ბროკოლის სუპ-პიურე

Approved by Mary Poppins


სახელგანთქმულმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა, გორდონ რამზიმ ეს სუპი პირველად „Clubway 41”-ის შეფთან შეჯიბრის დროს გააკეთა და მოწინააღმდეგის 41 ხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარ საავტორო ბროკოლის სუპს სულ 5 ინგრედიენტით აჯობა. თანაც ამ ხუთიდან ორი წყალი და გარნირი იყო. და რაც მთავარია, როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ამ სუპს ნამდვილი ბროკოლის გემო აქვს და არა დამხმარე კომპონენტების.

ბროკოლის სუპ-პიურე
(6 პორცია)
ბროკოლის 1 დიდი ან 2 საშუალო ყვავილედი, 3 ს/კ მარილი, პილპილის საფქვავის 4-5 დატრიალება პილპილი, წყალი, ზეითუნის ზეთი
ეს ამ სუპის ძირითადი რეცეპტია, მაგრამ მისი „ფეშენ“ ვარიანტის მომზადება თუ გსურთ, მაშინ კიდევ 2 ინგრედიენტი უნდა დაუმატოთ:
თითო თეფშზე 2-2 ნაჭერი თხის ყველი და 5-5 ლებანი ნიგოზი
დიდი ზომის ქვაბით ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ 1- 1 ½ ს/კ მარილი და ბროკოლი და მოვხარშოთ მაღალ ცეცხლზე.
თხის ყველის დასაჭრელად დანა ჩავყოთ მდუღარე წყალში და გავახუროთ - ასე ყველი აღარ დაიფშვნება და ლამაზი ნაჭრები გამოგვივა. გახურებული დანით დავჭრათ ყველი. ყოველი ნაჭრის ჩამოჭრის წინ დანა უაცილებლად უნდა გავახუროთ, ჩამოჭრის მერე კი ცხელი დანა ყველის ნაჭერს გადავუვათ და მოჭრილი კიდე მოვუსწოროთ.
ბროკოლი რომ მოიხარშება, რასაც სულ რამდენიმე წუთი ჭირდება (დანა ჩავარჭოთ და ადვილად თუ ჩაჭრა, ბროკოლი მზადაა), გადავწუროთ, ოღონდ მის ნახარშს ნუ გადავასხამთ. გადაწურული ბროკოლი სანამ ცხელია მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ თავისივე ნახარში და ვაქციოთ პიურედ. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი.
ღრმა თეფშის ცენტრში მოვათავსოთ 5 ლებანი ნიგოზი. ზემოდან დავადოთ 2 ნაჭერი თხის ყველი და მოვაყაროთ პილპილი. ირგვლივ დავასხათ ბროკოლის პიურე, მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და გემრიელად მივირთვათ!


 საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment