ორს რომ ორი მივუმატოთ, რამდენია, ბაჭია? არ დაიბნა ბაჭია - ორი ყური ასწია...

Approved by Mary Poppins


სტაფილოს ნამცხვარი ნუშით
ბისკვიტისთვის: 200 გრ სტაფილო, 4 კვერცხის გული, 4 ს/კ ალუბლის ნაყენი, 75 გრ შაქარი, 200 გრ დაფქული ნუში, ½ ჩ/კ სოდა, 40 გრ საფანელი (დაფქული ორცხობილა), 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 ფორთოხლის წვენი და ცედრა, 4 კვერცხის ცილა, 75 გრ შაქარი
მოსართავად: 75 გრ გარგრის ჯემი, 300 გრ მზა მარციპანი, 100 გრ შაქრის პუდრა, ყვითელი და წითელი ფერის საკონდიტრო საღებავი, 200 გრ თეთრი შოკოლადის სარკალა, 40 გრ ბუსტუღი (ფსტის კაკალი)

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ავთქვიფოთ კვერცხი გულები, 75 გრ შაქარი და ალუბლის ნაყენი 4 ს/კ წყალთან ერთად. ერთმანეთში ავურიოთ ნუში, საფანელი, დარიჩინი და სოდა და გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხის გულში. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, ფორთოხლი ცედრა და წვენი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და 75 გრ შაქარი და მერე ფრთხილად გადავურიოთ კვერცის გულებიან მასაში. 22 სმ დიამეტრის ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. ჩავასხათ ცომი და ვაცხოთ 1 სთ. გამომცხვარი ბისკვიტი ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ. ზევიდან გადავუსვათ გარგრის ჯემი.
ცელოფნის ორ ფენას შორის გავაბრტყელოთ მარციპანის ნახევარი და გამოვჭრათ 22 სმ დიამეტრის წრე და დავაფაროთ ბისკვიტს. დარჩენილ მარციპანსა და შაქრის პუდრას დავუმატოთ წითელი და ყვითელი საღებავები (უნდა გამოვიდეს სტაფილოსფერი), კარგად მოვზილოთ და გამოვძერწოთ რამდენიმე ცალი სტაფილო. ყუნწებად ჩხირებად დაჭრილი ფსტის კაკალი ჩავარჭოთ. თეთრი შოკოლადის სარკალა გავადნოთ წყლის აბაზანაზე და გადავასხათ ნამცხვარს. სარკალა რომ გაშრება, მოვრთოთ სტაფილოებით, გვერდებზე კი დაჭრილი ბუსტუღი მოვაყაროთ.

სტაფილოს ნამცხვარი ნიგვზით და თხილით
ბიკვიტისთვის: 250 გრ სტაფილო, 5 კვერცხი, 250 გრ შაქარი, 1 ჩ/კ ლიმონის გახეხილი ცედრა, 75 გრ ფქვილი, 2 ს/კ სახამებელი, ½ ჩ/კ სოდა, 125 გრ დაფქული თხილი, 125 გრ დაფქული ნიგოზი, 1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ საფანელი
მოსართავად: 200 გრ შაქრის პუდრა, 60 გრ ნუშის ფანტელები, 2 ს/კ გარგრის ჯემი, 16 ცალი მარციპანის სტაფილო

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. სტაფილო გავრეცხოთ, გავთალოთ და გავხეხოთ ძალიან წვრილ სახეხზე. კვერცხი გულები და ცილები დავაცალკეოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან და ლიმონის ცედრასთან ერთად. ფქვილი, სახამებელი და სოდა ერთმანეთში ავურიოთ და გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხის გულებს. დავმატოთ გახეხილი სტაფილო, თხილი და ნიგოზი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და გადავურიოთ ცომში.
26 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა დავცხიმოთ და მოვაყაროთ საფანელი. ჩავასხათ ცომი და შევდგათ ღუმელში 55 წუთით. ბისკვიტი ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
სარკალას მოსამზადებლად შაქრის პუდრა გავქნათ 3 ს/კ თბილ წყალში და გადავასხათ ნამცხვარს.  ნუშის ფანტელები მოვხალოთ. ჯემი გავაზაოთ 2 ს/კ ცხელი წყლით და წავუსვათ ნამცხვარ გვერდებ და ჯემზე მივაწებოთ ნუშის ფანტელები. ნამცხვარზე დავალაგოთ მარციპანის სტაფილოები.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment