„ფუა-გრა“ უკრაინულად

Approved by Natia Jinjolava

ჩემო ჩაკრიპუჭებულო ხალხო (კრიპუჭს გურიაში ჩაშაქრულ თაფლს ეძახიან)! ხშირად მსაყვედურობენ, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარო. რაზედაც ჩემი პასუხი მოკლე და მრავლისმთქმელია: ვინ დაიჭერს მინდორში ქარს! ან რა გამოლევს დუნიაზე მოსაწესრიგებელ-მოსაგვარებელ საქმეს. მოგეხსენებათ, თუკი სადმე პრობლემაა, ჩემი ჩარევის გარეშე არაფერი ეშველება.  ამდენს კი დაქრივარ, მაგრამ ბლოგსაც არ ვაშორებ ჩემს მახვილ და დაუზარელ თვალს და არცერთ შესანიშნავ სტატიას არ ვტოვებ უყურადღებოდ. ჩემი გულჩვილობის ამბავი ყველამ იცით და გული განსაკუთრებულად საფრანგეთში დასუქებულ-გადასუქებულმა ბატებმა ამიჩუყა. ჰოდა, ახლა უკრაინისაკენ, ჩემი დედულეთისაკენ,  მიჭირავს გეზი და იქაურ ამბებს მოგიყვებით.
ჩემი ბებია ოდესელი იყო, შეძლებული ოჯახიდან. მისი დედ-მამა დაუღალავად შრომობდა (საქმის სიყვარულში იმათ დავემსგავსე) და ოჯახიც სავსე ჰქონდათ: უამრავი ფრთა ფრინველი, 35 ლიტრიანი მეწველი ძროხები, თხები და ცხენები. მეურნეობაც დიდი ებადათ. თავად ამზადებდნენ სურსათ-სანოვაგეს თუ საოჯახო ნივთებს. ერთხელაც არაყი გამოუხდიათ და უამრავი ხილის ნარჩენი სახლიდან მოშორებით ხევში გადაუყრიათ. მეორე დილით კი ბატები გაუშვიათ საძოვარზე. მოგეხსენებათ, ფრინველს ხორცი გემრიელი რომ ქონდეს, ბალახიც უნდა მოწიწკნოს და ქვიშაც გაქექოს. ბატები ხევიდან წამოსულმა  ხილის ნარჩენების საუცხოო არომატმა მიიზიდა, დაირაზმნენ, გაეშურნენ და გემრიელადაც მიირთვეს. კარგად დანაყრებულებმა საღამოს სახლსაც მიაშურეს და საბატეში გახეული მთვრალები მკვდარივით დაეყარნენ. დილით ბებია-ბაბუამ ბატებს გამოსაშვებად რომ მიაკითხეს, მიწა „დახოცილი“ ფრინველით იყო დაფარული. შეწუხდნენ, ალბათ რამე ჭირი შეეყარათ და ბუმბულს მაინც ნუ ვიზარალებთო, დამხმარე ძალას მეზობლებისა და ახლობლების სახით უხმეს, სასწრაფო წესით განძარცვეს ბუნებრივი სამოსისგან და დატიტვლებული „მკვდარი“ ბატები ურემზე დატვირთეს, სახლისგან მოშორებულ მდინარეზე გაიტანეს და იმავე ხილის ნარჩენებიან ხრამში მოიფრიალეს. დამავიწყდა მეთქვა, რომ გვიანი შემოდგომა იყო და უკვე კარგა გვარიანად ციოდა. წაულის ქურქშემოცლილ ბატებს ყინვამ რომ მოუჭირა, „პახმელიაზე“ სწრაფად გამოვიდნენ და სიცივისგან გალურჯებულები ზებგერითი სჩქარითა და საბრალო ყაყანით მოადგნენ მშობლიური სახლის ანუ ბებიაჩემის ჭიშკარს: გვცივა, გვშია და გვიშველეთო! აბა?! მეც იქ ვიყავი, მათი გერმის 3 ბალიში მერგო მზითვად, რომელზედაც ღამით თავი მიდევს და უამრავ ფერად სიზმარს ვხედავ.

საუკეთესო სურვილებით,  ვარდისფერი პანტერა

2 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    ეტყობა, ყველა ჩვენგანში ზის ასტრიდ ლინდგრენის ემილი: თავის დროზე, მე და ჩემმა მეგობარმა, წოდორეთში დასასვენებლად წასულებმა, "ხაზეიკას" ქათმებს არაყი დავალევინეთ, ისე, ცნობისმოყვარეობისთვის (არადა, არცთუ პატარები ვიყავით, ასე 16-17 წლის - მეტი ჭკუა კი მოგვეკითხებოდა). აღარ ვიტყვი, მეორე დღეს რა წიოკი ატყდა...

  1. Natia Jinjolava

    მე ვინმეს დათრობა მანდვილად არ მაგონდება, მაგრამ ასევე "ხაზეიკას" კურდღლებთან მისივე უზარმაზარი ძაღლი კი მყავს "შემთხვევით" შეშვებული. მეტისმეტად ალერსიანმა ძაღლმა როგორ გაიხარა ბაჭიებთან თამაშით მაგაზე ხმას აღარ ამოვიღებ...

Post a Comment