გოგრის სუპი სამნაირად

Approved by Mary Poppins


თუ შეგიმჩნევიათ, რომ ქართველებს ზოგიერთი საკმაოდ გემრიელი და მრავალფუნქციური პროდუქტის მიმართ საკმაოდ კონსერვატორული და ცალმხრივი დამოკიდებულება გვაქვს? მაგალითად იშვიათი გამონაკლისის გარდა, მარწყვისგან მარტო ტორტს და მურაბას ვაკეთებთ, კვახს კი უბრალოდ ვხარშავთ. არადა, ამ მშვენიერი ბახჩეულისგან ამერიკელების საყვარელი გოგრის წვენის და ნამცხვრის გარდა უამრავი მშვენიერი კერძი მზადდება - ხორცეულის გარნირიდან დაწყებული, დათაფლული დესერტებით და ტკბილი და არატკბილი მობრაწულებით დამთავრებული.
ერთი სიტყვით, შემოდგომის დადგომასთან და მაღაზიებში კვახის (რა ვქნა, კუთხურობისდა მიუხედავად, მე ეს სახელი უფრო მიყვარს) გამოჩენასთან ერთად, გადავწყვიტე გოგრის სუპის მეტად გემრიელი და საინტერესო ვარიაციები შემომეთავაზებინა.

გოგრის სუპი გორდონ რამზისაგან
6 პორცია
დაახლოებით 1,5 კგ-იანი გოგრა, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 1 თავი ნიორი შუაზე გაჭრილი ჰორიზომტალურად, 1 მუჭა როზმარინის ტოტები, 1 ½ ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 1მწიკვი ახალგახეხილი ჯავზის კაკალი, 30 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი, დაახლოებით 800 მლ ქათმის ან საქონლის ხორცის ცხელი ბულიონი, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 15 გრ კარაქი
გარნირად: 1 ½ ს/კ ზეითუნის ზეთი და კიდევ ცოტა ზევიდან მოსაწუწად, 400 გრ ტყის სოკო გარეცხილი და დაჭრილი, პარმეზანის ბურბუშელა
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. გოგრა გავჭრათ შუაზე ჰორიზონტალურად და გამოვფხიკოთ გული და თესლი. გოგრის რბილობი დავსეროთ ბასრი დანით და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ავიღოთ ნივრის ნახევრები და გაჭრილი მხრიდან გავუხახუნოთ გოგრის რბილობს. გოგრის ორივე ნახევარში გავანაწილოთ როზმარინის ტოტები, ცენტრში კი ნივრის ნახევრები მოვათავსოთ. მოვაწუწოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ და შევდგათ გახურებულ ღუმელში მინიმუმ 1-1 ½ საათით, სანამ გოგრა არ დარბილდება. გოგრა მზადაა, როცა ყველაზე მსხვილ ნაწილშიც კი დანა თავისუფლად ერჭობა. გამომცხვარი გოგრა გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. გაგრილებული გოგრა გავასუფთაოდ როზმარინისგან და ნიორისგან, მაგრამ ნიორს ნუ გადავაგდებთ - მოგვიანებით დაგვჭირდება. გოგრის რბილობი ქერქისგან კოვზით ამოვფხიკოთ და გადავდოთ გვერდზე.
დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და ვურიოთ 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება. შემწვარი ნივრიდან 2-3 კბილი ამოვიღოთ კოვზით და დავუმატოთ ხახვს, მარილთან, პილპილთან და მწიკვ ჯავზის კაკალთან ერთად. 1-2 წუთი კიდევ ვურიოთ. დავუმატოთ გოგრის რბილობი და პარმეზანი და ერთმანეთში კარგად გადავურიოთ. ჩავუმატოთ ცხელი ბულიონი და წამოვადუღოთ, ცეცხლი მინიმუმამდე დავწიოთ და ვადუღოთ 10-12 წუთი. დავუმატოთ ნაღები და დავტოვოთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთით. სუპი, პატარა პორციებად გადავასხათ ბლენდერში და ვთვიფოთ. ჩავათქვიფოთ კარაქი და ვაბლენდეროთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი და ნაზი სტუქტურის არ გახდება. გადავასხათ სუფთა ქვაბში და შევაცხელოთ.
გარნირისთვის 1 ს/კ ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე და დავყაროთ სოკო. მაღალ ცეცხლზე ვბრაწოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ მომზადდება. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ღრმა თეფშების შუაგულში დავახვავოთ სოკოს პატარა გროვები, ზემოდან მოვაყაროთ პარმეზანის ბურბუშელა, სოკოს გროვის ირგვლივ ფრთხილად დავასხათ გოგრი სუპი და გემრიელად მივირთვათ!

დალი (ინდური წვნიანი ოსპით) გოგრით ტომ ნორინგტონ-დევისის რეცეპტებიდან
4 პორცია
2 ს/კ ზეთი, 4 კბილი ნიორი თავის ტყავში, 1 სმ სიგრძის ჯანჯაფილის (კოჭას) ფესვის ნაჭერი გათლილი, 2 წითელი ცხარე წიწაკა, 1 ჩხირი დარიჩინი, 2 მიხაკი, 2 ხახვი წვრილად დაჭრილი, 2 ღერო ნიახური წვრილად დაჭრილი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 200 გრ მუქი ფერის ოსპი კარგად გარეცხილი, 450 გრ გოგრა, 400 გრ ქოქოსის რძე, ½ ჩ/კ გახეხილი ჯავზი კაკალი, ½ ჩ/კ შაქარი
საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ სქელძირიანი ქვაბი და გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი. ჩავყაროთ ნიორი, წიწაკა, ჯანჯაფილი, დარიჩინი და მიხაკი. 30 წამის მერე დავუმატოთ ხახვი და ნიახური. დავუწიოთ ცეცხლი და ვურიოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ტომატ-პასტა და ოსპი და კარგად მოვურიოთ, დავასხათ 1 ლ წყალი და ვადუღოთ 10 წუთი. ჩავუწიოთ ცეცხლი და ვადუღოთ 1 საათი, სანამ ოსპი არ მოიხარშება. დავუმატოთ მარილი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვოღოთ ნიორი, წიწაკები, ჯანჯაფილი, მიხაკი და დარიჩინი. 
სუპის შესასქელებლად, მისი ნახევარი დავაბლენდეროთ და მერე დაუბლენდერებელ ნახევარს შევურიოთ ისევ.
სანამ სუპი იხარშება, გავთალოთ და გავასუფთავოთ გოგრა. დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ტაფაზე ქოქოსის რძესთან, ჯავზი კაკალთან, შაქართან და ცოტაოდენ მარილთან ერთად. ვხარშოთ 45 წუთი, სანამ გოგრა არ ჩაიშლება. მერე ვაქციოთ პიურედ და დავუმატოთ მარილი და პილპილი.
ღრმა თეფშებზე დავასხათ სუპი, შუაში კო მოვრთოთ გოგრის პიურეთი და მივირთვათ ცხლად.

გოგრის სუპი პოლ ბოკიუზის (სახელგანთქმული ფრანგი კულინარი) ყაიდაზე
4 პორცია
1 პატარა ზომის გოგრა (დაახლოებით 1,75-2კგ), 400 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, 150 გრ ყველი გრუიერი ახალგახეხილი, 1 ჭ კრუტონები (ორცხობილის კუბიკები)
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. გოგრას თავი წავაჭრათ ძალიან ფრთხილად და კოვზით ამოვაუფთავოთ თესლისგან. ნაღები ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ნიორი, დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე (ნუ ავადუღებთ!), მშემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთი.
თბილი ნაღები ჩავასხათ ამოღრუტნულ გოგრაში, დავუმატოთ გახეხილი ყველი, დავახუროთ მოჭრილი თავი, დავდოთ ტაფაზე და შევდგათ ღუმელი 1 ½ - 2 საათით. გოგრის რბილობი რომ დარბილდება და კანი მოიბრაწება - სუპი მზადაა.
გოგრა ფრთხილად გადავიტანოთ ლანგარზე, მოვხადოთ თავი. ბასრი დანით ფრთხილად ჩავათალოთ რბილობი (შიგნითა მხრიდან) და სუპში გადავურიოთ. მოვაყაროთ დაბრაწული კრუტონები და მაგიდასთან გავიტანოთ ღრმა თეფშებთან, ჩამჩასთან და ბასრ დანათან (დანა სუპის გათავების მერე, გოგრის დასაჭრელად დაგვჭირდება) ერთად.
გემრიელად მივირთვათ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment