ვარიაციები ღუმელში გამომცხვარი კომშის თემაზე

Approved by Mary Poppins


აბა, ვის გიყვართ ღუმელში გამომცხვარი კომში? მე! კიდევ უფრო მიყვარს, ასეთი კმში მოხარშული კრემით და ნიგვზით. მით უმეტეს, რომ მისი მომზადება სხვა ნამცხვარზე მორჩენილი კრემით და ნიგვზით შეიძლება და ბევრი შრომისა და ჯაფის გარეშე, ერთი მაგივრად ორ უგემრიელეს დესერტს მიიღებთ. ანუ, თუ მოხდა ისე, რომ გვიან შემოდგომაზე, ანუ კომშის მწიფობის სეზონზე რაიმე ნამცხვრის ცხობის შემდეგ მოხარშული კრემი მოგვრჩა -  ავიღოთ კომში, გავრეცხოთ, გავჭრათ ოთხად და ამოვაჭრათ გული. დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და შევდგათ წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში სანამ არ დარილდება. რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. საცხობ ფირფიტაზე კომშის დალაგებამდე პერგამენტის ქაღალდს თუ დავაფენთ, მერე მისი გარეცხვაც აღარ მოგვიწევს. მზა კომში გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ამოღრუტნული ნაწილი დავტენოთ კრემით და ზემოდან გახეხილი ან გატარებული ნიგოზი მოვაყაროთ. ჭამის წინ კიდევ ერთხელ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გემრიელად მივირთვათ.

ბერძნებმა კიდევ უფრო მარტივ გამოსავალს მიაგნეს და კომშს ასე აცხობენ:
4 კომში გავრეცხოთ, სათითაოდ გავახვიოთ ალუმინი ფოლგის ნაჭერში და შევალაგოთ წინასწარ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 2 საათის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. გამომცხვარი კომში დავჭრათ ნაჭრებად, გული და კურკები ამოვაჭრათ და დავალაგოთ ლანგარზე. 1 ჭ მაწონს გადავურიოთ 2 ს/კ თაფლი და მოვასხათ კომშის ნაჭრებს.

და, ორჯერ გამომცხვარი კომშის კრამბლი კომშის კრემით ბრიტანულად
მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი რამდენიმე კომპონენტისაგან მზადდება, საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია და თან ყველაფრის წინდაწინ მომზადებაც შეიძლება.
ვანილის ფოთოლთან და დაფნასთან ერთად მოთუშული კომში
600 გრ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კომში, 200 გრ შაქარი, 150 მლ წყალი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ჩხირი ვანილი შუაზე გაჭრილი და თესლგამოფხეკილი, როზმარინის ტოტი, 1 მთლიანი ლიმონის ცედრა
კომშის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ქვაბში და წამოვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავყაროთ 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი კომში. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კომში რომ მოიხარშება, გამოვრთოთ ცეცხლი და შევუდგეთ კრამბლის მომზადებას.
კრამბლი - რაც სიტყვასიტყვით ნაფშვენებს ნიშნავს, ჩვენებური ქადის გულის ინგლისური ვარიანტია: 100 გრ ფქვილი, 75 გრ კარაქი, 25 გრ თაფლი, მარილის მწიკვი, 50 გრ ლერწმის შაქარი, 50 გრ მიუსლი, 20 გრ დაჭრილი და მოხალული თხილი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი და თაფლი და ცივი ხელებით ერთმანეთში გადავურიოთ - ნუ მოვზილავთ, ფხვიერი და ფანტია მასა უნდა გამოგვივიდეს. დავუმატოთ თხილი და მიუსლი. მიღებული კრამბლი დავყაროთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდგათ ღუმელში 20 წუთით.
კომშის კრამბლისათვი დაგვჭირდება: მოთუშული კომში, მისი მონათუში სიროპი და გამომცხვარი კრამბლი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ 8 ცალი ყავის ჭიქა ან რემეკენი (პუდინგის საცხობი ფორმა). ჭიქებში კოვზით გავანაწილოთ მოთუშული კომში ისე რომ ჭიქის ¾ შეივსოს. მოვასხათ 2-2 ს/კ კომშის მონათუში სიროპი. ზევიდან მოვაყაროთ მოხალული კრამბლი. ჭამის წინ, გამზადებული ჭიქები 15-18 წუთით შევდგათ ღუმელში. გამოვიღოთ და 5 წუთი გასაგრილებლად დავდგათ.
კომშის კრემი: 50 მლ კომშის მონათუში სიროპი, 120 მლ რძე, 100 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები, 2 კვერცხის გული, 10 გრ შაქარი
პატარა, სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ რძე, კომშის სიროპი და ნაღები და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ჯამში ავთქვიფთ კვერცხის გულები და შაქარი, ჩავასხათ ცოტაოდენი ცხელი რძე და მოვურიოთ და რომ გაიხსნება, მერე უკვე ათქვეფილი კვერცხები ჩავასხათ გაცხელებულ რძეში. სწრაფად მოვურიოთ. დავაბრუნეთ ცეცხლზე და ვურიოთ შესქელებამდე - მაგრამ ნუ ავადუღებთ! გამზადებული კრემი გადავწუროთ ძალიან წვრილ საცერზე (კომშის ნახარში თავისი სტრუქტურის გამო, კრემს დააკურკუტებს. კრემის მსგავსი სტრუქტურა თუ არ მოგწონთ, კომშის ნახარშ სიროპს საერთოდ ნუ გამოიყენებთ, რძით შეცვალეთ და ცოტა შაქარიც დაამატეთ) მოვასხათ უკვე გამომცხვარ კრამბლს და გემრიელად მივირთვათ! მორჩენილი კრემი ჩავასხათ სასოუსეში, ვისაც ენდომება, დაიმატებს.

საყჯეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment