უგემრიელესი ტორტები გოგრით

Approved by Natia Jinjolava


ტორტი გოგრით და ფორთოხლით
12 ნაჭერი
150 გრ ერბო, 2 ¼ ჭ ლერწმის შაქარი, 3 კვერცხი, 1 ½ ჭ გოგრის პიურე, ½ ჭ ფორთოხლის წვენი, 2 ½ ჭ ფქვილი, ½  ჩ/კ სოდა, 1 ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი,  ¾ დაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატი), ¾ ჩ/კ დაფქული სურნელოვანი პილპილი, 1/3 ჭ რძე
კრემისთვის: 300 გრ ნაღების ყველი, 1 ჭ შაქარი, ½ ჩ/კ  დარიჩინი, ½ ჭ გოგრის პიურე, ¼ ჭ კარამელის სიროპი, ¼ ჭ დაჭრილი პეკანი (ან ნიგოზი) 
ფართო ჯამში ავთქვიფოთ ერბო (შეგიძლიათ შეცვალოთ დარბილებული კარაქით) და შაქარი სანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ. ჩავათქვიფოთ კვერცხები სათითაოდ. გადავურიოთ ფორთოხლის წვენი და გოგრის პიურე. ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა და სანელებლები და ეს ნარევი რძესთან ერთად თანდათანობით ჩავათქვიფოთ კვერცხისა და გოგრის პიურეს. 22 სმ დიამეტრის 2 ცალი ნამცხვრის საცხობი ფორმა დავცხიმოთ და მათში გავანაწილოთ ცომი. ღუმელი გავახუროთ 175°C-მდე. შევდგათ ნამცხვარი და ვაცხოთ 28-32 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარი გავსინჯოთ ხის ჩხირით - ბისკვიტის ცენტრში ჩარჭობილ ხის ჩხირს ნამცეცები თუ არ ამოყვა, ბისკვიტი მზადაა. 10 წუთი ნამცხვარი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კი ფორმიდან ამოვიღოთ და გავაგრილოთ ბოლომდე.
კრემისთვის, ფართო ჯამში ავთქვიფოთ ნაღების ყველი, დავუმატოთ შაქარი და სანელებლები. დავუმატოთ გოგრის პიურე. ბიკვიტები ორად გაჭრათ ჰორიზონტალურად და წავუსვათ კრემი, ოღონდ ბოლო ფენას კრემს ნუ გადავუსვამთ, მას მოვაწუწოთ კარამელი და მოვაყაროთ დაჭრილი პეკანი.

გოგრის ტორტი ჟურნალი „bon appatit“-ისგან
12 ნაჭერი
3 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ დარიჩინი ან ჩინური „5 სანელებლის“ ნარევი, ½ ჩ/კ ზღვი მარილი, 200 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 2 ჭ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის, 425 გრ გოგრის პიურე, 1/3 ჭ რძე
კრემისთვის: 200 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურა, 400 გრ ნაღების კრემი ოთახის ტემპერატურის, 1 ს/კ ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 2 ჭ შაქრის პუდრა, 1 მუჭა მსხვილად დაჭრილი და მოხალული ნიგოზი და მისი ლებნები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. დავცხიმოთ და პერგამენტი ჩავაფინოთ 2 ცალ 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში.
ფქვილი, სოდა, დარიჩინი და მარილი გადავურიოთ ერთმანეთში. ცალკე ჯამში მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი. ჩავათქვიფოთ ჯერ შაქარი და მერე კვერცხები სათითაოდ. ბოლოს გოგრის პიურეც დავუმატოთ. გადავურიოთ ფქვილისა და სანელებლების ნარევიც (3 ნაწილად) და რძეც (2 ნაწილად). ანუ პროდუქტები პორცია-პორციად დავუმატოთ და დამატებებს შორის რამდენიმე წუთი ვთქვიფოთ. ცომი გავანაწილოთ დაცხიმულ ფორმებში. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი. 15 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე ამოვიღოთ, ქაღალდი ავაცალოთ და გავაგრილოთ ბოლომდე. ბისკვიტების გამოცხობა წინა დღესაც შეიძლება.
კრემისთვის მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი კრემის კონსისტენციამდე, დავუმატოთ ნაღების ყველი და ფორთოხლის ცედრა. ჩავათქვიფოთ შაქრის პუდრა მიქსერის დაბალი სიჩქარით ან გადავურიოთ კოვზით.
ბისკვიტებს ამობურცული თავები ავათალოთ და მოვასწოროთ. ჰორიზონტალურად გავჭრათ ორად. ბისკვიტის ფენებს წავუსვათ კრემი და შემოვადგათ ერთმანეთს. კრემი გადავუსვათ ტორტის თავსა და გვერდებსაც. მოვრთოთ დაჭრილი ნიგოზით, ჩავაცივოთ და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment