თვითმფრინავთან დაკავშირებული შიშები და სიამოვნებები

Approved by Natia Jinjolava

დამეთანხმებით, გადაადგილების საშუალებებს შორის თვითმფრინავი ყველაზე სწრაფი და ამავე დროს, ყველაზე გულგასახეთქი საშუალებაა. არა, ფრენის პლუს-მინუსებზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ, მით უმეტეს, ბევრი ჩემი (და ალბათ თქვენი) ნაცნობისთვის ეს მტკივნეული თემაა. ზოგი გაფრების წინ დამამშვიდებელ წამლებს ყლაპავს, ზოგი ალკოჰოლს ემეგობრება, ზოგი საკითხავს იმარაგებს (მათ შორის. მეც), ყველაზე ნერვიული მგზავრი მფრინავების კაბინისკენ იჩოჩებს და ასე შემდეგ.
რომ გითხრათ, ფრენის არ მეშინიაო, ალბათ არ დამიჯერებთ. უბრალოდ, ერთი ანეკდოტის არ იყოს, ვცდილობ, ბედს შევეგუო და სიამოვნება მივიღო. ერთ ასეთ დაუვიწყარ „სიამოვნებაზე“ მინდა მოგითხროთ.
90-იანი წლების დასაწყისია, მე და ჩემმა მეგობრებმა სხვადასხვა ინსტიტუტების პირველი კურსი მშობლებისა და ლექტორების წინაშე ვალმოხდილად დავამთავრეთ და დამსახურებული არდადეგების გატარება ზემო სვანეთში გადავწყვიტეთ. მარშრუტიც შევადგინეთ: თვითმფრინავით თბილისიდან ზუგდიდამდე და მერე მანქანით მესტიამდე.
თვითმფრინავში მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ერთად დავსხედით. მე მანამდეც მიფრენია, აი, ჩემი მეგობრისთვის ეს დებიუტი იყო. მოკლედ, დაიძაბა. სტიურდესას თვალს არ აშორებდა, ის კი მშვიდად იჯდა ჩვენს უკან და მთელი გზა ვაშლებს მიირთმევდა. თვითმფრინავის სალონში რატომღაც უბერავდა (ვერ დავადგინეთ, რატომ ან საიდან), და ჩემი მეგობარი შიგადაშიგ, როგორც გამოცდილ და გამობრძმედილ „მფრინავს“ მეკითხებოდა, ასე უნდა იყოს თუ არა. მეც ვარწმუნებდი, რომ ეს ძალიანაც ნორმალურია და საერთოდ, მგზავრებს ჰაერი სჭირდებათ, ჰაერი კი საიდან უნდა მოხვდეს, თუ არა ღრიჭოებიდან?! მივუახლოვდით ზუგდიდს. ილუმინატორიდან დავინახეთ ჩამწკვრივებული ომისდროინდელი ყვითელი „კუკურუზნიკები“ და ხანმოკლე შეკამათების შედეგად დავასკვენით, რომ ალბათ ძველი და რარიტეტული მოდელების გამოფენა უნდა იყოს (მწარედ შევცდით, მაგრამ ამაზე მოგვიანებით).
თვითმფრინავი დაჯდა, ჩამოვედით და აღმოვაჩინეთ, რომ ვართ... ქუთაისში! მფრინავი გამოვიდა, „მე, გენაცვალე, ქუთეისელი ვარ და შინ  მელოდებიანო“ და ამაყად გაგვეცალა. რა ექნა, ნაჯაფ-ნამუშევარი კაცი სახლში ჩამოვიდა! ატყდა ალიაქოთი. ერთმა ქალმა იმარჯვა, საფრენ ბილიკზე გაწვა და, ბილეთი ზუგდიდამდე მაქვს ნაყიდი და აქედან ფეხს არ მოვიცვლი, იქ სანამ არ ჩამიყვანთო, გამოაცხადა. ადგილობრივი პერსონალი ჩაფიქრდა, მერე შეფუცხუნდა და ვიღაცას შეუძახა. ვხედავთ, მოდის ეს „ვიღაც“ ბარბაც-ბარბაცით. „ზუგდიდამდე მე მიგიყვანთ“, თქვა და სასმელის ოხშივარი ამოუშვა. მგზავრებმა ჯერ იდავეს (ჩვენი ბედი ნასვამ კაცს როგორ ვანდოთო), მერე დათანხმდნენ, ფულიც აიკრიფა და „ჩვენს მხსნელს“ უკან გავყევით, რომელმაც სწორედ იმ ერთ-ერთ ყვითელ თვითმფრინავამდე მიგვიყვანა, ჩვენ რომ სამუზეუმო ექსპონატი გვეგონა. „ჩემი რაშიო“, მოესიყვარულა მფრინავი გვარიანად დაჟანგებულ ლითონს და თვითმფრინავის შესასვლელს ხის კიბე მიადგა.
რა გვექნა? ავედით. ვხედავთ, თვითმფრინავს კარი აკლია, უფრო სწორად, არა აქვს. სალონში კედლების გასწვრივ ხის ვიწრო ნარებია, ნარების თავზე კი რკინის ძელებია გადებული ხელის ჩასაჭიდად, ფრენისას ღია „კარში“ რომ არ ჩაცურდე.
დავსხედით. საფრენმა აპარატმა დაიკვნესა, მერე ათუხთუხდა, აჭრიალდა და, როგორც იქნა, მიწას მოსწყდა. მიწას კი მოსწყდა, მაგრამ შორსაც (ანუ მაღლა) არ წასულა. ასე ვიფრინეთ ზუგდიდამდე ხის კენწეროებში. ვიღაცა ლოცვას ბუტბუტებდა (პირჯვარს ვერ იწერდნენ - ხელები ყველას დაკავებული ჰქონდა), ვიღაცა დაძაბული იხვეწებოდა „აქ - არა, ცოტა იქით, მინდვრებში ჩამოვარდეს, იქ რბილი მიწააო“.
ზუგდიდის სანახები გამოჩნდა და თვითმფრინავმაც, აქაოდა, ჩემი ვალი შევასრულე, აქამდე მომიყვანიხართ და ახლა შემეშვითო, ბოლი აუშვა და ცხვირით ბალახებში შესრიალდა. ჩემმა მეგობარმა თავისი ჩვეული კითხვა „ასე უნდა იყოს?“ გამიმეორა და საკუთარ თავს თვითონვე იქედნურად უპასუხა: „არ თქვა, რომ ფრენისას ბოლიც და ნაპერწკლებიც ნორმალურიაო“. მერე საჯაროდ დაიფიცა, აღარასდროს ვიფრენ და აწი მხოლოდ ხმელეთზე  ვივლიო.
მოკლედ, ასე ჩამოვედით. მუხლების კანკალზე და აჩქარებულ მაჯისცემაზე აღარაფერს ვიტყვი, ერთს დავამატებ: „სვანური ეპოპეის“ მერე, ჩემი მეგობარი ძალიან მალე ცოლად უცხოელს გაჰყვა, უკვე ბევრი წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და წელიწადში რამდენჯერმე აქეთ-იქით ფრენა უწევს. თავის საზეიმოდ დადებულ ფიცს აღარ იხსენებს, მაგრამ ყოველი რეისის წინ დამამშვიდებელ წამლებს დღესაც პეშვით იყრის...

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

5 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    მარტო თვითფრინავი? ერთხელ მე და მის ენდრიუმ მატარებლით ვიმგზავრეთ... შუაღამისას წეისისა და რიგის თანახმად მძღოლი შეიცვალა. იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს, გამოცდილი მესაჭე ელმავალს ისე მიეგელვებდა ყოველ მოსახვევში ერთი კედლიდან მეორეზე გვანარცხებდა. რიკოთის გვირაბში ისეთი ტრიუკები ჩაატარა, მის იუფემია წამოხტა და გამწარებული აქეთ-იქით დარბოდა: "პრინცესა დიანასავთ გვირაბში სიკვდილია არ მინდა"-ო...

  1. Ms Andrew

    ის რომ "ნაზად გვარწევდა", მახსოვს, მაგრამ დიანაზე არაფერი მითქვამს. ახლა დამატყდება ზოგ-ზოგიერთი თავს, სკლეროზი გავსო,გამომიცხადებს.

  1. Natia Jinjolava

    არა, სკლეროზი ნამდვილად არ გაქვს, 200 წლის უკანდელი ისეთი დეტალები გახსოვს, სპილოსაც შეშურდება. უბრალოდ, რაც არ გაწყობს გახსოვდეს, საკუთარ დაბნეულობას აბრალებ და ასევე შესანიშნავად "ივიწყებ" :)))))))

  1. Madame Durova

    რომ არ მოვყვე არ შემიძლია. ერთი ჩემი მეგობარი შრი-ლანკაზე მიემგზავრებიდა. რეისი გვიან მიფრინავდა. ძალიან სიმპატიური, ორმეტრიანი გოგოა, საოცრად ეფექტური და კომპლექსების გარეშეც. დაღლილი და უძინარი, თბილისის აეროპორტში, რეგისტრატურის წინ სკამების რიგზე მთელ სირგძეზე გაწვა,მუცელზე გემრიელად მოკალათდა და მშვიდად დაიძინა.გადატრიალება რომ მოინდომა, ერთი სალტო სახელდახელო საწოლიდან იატაკზე დანარცხებისას გააკეთა და მეორე იატაკიდან ჰაერში, წამოდგომის მცდელობისას. ნახევარი აეროპორტი ხარხარებდა, თან ახაგაღვიძებულ და დაბნეულ გოგოს ამშვიდებდა. თვითფრინავში ამ ამბის შემსწრეები, რამდენი შემომხედავდნენ მთელი გზა ხითხითებდნენო. მწარე გამოცდილებისგან დაშინებულს, შემდეგი 2დღე-ღამე მგზავრობის განმავლობაში თვალი აღარ მოუხუჭავს...

  1. Dediko Ru

    მე და ჩემმა მეუღლემ შესანიშნავი "Венские каникулы" გავატარეთ. იქ რა დრო ვატარეთ, გავჩუმდები და ახლა მოგიყვენით, უკან როგორ ჩამოვფრინდით. დღის რეისი იყო. ქმარმა დილა კონიაკით დაიწყო - ფრენის პანიკურად ეშინია. აეროპორტში ისევ ლიტრიანი კონიაკი შეიძინა და თვითფრინავში ჩაჯდომამდე წაატეხა ბოთლს თავი, რასაკვირველია "не закусывая". აფრენისას უკვე გვარიანი მთვრალი იყო. ზედმეტმა ალკოჰოლმა თავიდანვე თავი იჩინა, სტიუარდესების თაობაზე ხმამაღლ კომენტარებში. მალე ბოთლის წასართმევად ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ჩემსა და ქმარს შორის. აღშფოთებული, პროტესტის ნიშნად უკანა რიგში გადაჯდა, თითქმის ცარიელი ბოთლი გულში ჩაიკრა და დაიძინა... ისე დავფრინდით, არ გაუგია. მთელი ეკიპაჟი აღვიძებდა, როგორც იქნა შევაფხიზლეთ. არ მოეწონა და ყველა მგზავრის და პილოტების ნათესავებში უცენზუროდ გაისეირნა. გზაში, ყველა გამვლელ მანქანას ავტომობილის ფანჯრიდან თავგაყოფილი აგინებდა. აღარც ვენა მახსოვდა და აღარც იქ მიღებული სიამოვნება. მეორე დილას, უკაცვარავ, შუადღეზე, გამოიღვიძა და თავს იმართლებდა: ფრენის მეშინია და ყველაფერი მაგის ბრალიაო. და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მთელი ბავშვობა თბილისსა და ალჟირს შორის დაფრინავდა...

Post a Comment