რამდენიმე მეტად საჭირო რჩევა გოგრის გამოჩორკნის მსურველთათვის

Approved by Mary Poppins



საბჭოთა იძულებითი იზოლაციიდან თავდაღწევის შემდეგ, უკანმოუხედავად და მოწყურებული ხბოს სიჯიუტით გადავეშვით მსოფლიოს კულტურულ საგანძურში და აგერ უკვე მერამდენე წელია დიდი სიამოვნებით და ქეიფის მოყვარული და დამფასებელი ერის სრული შემართებით ვზეიმობთ ჩინურ თუ იაპონურ ახალ წელს, ვალენტინობას და   „ბარსელონას“ თუ ტურინის „იუვენტუის“ მიერ ევროპის თასის აღებას. თუმცა, სრულიად გაუგებარია ამ უკანასკნელის დროს ჩვენ რა გვიხარია, მაგრამ მაინც. არა, სულ არ ვწუწუნებ, პირიქით, მე თვითონ მიყვარს ყველა არსებული და არარსებული დღესასწაულის აღნიშვნა.
დასავლეთიდან შედმოპარული ტრადიციებიდან თავისი მყარი ადგილი ჰელოუინმაც დაიმკვიდრა და აგერ უკვე მერამდენე წელია მაწუხებენ მეგობრების შვილები - სამასკარადო კოსტუმების მოფიქრების თუ ჰელოუინური მენისუს შედგენაში დახმარების თხოვნით.
კოსტუმი კოსტუმად, მენიუ მენიუდ, მაგრამ ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი Jack-o’-lantern-ია - დიდი სიყვარულითა და რუდუნებით, საკუთარი ხელით გამოჩორკნილ, გამოკვეთილ, გამოქანდაკებული და შიგნიდან განათებული გოგრა. ქართული ჰელოუნი კი დანარჩენი მსოფლიოს ჰელოუინისგან სწორედ უგამოჩორკნილგოგრობით განსხვავდება. არ ვიცი ამის მიზეზი რაა, კვახთხვეწის გენის უქონლობა თუ ქართული სიზარმაცე, მაგრამ არსენ ფოჩხუას ერს ნამდვილად არ გვეპატიება, რამის მხატვრულად ჭრაზე უარის თქმა.  
ასე რომ, ვინმე მრავალსაათმოცლილი და საკუთარხელთარდამნდობი ენთუზიასტისა  და ქართული კვახთჭრის ხელოვნების ტრადიციის ფუძემდებლის გამოჩენის იმედით, ამ საქმისთვის აუცილებელ რამდენიმე რეკომენდაციას შემოგთავაზებთ.

● სანამ საქმეს შეუდგებით, გოგრა გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ.
ყუნწის მხრიდან, მაქსიმალურად აკურატულად აათალეთ თავი. გაითვალისწინეთ, რომ ამოჭრილ წრეში ხელი თავისუფლად უნდა გეტეოდეთ და უფრო მეტიც, ხელის ირგვლივ 2-3 სმ სიცარიელე უნდა დარჩეს ხელის თავისუფლად სამოძრაოდ. მოკლედ, გოგრას გადავხადოთ თავი და ამოვღრუტნოთ შიგნეული. გოგრის თესლს ნუ გადავყრით - მოგვიანებით გამოგვადგება.
● სპეციალური საჭრელის ან დიდი და მრგვალთავიანი კოვზის მეშვეობით (გამოდგება ნაყინის ბურთების საჭრელი კოვზიც) ამოვხაპოთ და ამოვჩიჩქნოთ გოგრის მთელი რბილობი. გულდასმით ამოვასუფთაოთ და ამოვფქხიკოთ გოგრის გვერდები შიგნიდან და მხოლოდ 2,5 სმ- სისქის ქერქი დავტოვოთ. (მუშაობისგან რომ დავიღლებით და მენდეთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, მოვხალოთ გადანახული გოგრის თესლი მარილთან ერთად და ჩავაკნატუნოთ).
● ყურადღებით და დაკვირვებით შევარჩიოთ გოგრის დიზაინი და უშუალოდ ჭრას ნუ შევუდგებით, სანამ დანამდვილებით არ გადავწყვიტავთ, როგორ გვინდა გამოიყურებოდეს ჩვენი „ჯეკი“. გოგრის მომავალი სიფათის შაბლონი შეგიძლიათ დახატოთ თავად ან ამობეჭდოთ ინტერნეტიდან, ან ხატვის ნიჭის მქონე ახლობელს თხოვოთ მისი მოფიქრება - მაგრამ გაითვალისწინეთ: რაც უფრო წვრილია დეტალები, მით უფრო ძნელი ამოსაჭრელია. ამიტომ საკუთარი თითების მოქნილობა შეაფასეთ ფხიზლად და ობიექტურად - ტყუილად ნუ იწვალებთ.
● საურველი დიზაინის შაბლონს რომ შეარჩევთ და ქაღალდზეც გადაიტანთ, ფანქრისა და საშლელის დახმარებით გადაიტანეთ გოგრის ზედაპირზეც. ან მიაფარეთ შაბლონიანი ქაღალდი გოგრას და ნახატის კონტურის გასწვრივ, დაჩხვლიტეთ ხის ჩხირით ან სადგისით (ან მსხვილი ნემსით), ისე, რომ ნაჩხვლეტებმა გოგრის ზედაპირზე შაბლონის მოხაზულობა ზუსტად გაიმეოროს. ამ მეთოდით გოგრის კანზე უშნოდ დარჩენილ მელნის ან მარკერის კვალის დატოვების პრობლემასაც აიშორებთ თავიდან.
● ამოჭერით ძალიან ფრთხილად. რაც უფრო მაგარია გოგრის კანი, მით უფრო მეტია დანის ასხლტომის და ხელის გაჭრის შანსი. აარჩიეთ, სპეციალური საჭრელი ხელსაწყო ან პატარა, წვრილი და ბასრი დანა. თავდაპირველად ნახატის ყველაზე წვრილი დეტალები ამოჭერით. ჯერ ერთი, ნაკლებია დიდი ნაწილების ამოჭრის შედეგად გამყიფებული და გასათუთებული  სამუშაო ზედაპირის (ანუ გოგრის კედლის) ჩატყდომის და დაზიანების შანსი და მეორე - იმდენად დამღლელია კვახთკვეთის პროცესი, რომ ბოლოსკენ წვრილ დეტალებზე მუშაობის ნერვები და თავი ნამდვილად აღარ გექნებათ. პატარების შემდეგ, მოილიეთ საშუალო ზომის დეტალები, ბოლოს კი დიდი.
● კიდევ ერთხელ გარეცხეთ (ჭრის პროცესში ჩაცვენილი ნათალი ამოფერთხეთ) შიგნიდან და გარედან და გააშრეთ კარგად! რაც უფრო სუფთა და მშრალია გოგრა, მით უფრო მეტხანს გაძლებს.
● ახლა გავანათოთ. გოგრის გასანათებლად ტრადიციულ მაღალ და შანდლის სანთლებს დაბალი და ფოლგაში მოთავსებული სანთელი სჯობს. მაღალი სანთელი დიზაინერულ ჩანაფიქრსაც დაგირღვევთ და ხანძრის მომეტებულ საშიშროებასაც შექმნის. დამიჯერეთ, დაბალი და პატარა, ალუმინის ფოლგიანი სანთელი თქვენს შედევრს ნამდვილად საკადრის ნათელს მოფენს.
● ამოვჭრათ საკვამური. გოგრაში ჩავდგათ ანთებული სანთელი და დავაფაროთ თავი. დავტოვოთ 5-10 წუთი, მაგრამ თვალს ნუ მოვაშორებთ - ერთ წუთასაა მარცხი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გოგრას თავი მოვხადოთ და ვნახოთ რა ადგილასაა გამჭვარტლული შიგნიდან.  და, ზუსტად იქ, მჭვარტლის ლაქას + 2,5 სმ დიამეტრის ზომაზე  ამოვჭრათ ხვრელი. ეს ხვრელი სანთლის წვისგან ადენილი „კვამლის“ და მხურვალების გამოსასვლელ/გამოსადენი საკვამურის მოვალეობა შეასრულებს და მინიმუმ გოგრის მასშტაბის გარანტირებულ ხანძარს აგავაცილებს თავიდან. მაგრამ გაჩახჩახებულ გოგრას უყურადღებოდ მაინც ნუ დატოვებთ.
● ჩვენი შედევრი მაქსიმალურად დიდხანს და ჯანსაღად რომ შევინახოთ და მისი ლპობა-აქოთება თავიდან ავიცილოთ, შიგნითა მხრიდან გულდაგულ გავპოხოთ ვაზელინით. დავაზელინებული გოგრა დიდხანს აღარ დალპება. გარდა ამისა, გოგრას ჰელოუინამდე დიდი ხნით ადრე თუ დავამზადებთ - ცელოფანში გავამოვკრათ და საჭირო მომენტამდე მაცივარში შევინახოთ. მაგრამ, მთლად ორი თვით ადრე ნუ იზამთ - მაქსიმუმ 1 კვირა - 10 დღეზეა საუბარი.

ახლა ზოგადი რჩევა-დარიგებები:
* ყურადღება მიაქციეთ ზომას!
კვახსაკვეთი ხელსაწყოს არჩევისას რაც უფრო დიდი - მით უკეთესის პრინციპი არ ამართლებს. სამზარეულო დიდი დანით პრაქტიკულად შეუძლებელია ამოჭრის პროცესის გაკონტროლება და პატარა დეტალებზე მუშაობა. მართალია, გოგრის გარეკანი მაგარია, მაგრამ  ისეთიც არაა, რომ პატარა დანა ან ჯაყვა ვერ მოერიოს.
პატარა დანები და ხერხი კი მშვენივრად უმკლავდება გოგრის ტყავს და შესანიშნავია პატარა დეტალების გამოჭრისას. იდეალურია ხეზე კვეთის ინსტრუმენტები, თუკი სადმე იშოვით. მოკლედ, სამზარეულოდან ყველაზე პატარა დანა აარჩიეთ.
უზარმაზარი და უკიდეგანო გოგრაც არ გინდათ. რაც უფრო დიდია გოგრა, მით უფრო ფართოა სამუშაო ზედაპირიც და მით უფრო მეტი დრო, შრომა, ჯაფა და ოფლის ღვრა ჭირდება დასახული ამბიციური გეგმის შესრულებას. აღარ ვლაპარაკობ იმაზეც, რომ თავად გოგრის რბილობის ამოღრუტვნაა ყველაზე დამღლელი, უსასრულო და მომაბეზრებელი პროცესი. დიდ გოგრას რბილობიც ბევრი აქვს და მისი ტყავიც უფრო სქელი და მაგარია.
* ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკმაოდ ბინძური პროცესია!
მოგეხსენებათ, ხელოვნება მხვერპლს მოითხოვს და გოგრის ნათალში ამოგანგვლისა და სახლის მოსუნგალებისაც არ უნდა შეგეშინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ გოგრის რბილობი საკმაოდ ცივი და სლიკინა სუბსტანციაა და არც თუ მაინცდამაინც სასიამოვნოა და თან საკმაოდ ხელისშემშლელია მუშაობის პროცესში. მაგრამ, რეზინის ხელთათმნები გაკეთება არც იფიქროთ - მენდეთ, თავ-ბედს დაიწყევლით. ხელები ჩახურდება, რეზინა ისრიალებს და ინსტრუმენტებსაც ვერ იხმართ. ყველაფერს სჯობს, მშრალი ხელსახოცი ან ტილო მოიხაზირეთ შორიახლო და პერიოზულად ხელები იმშრალეთ.
* სამუშაო გეგმა შეადგინეთ წინდაწინ!
მოამზადეთ შაბლონი. შეარჩიეთ დრო და გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ, სიჩქარეში კი შეიძლება რაიმე გააფუჭოთ და მთელი შრომა წყალში ჩაყაროთ. ძალას ნუ დაატანთ, თორემ გოგრის კედლები რომ გგონიათ იმაზე ადვილად ტყდება. რაც უფრო მშვიდად და დინჯათ იმუშავებთ, მით უფრო მეტი იქნება ბოლოში წარმატებით გასვლის შანსი. მოტეხილი ნაწილები, შეგიძლიათ ხის ჩხირებით ან რაიმე სხვა გონებამახვილი მეთოდით  მიამაგროთ უკან. ბოლოსდაბოლოს, დიზაინი შეცვალეთ. თქვენს გარდა არავის ეცოდინება, რა გქონდათ ჩაფიქრებული. გარდა ამისა, ერთ გოგრას თუ გააფუჭებთ, შეგიძლიათ მეორეზეც სცადოთ.
* იმუშავეთ იატაკზე!
შეცდომებისა და ზედმეტი წვალების თავიდან არიდების საუკეთესო მეთოდია იატაკზე დაჯდომა და გოგრის კალთაში მოთავსება. მაგიდაზე ან ნებისმიერ სწორ ზედაპირზე დადებული გოგრა, დაწოლისას შეიძლება აყირავდეს და გაგვიტყდეს, ან უფრო უარესი, დანა აგვისხლტეს და ხელი გავიჭრათ. კალთაში გამომწყვდეული გოგრა კი ვერსად წავა და ჭკვიანად მოიქცევა.
სულ ეს იყო.
ვინმე თუ გააკეთებთ, გეხვეწებით, არ გამომაპაროთ - თუმცა, ყოველი შემთხვეისთვის „გამზრდელს“ ბოლომდე არ წავიკითხავ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment