ფაქტორები: სტრესული სიტუაციები, არასწორი კვება და საინფორმაციო საშუალებებიდან თუ ახლობლებისგან მომდინარე უარყოფითი ინფორმაცია.
და, ბოლოს, არ შემიძლია არ გავიხენო, სრულიად რეალური გიჟი, რომელიც აქვე,  თბილისში, ასათიანზე ბინადრობს, თავი დოლარი გონია და იხვეწება ლარებზე არ გადამახურდავოთო...

საუკეთესო სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის სურვილებით, 
თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment