Cobb Salad - კობის სალათა

Approved by Natia Jinjolava



მსოფლიო გასტრონომიულ რეიტინგში სახელგანთქმული სალათების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. უოლდორფი
2. ცეზარი
3. ნისუაზი
4. ბერძნული სალათა
5. კობი
პირველ ოთხეულზე უკვე ვისაუბრებთ, ასე რომ დღეს კობის სალათას ანუ Cobb Salad-ის დროც დადგა. როგორც ცნობილი კულინარული კრიტიკოსები ხუმრობენ, მაცივრის შიგთავსის ქექვა ოლიმოიური სპორტის სახეობა რომ იყოს, რობერტ ჰოვარდ კობი (Robert Howard Cobb) უეჭველად ოქროს მედალისტი იქნებოდაო. 
საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის შორეულ 20-30-იან წლებში კონოვარსკვალვების საყვარელ ლოს-ანჟელესური რესტორნის „Hollywood Brown Derby“-ის მფლობელს, რობერტ კობს შუაღამისას მოშივდა და წასახემსებლად რაიმე მსუბუქი „ზაკუსკის“ მომზადება საკუთარი ხელით განისზრახა. თავისივე რეტორნის სამზარეულოში შევიდა, მაცივრის შიგთავსი გამოიკვლია, რაც კი მოეწონა თეფშზე დაიხვავა, დააქუცმაცა, იქვე მოფუსფუსე მზარეულს ბეკონი დააბრაწინა, ისიც დაამატა, სოუსი ვინეგრეტი მოასხა და მადიანად მიირთვა. მისი სპონტანური ვახშამი იმდენად გემრიელი გამოდგა, რომ სალათა რესტორნის მენიუში შეიტანეს. თუმცა, კობის სალათა სანამ მენიუში მოხვდებოდა, რესტორნის შეფ-მზარეულებმა თავისი წვლილი შეიტანეს და სერვირების ფორმა შეუცვალეს: თავად კობმა ყველაფერი იქვე გადაურია ერთმანეთში, კობის სალათას სარესტორნო ვერსიაში კი ინგრედიენტებს პატარა კუბიკებად ჭრიან და ოდნავ ღრმა და ფართო თეფშზე ერთმანეთის გვერდიგვერდ რიგებად ახვავებენ და უკვე მაგიდაზე ასხამენ სოუსს და ერთმანეთში ურევენ.
სალათის შექმნის მეორე ვერსია ასეთია: არა, კობს ავტორობას არავინ ეცილება, უბრალოდ ყვებიან, რომ იმ დღეს თურმე კბილი ატკივდა და ექიმთან ყოფილა. დანტისტმა კბილი დაუბჟინა და მშიერი რობერტ კობი რესტორანში რომ დაბრუნდა, პირს ფართოდ ვეღარ აღებდა. ამიტომ მზარეულს სთხოვა ყველაფერი ძალიან წვრილად დამიჭერიო. უკვე ძალიან გვიანი ღამე იყო და მზარეულმაც ის დაჭრა, რაც მაცივარში იპოვა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, როგორც ყველაფერი მარტივი, კობის სალათაც ძალიან გემრიელი და გენიალურია. ამიტომ მის მომზადებას ნამდვილად გირჩევთ, ჩვენი მაგიდებისთვის უცხოცაა და თან ძალიან ლამაზიც.

კობის სალათა (კლასიკური)
(4-6 პორცია)
შესაკმაზად: 50 მლ რაფსის ზეთი, 50 მლ ზეითუნის ზეთი (extra virgin), 50 მლ წითელი ღვინის ძმარი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, ¾ ჩ/კ მშრალი მდოგვი, ½ ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი, ¼ ჩ/კ შაქარი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით;
სალათისთვის: ნახევარი თავი სალათი აისბერგი, ნახევარი თავის სალათი რომენი, პატარა კონა კრეს-სალათა, 250 გრ ცისფერ ობიანი ყვლი (ჩანგლით დაფშვნილი, 6 ლენტი ბეკონი (დაბრაწული და ხრაშუნა, დაჭრილი წვრილად), 3 კვერცხი (მაგრად მოხარშული, გაფცქვნილი და 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი), 2 საშუალო ზომის პამიდორი (კანგაცლილი, კურკებამოცლილი და სანტიმეტრიან კუბიკებად დაჭრილი), 1 ქათმის ფილე (მარილმოყრილი და ტაფაზე დაბრაწული და სანტიმეტრიან კუბიკებად დაჭრილი), 1 ავოკადო (გათლილი, კურკამოცლილი და 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი), მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
დაბრაწული ბეკონი
სოუსისათვის: ერთმანეთში ავურიოთ რაფსის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ვორჩესტერის სოუსი,  შაქარი, ნიორი და ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ ბლენდერში, სანამ ერთგვაროვან სოუსს არ მივიღებთ. დავუმატოთ მარილი და პილპილი.
სალათები აისბერგი, რომენი და კრესი ფრთო ნაჭრენად დავჭრათ და ერთმანეთში არეულად დავალაგოთ დიდ და ფართო, ოდნავ ღრმა თეფშზე, ზემოდან თეფშის სიგრეძეზე ზოლებად დავალაგოთ ავოკადი მწვანე მხარით ზევით, ბეკონი, ყველი, პამიდორი, ქათამი და მოხარშული კვერცხი. სულ ბოლოს თავზე მწვანე ხახვი მოვაყაროთ. სუფრაზე გავიტანოთ სასოუსეში ჩასხმულ სოუსთან ერთად. სალათის დანახვით აღფრთოვანებული სტუმრების აპლოდისმენტები რომ მიწყნარდება სალათას მოვასხათ სოუსი და ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ.


კობის სალათა კრევეტებით
სოუსისთვის: ¼ ჭ ძმარი „ბალზამიკო“, ¼ ჭ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ მდოგვი, ½ დიდი ზომის ხახვი მაქსიმალურად წვრილად დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 4-5 ღერი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით
სალათისათვის: ½ თავი სალათი ლატუკი, ½ თავი სალათი რომენი, 3 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 დიდი ავოკადო (კუბიკებად დაჭრილი), 3 პამიდორი (გაფცქვილი და კუბიკებად დაჭრილი), 1 ნიორი დაჭყლეტილი, ½ დიდი ხახვი (თხლად დაჭრილი), 3 ს/კ ძმარი, 200 გრ ყველი „როკფორი“ (კუბიკებად დაჭრილი), 200 გრ კრევეტები (გარჩეული), ¼ ჭ თეთრი ღვინო, 2 ლიმონი, 4 ლენტი ბეკონი (დაბრაწული და კუბიკებად დაჭრილი)
სოუსის ყევლა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ, კარგად ავთქვიფოთ და 1 საათით მაცივარში შევდგათ. პამიდორი, ხახვი და ნიორი ერთმანეთში ავურიოთ, მოვასხათ ძმარი და ლიმონის წვენი და ერთი საათით მაცივარში შევდგათ. კრევეტები მოვშშოთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, ჩავთუთქოთ ღვინოსა და დარჩენილ ლიმონის წვენში. სალათის ფოთლები დიდ ნაჭრებად დავჭრათ და დავალაგოთ დიდი ზომის თეფშზე. ზევიდან ზოლებად დავალაგოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ავოკადო, კრევეტები, პამიდორი, ყველი და ბეკონი. სუფრაზე გავიტანოთ სოუსთან ერთად.

კობ სალათას ბევრი ვარიანტი არსებობს, სადაც როგოც წესი ხორცი იცვლება ხოლმე, ქათამს ხშირად თევზითაც ცვლიან, მაგრამ ძირითადი პრინციპი ერთია, აუცილებლად უნდა შედგებოდეს კუბიკებად დაჭრილი ინგრედიენტებისა და სოუსი „ვინეგრეტისგან“. თან ავოკადო, მახარშული კვერცხი, ყველი, ბეკონი და პამიდორი ყველა რეცეპტში უცვლელად რჩება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    რამდენი ხანია აქ აღარ შემომიხედავს.
    ეს რამდენი გიწერიათ ;)
    არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ, უზარმაზარი და საინტერესო კულინარიული ბაზა გაქვთ, მაგრამ რატომღაც ევროპული სამზარეულოს ნიმუშების რაოდენობა ბევრად აღემატება აღმოსავლურს. არადა ჩემი აზრით აღმოსავლური უფრო საინტერესოა.
    მაგალითად ეს: http://www.youtube.com/watch?v=MwoKcCAq9ws&feature=player_embedded
    რას უნდა აკეთებდეს ეს ჩინელი მზარეული, ასეთი ძალისხმევა რომ სჭირდება?
    ან ევროპელ მზარეულებს თუ შეუძლიათ მსგავსი მუშაობა?
    ან თუნდაც იაპონური სამზარეულო რომ ავიღოთ, უყურებ მზარეულს და ხვდები, რომ საჭმლის მომზადების გარდა, მთელი ხელოვნებაა ჩადებული მის ყოველ მოძრაობაში.
    მოხარული ვიქნები თუ გაითვალისწინებთ აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულთა ინტერესებს.
    გისურვებთ წარმატებებს.

  1. Natia Jinjolava

    ოოო, დაკარგული მეგობარიც გამოჩნდა! თავი მოგვანატრეთ!
    აღმოსავლურ სამზარეულომდეც მივალთ აუცილებლად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეუმოწმებელ და საკუთარ შესაძლებლობასა და კუჭზე გამოუცდელ რეცეპტებს არ ვაქვეყნებთ. შესაბამისად,რაშიც უკეთესად ვერკვევი, იმაზე არ ვწერ. აღმოსავლეთში, სამწუხაროდ, თავად არ მიმოგზაურია - თბილისის ჩინური რესტორნების კერძების 70%-ს სახლში კი ვიმეორებ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ქათამი ღორით ან საქონლით იცვლება, თორემ ერთმანეთს ტყუპებივით გავს. ამიტომ ვცდილობ ფსევდოაღმოსავლური კერძები არ გავიმეორო. თუმცა, ჩემთვის სანდო მზარეულების რეპერტუარიდან რამდენიმე კერძს მართლაც ვაკეთებ (მწვანე და ჩვეულებრივ კარის, ქათმის ტიკა მასალას, ჩინური პელმენების რამდენიმე სახეობა და ა.შ.), მაგრამ იგივე კარის ფოთლები, სორგო, დაკარამელებული ჯანჯაფილი, 5 სანელებლის სუნელი, ილანგ-ილანგი მიუწვდომელი სიამოვნებაა და აბა, მათ გარეშე აღმოსავლურ სამზარეულოზე როგორ ვილაპარაკო? თუმცა,ზუსტად ორი დღის წინ მოვიძიე ჩემი აზრით სარწმუნო ჯანჯაფილის მარინადის რეცეპტი და გაკეთებასაც და გამოქვეყნებასაც ვგეგმავ :))))
    ძალიან გამახარეთ გამოჩენით :))

Post a Comment