ჟოლოს მურაბა (კლასიკური რეცეპტი რამდენიმე არაკლასიკური რჩევით)

Approved by Natia Jinjolava

მურაბების, ხილფაფების, ჯემების და კონფიტიურების დიდი მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არის რამოდენიმე გამორჩეული „ეგზემპლიარი“, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუვლი. რაც შეეხება მურაბას, ჩემი წარმოდგენით, ის გასტრონომიულის გარდა, ესთეტურ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს  - გემრიელიც უნდა იყოს (უდავოდ!), სურნელოვანიც და თვალსაც უნდა ახარებდეს.
ჩვენებური დიასახლისები მურაბების მზადებაში საკმაოდ დაოსტატებულნი არიან და ალბათ ამ ტრადიციული რეცეპტის შემოთავაზებით ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რა ვქნა - ჩემი საყვარელი კენკრა გამოჩნდა და აბა, როგორ არ ვახსენო? დიახ, ეს ის კენკრაა, რომლის სახელს ხშირად უდიერად ვეპყრობით და ვამახინჯებთ, და მაინც, ადრიან დილით ეზოში გადაძახილი „მალინა, მალინააა“ რაღაც ძალიან მყუდროს და სასიამოვნოს მახსენებს.
ალბათ იშვიათია ისეთი სამზარეულო, ერთი პატარა ქილა ჟოლოს მურაბა რომ არ მოიპოვებოდეს, თუნდაც გაციების მკურნალობის მიზნით სათუთად გადანახული. ერთი შეხედვით, მისი მომზადება ადვილია, მაგრამ იდეალური მურაბის მისაღებად რამდენიმე თითქოს უმნიშვნელო დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.  მაშ ასე, დავიკაპიწოთ მკლავები და საქმეს შევუდგეთ.
ინგრედიენტები: 2 კგ გარეცხილ-გადარჩეული ჟოლო, 2 კგ შაქარი, 0,5 ჭ სპირტი.
რჩევა პირველი: ჟოლო იმდენად ფაქიზი და ნაზი კენკრაა, რომ მურაბის ხარისხი და კარგი შედეგი ხშირად კენკრის გარეცხვის წესზეა დამოკიდებული. მაშ ასე, ფრთხილად გარეცხეთ!
ინგრედიენტები ორ ნაწილად გაყავით. დიდ სამურაბე ტაშტში ჯერ ჩაყარეთ 1 კგ ჟოლო, მოაყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხურეთ ჭიქის მეოთხედი სპირტი, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და ინგრედიენტების მეორე ნახევარი ტაშტში იგივე მიმდევრობით დაამატეთ.
რჩევა მეორე: კლასიკური რეცეპტების მიხედვით, შაქარმოყრილი და სპირტმოსხმული ჟოლო 4-5 საათი უნდა გააჩეროთ. ჩემი გამოცდილებით, ჯობია, ტაშტს პირსახოცი გადააფაროთ და მთელი ღამითაც კი დატოვოთ. ამის შემდეგ საკუთრივ ხარშვის პროცესი იწყება (1-1,5სთ)!
რჩევა მესამე: ხარშვისას კენკრას ნუ მოურევთ. თუ გული არ გითმენთ ან ხელები მოსარევად გექავებათ, ხის კოვზით ძალიან ნელა და ფრთხილად მოურიეთ. ხარშვის დროს არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა.
რჩევა მეოთხე: ესეც ასე, მურაბა მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი მურაბა მინის ქილებში გადაასხით, გამოჭერით ქილის სახურავების ზომისა და ფორმის ქაღალდი, სპირტში ამოაწეთ, დააფარეთ ქილას და მხოლოდ ამის მერე დაახურეთ სახურავი.

აი, სულ ესაა. გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

3 კომენტარი.:

  1. ირინა ზაქარეიშვილი

    დიდი მადლობა დეიდა პოლის :)

  1. Unknown

    გმადლობთ დეიდა პოლი :-) იქნებ მალინის ცოცხლად შენახვის თქვენეული რეცეპტიც შემოგვთავაზოთ :-)

  1. Anonymous

    მადლობა საუკეთესოა

Post a Comment