მიდიები ლუდისთვის

Approved by Mary Poppins


ამას წინათ, ერთ ჩემს მეგობარს შავი ზღვის სანაპიროდან საჩუქრად მიდიების დიდი პარტია გამოუგზავნეს - ლუდისმოყვარულმა კაცებმაც გაიხარეს და მიდიები ხარშეს და ხარშეს. არადა, რამდენი პირის ჩასატკბარუნებელი რამის მომზადება შეიძლება: ღვინოში მოხრაკულიდან დაწყებული პასტით და სუპით დამთავრებული.
მიდიების მომზადებისას რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიმასხოვროთ: ნიჟარა აუცილებლად უნდა იყოს დახურული, რაც იმა ნიშნავს, რომ შიგნით მიდია ცოცხალია და არ იღელვოთ, მომზადების პროცესში აუცილებლად გაიხსნება, რაც არ გაიხსნება, ასევე გადაყარეთ. და, კიდევ - თუ გინდათ, რომ ჭამის დროს კბილებშუა ქვიშა არ გიკრაჭუნებდეთ, გულდასმით გარეცხეთ ჯაგრისით.

გრილზე დაბრაწული მიდიები ნივრით
4 პორცია
1,5 კგ ცოცხალი მიდიები, 120 მლ თეთრი ღვინო, 50 გრ კარაქი, 2 ხახვი დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 50 გრ დაფქული ორცხობილა, 60 მლ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა, 30 მლ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი, მარილი და დაფქული პილპილი, შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები მოსართავად
მიდიები კარგად გავრეცხოთ ცივი, გამდინარე წყლი ქვეშ. ჩამოვაფხიკოთ შლამი და წყალმცენარეები და გადავაგდოთ ყველა გახსნილი მიდია. ჩავყაროთ დიდი ზომის ქვაბში და დავასხათ ღვინო. დავახუროთ თავსახური და მაღალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-8 წუთის განმავლობაში, შიგადაშიგ ქვაბი ვანჯღრიოთ - სანამ ყველა მიდია არ გაიხსნება.
გადავწუროთ მიდიები თუშფალანგზე, მაგრამ ნახარში ღვინო შევინახოთ. დახურული მიდიები გადავყაროთ. ოდნავ შევაგრილოთ და მერე ნიჟარის თავსახურები მოვაცალოთ -  მიდია ქვედა ნიჟარაში ჩადებული დავტოვოთ.
ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვთუშოთ ხახვი დარბილებამდე. დავამატოთ ნიორი და ვთუშოთ კიდევ 1-2 წუთი. ჩავამატოთ ორცხობილაც და ვურიოთ სანამ ოქროსფრად არ მოიხალება. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ მწვანილიც. დავუმატოთ ცოტა მიდიების ნახარში და შევამარილ-შევაპილპილოთ.
შესუნელებული ორცხობილა კოვზით მიდიებზე გავანაწილოთ. დატენილი მიდიები საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ და გახეხილი პარმეზანი მოვაყაროთ. ღუმელის შიდა ზედა სანთურა ავანთოთ და მიდიები ვბრაწოთ სანამ თავზე მოყრილი ორცხობილა და პარმეზანი ხრუშუნა და ოქროსფერი არ გახდება. გამზადებულ მიდიებს რეჰანის ფოთლები მოვაყაროთ და მივირთვათ ცხლად.

მიდიები ღვინოში - mousles marinière
(ტრადიციული ფრანგული კერძი, 4 პორცია)
1,75 კგ ცოცხალი მიდიები, 15 მლ ზეთი, 25 გრ კარაქი, 1 პატარა ხახვი წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო ან სიდრი, ცოცხალი ოხრახუშის ტოტები, დაფქული პილპილი, 1 ს/კ ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები გასაფორმებლად, პური მისატანებლად
გადავარჩიოთ მიდიები და დავრწმუნდეთ, რომ ყველა დახურულია (გახსნილები გადავყაროთ). გამდინარე ცივი წყლი ქვეშ გულდასმით გავრეცხოთ ნიჟარები - ჯაგრისით გავაცალოთ ნადები და წყალმცენარეები. სამი-ოთხჯერ გავავლოთ წყალი.
დიდი ზომის ტაფაზე გავახუროთ ზეთი და კარაქი და მოვთუშოთ ხახვი და ნიორი 3-4 წუთის განმავლობაში. დავასხათ ღვინო ან სიდრი და დავუმატოთ ოხრახუშის ტოტებიც. კარგად მოვურიოთ და რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ მიდიებიც. დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 5-7 წუთი, შიგადაშიგ ტაფა ვანჯღრიოთ ხოლმე. მიდიები რომ გაიხსნებიან - მზადაა. გაუხსნელი მიდიები გადავყაროთ.
მიდიები გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვასხათ თავისივე ნახარში წვენი, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და პილპილი. მივირთვათ თეთრ პურთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment