მსხლის ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


მსხლის ნამცხვარი poire Williams-ის კრემით

ბისკვიტისთვის: 500 გრ მზა ტკბილი ფხვიერი ცომი (თამამად გამოიყენეთ ნებისმიერი ტარტალეტკის ცომი  თქვენი  ოჯახის რეცეპტებიდან)
მსხლებისთვის: 1 ჭ მშრალი თეთრი ღვინო,  2 მწიფე მსხალი (მაგალითად გულაბი), 175 გრ შაქარი, 1 კგ მწიფე ჯუჯა მსხალი (24 ცალი ძალიან პატარა ან 16 ცალი პატარა)
კრემისთვის: 3 დიდი ზომის კვერცხის გული, 1 ½ ს/კ სახამებელი, ½ ვანილის ჩხირი შუაზე გაჭრილი, 2 ს/კ poire Williams (pear eau-de-vie), რომელიც თამამად შეგიძლიათ შეცვალოთ მსხლის არყით, ½ ს/კ კარაქი
სარაკალასთვის: 1 ს/კ poire Williams, ¾ ჩ/კ ჟელატინი
33X10 სმ-ზე მართკუთხედი საცხობი ფორმა
ცომი გავაბრტყელოთ და ამოვაფინოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზედმეტი კიდეები მოვაჭრათ. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ მაივარში 30 წუთით. გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ცომზე დავაფინოთ ალუმინის ფოლგის ან პერგამენტის ნაჭერი და ზევიდან სიმძიმისთვის დავყაროთ ლობიოს ან მუხუდოს მარცვლები (ანუ სიმძიმე დავადოთ, რომ ცხობისას ცომი არ ამოვიდეს და ამოფუვდეს). შევდგათ ღუმელში 15-10 წუთით, სანამ ცომი ოქროსფრად არ დაიბრაწება. გამოვიღოთ და ფორმაშივე გავაგრილოთ.
ღვინო ჩავასხათ საშუალო ზომის ქვაბში. ღვინიან ქვაბს გადავაფაროთ დოლბანდი და დოლბანდზე მხვილ სახეხზე დავახეხოთ გულაბი მსხლები კანიანად. მერე დოლბანდი შევკრათ, მოვუჭიროთ ხელი და შიგთავსი ჩავწუროთ ქვაბში. დოლბანდში გამოხვეული მსხლის ნარჩენები გადავყაროთ. ღვინის და მსხლის ნაწური ავრწყათ და დავუმატოთ იმდენი წყალი, რომ ერთიანობაში 2 ჭიქა გამოგვივიდეს. ღვინის და მსხლის მიქსტურა ჩავაბრუნოთ ქვაბში და დავუმატოთ შაქარი. პაწაწინა მსხლები გავთალოთ ფრთხილად, ყუნწები კი ხელუხლებელი დავუტოვოთ. ქვედა მხრიდან ძალიან ფრთხილად ამოვაჭრათ გული და კურკები. ღვინიანი ხსნარი წამოვადუღოთ, თან ვურიოთ შაქრის გადნობამდე, მერე ჩავალაგოთ მსხლები ერთ ფენად. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ. მსხლები შიგადაშიგ გადავატრიალოთ ხოლმე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ მსხალი არ შერბილდება. მსხლები ქაფქირით ფრთხილად გადავიტანოთ ხელსახოცდაფენილ ლანგარზე გასაგრილებად და შესაშრობად. მხლის ნახარში სიროპი შევინახოთ.
პატარა ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და სახამებელი, მერე ჩავათქვიფოთ 1 ჭ მსხლის ნახარში სიროპი. გადავიტანოთ სქელძირიან პატარა ქვაბში და დაუმატოთ ჩხირიდან გამოფხეკილი ვანილის თესლი. საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ მორევა მორევოთ და ვადუღოთ 2 წუთი, თან მორევას ნუ მივატოვებთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავურიოთ poire Williams-ი და კარაქი. გადავასხათ ჯამში, ზევიდან ცელოფანი გადავაკრათ ქერქი რომ არ გაიკეთოს და გავაგრილოთ.
სარკალასთვის ძალიან პატარა ჯამში ჩავალბოთ ჟელატინი poire Williams-ში და გავაჩერთ 1 წუთი. სქელძირიან პატარა ქვაბში ჩავასხათ დარჩენილი მსხლის ნახარში სიროპი და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ მანამ, სანამ სიროპისგან 1/3 ჭ არ დარჩება. დავუმატოთ ჟელატინიანი ხსნარი, კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
საცხობი ფორმიდან გადმოვიღოთ გამომცხვარი ბისკვიტი. გაცივებულ კრემს ამოვურიოთ კარგად (უფრო ჰაეროვანი რომ გახდეს) და ჩავასხათ ბისკვიტში. კრემზე რიგებად დავალაგოთ მსხლები. სარკალა რომ შეგრილდება ფუნჯით გადავუსვათ მსხლებს სიპრიალისთვის, მერე ნამცხვარი ჩავაცივოთ და მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment