პეჩენია „მხიარული მუმიები“

Approved by Mary Poppins


გამოდის დაახლოებით 20 ცალი
200 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ჭ შაქარი, 1 ¾ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ ვანილის შაქარი, 1/3 ჭ კაკაო, ½ ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ ხსნადი ყავა, 250 გრ მოხარშული ბეზეს სარკალა,  ¼ ჭ (დაახლოებით 40 ცალი) ფერადი მრგვალი კანფეტები თვალებისთვი
მოხარშული ბეზესთვის: 2 კვერცხის ცილა, 150 გრ შაქარი
ღუმელი 175°C-მდე გავახუროთ. დიდი ზომის ჯამში ვთქვიფოთ კარაქი, შაქარი და ვანილი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, სანამ კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება. მიქსერი სიჩქარე შევანელოთ და კარაქში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, კაკაო და ხსნადი ყავა. (მიქსერმა ფქვილის კორიანტელი რომ არ დააყენოს, ჯერ კოვზით მოვურიოთ და მერე ჩავყოთ ცომში მიქსერი). ვთქვიფოთ 2 წუთი. ცომი გავახვიოთ ცელოფნის პარკში და 10 წუთით შევდოთ საყინულეში.
ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ ცომი და სპეციალური ფორმით ამოვჭრათ პატარა კაცუნები. დავალაგოთ ცხიმწასმულ და პერგაენტ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ 9-10 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ, ავაცალოთ პერგამენტი და გავაგრილოთ. (შეიძლება ყველა პეჩენია ერთად არ დაეტიოს, ამიტომ გამოვაცხოთ პარტიებად).
დიდი ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. დიდი ქვაბის ყელში რომ ეტევა იმ ზომის ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ცილები და შაქარი და შემოვდგათ მდუღარე წყლის აბაზანაზე (მდუღარე წყალი კვერცხებიანი ჯამის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს) და ვთქვიფოთ 12 წუთის განმავლობაში. ჯერ კიდევ ცხელი ბეზე გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში ძალიან წვრილი თავით და პეჩენიის კაცუნები მუმიასავით დავზოლოთ ზუსტად ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ფერად-ფერადი კანფეტები მუმიებს მივაწებოთ თვალებივით.
ბეზეს შეშრობა ვაცადოთ და მერე გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment