ლოტოფაგების ქვეყანა და გზააბნეული ოდისევსი

Approved by Mary Poppins


ათი დღე და ათი ღამე თარეშობდა ზღვაზე ქარიშხალი. ტროას ომის შემდეგ სახლისაკენ მიმავალი ოდისევსის და მისი მეგობრების ნავი სამშობლოდან სულ უფრო და უფრო შორს მიქონდა ბობოქარ ტალღებს. დაღლილ-დაქანცულ მოგზაურებს ის ის იყო იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაუქრათ, რომ ... ქარი ჩადგა, ზღვა დაწყნარდა, ნისლი გაიფანტა და წინ ზღაპრული მიწა გამოჩნდა. გატანჯულ მგზავრებს ნაპირზე  უჩვეულოდ გულუხვი მსაპინძლები დახვდნენ და ლოტოსის ყვავილითაც გაუმასპინძლდნენ. და, ჰოი საოცრებავ, უცხოელებმა დათაფული და ტკბილი ლოტოსი იგემეს თუ არა, სამშობლო სულ გადაავიწყდათ და ლოტოსის კრეფის გარდა, აღარფერი უნდოდათ. აღარ მოვყვები რამდენი წვალება დასჭირდა ოდისევსს თავისი ხალხის გემზე დასაბრუნებლად, მხოლოდ იმას აღვნიშნავ რომ ჰომეროსის მკვლევართა ღრმა რწმენით, ლოტოფაგების ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო, კონკრეტულად კი ტუნისის შემადგენლობაში შემავალი კუნძული ჯერბა გახლდათ, სადაც ლოტოსი სულ არ ხარობს.
თნაც, ლოტოსს აზიაში მიირთმევენ, აფრიკული კულინარიისთვის კი მსგავსი „პროდუქტი“ უცნობია.
Rhamnacées
მეცნიერთა ნაწილი აფრიკულ ლოტოსად მცენარე Rhamnacées-ს მიჩნევს, მაგრამ საქმე იმაში რომ ამ მცენარისგან ხველების საწინააღმდეგო სიროპს ამზადებენ და ძალიან საეჭვოა, რომ ოდესმე სადმე მთავარი კერძის ფუნქცია შეესრულებინო. ამიტომ, ჰომეროსისგან დათაფლულ-დატკბილულ ლოტოსად წოდებულ ნაყოფად ისტორიკოები ფინიკს თვლიან. რომელიც, გარდა იმისა, რომ აფრიკული ოაზისების მკვიდრთათვის უმთავრეს, ლამის ერთადერთ საზრდოს წარმოადგენდა, უახლოეს წარსულამდე ფინიკებით სავსე ხონჩით ეგებებოდნენ საპატიო სტუმრებს. ეს ამხელა ისტორია კი იმას მოვაყოლე, რომ დღეს უგემრიელესი და ჩვენთვის ასე უცხო ფინიკის ნამცხვრების რეცეპტები მინდა დავპოსტო.
ერთი სიტყვით:

ფინიკის ტორტი ალჟირულად
300 გრ ფინიკი (სასურველია ცოცხალი და არა დაჩირებული), 150 გრ ნუში, 150 გრ შაქარი, 3 ს/კ კარაქი, 4 კვერცხი, ½ ჩხირი ვანილი, 3 ს/კ სახამებელი, 20 მლ ლიქიორი „კუანტრო“ (ან ნებისმიერი ფორთოხლის ლიქიორი)
ფინიკებს დავაცალოთ კურკა და დავჭრათ ძალიან წვრილად. დავნაყოთ ან დავფქვათ ნუში 100 გრ შაქართან ერთად. გავადნოთ კარაქი. ღუმელი გავაცხელოთ 230°C-მდე. კვეცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, გამოვფხიკოთ გული და კვერცხის გულებთან და დარჩენილ შაქართან ერთად ავთქვიფოთ. დავუმატოთ სახამებელი, ფინიკები, ნუში, გამდნარი კარაქი და „კუანტრო“. ცილებისგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად გადავურიოთ ფინიკებიან მასაში. 26 სმ დიამეტრის ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ ღუელში და ვაცხოთ 20 წუთი. მერე დავუწიოთ ტემპერატურა 200°C-მდე და ვაცხოთ კიდევ 10-15 წუთი.
თუ სურვილი გექნებათ, გამომცხვარი ტორტი შეგიძლიათ მოვრთოთ თეთრი სარკალით ან ფინიკებით - სავალდებულო არაა.

ტორტი გილაცგი ირანიდან
(არ მეჩხუბოთ, ვიცი, რომ ირანი აფრიკაში არაა, უბრალოდ, ფინიკს ეგენიც ჭამენ)
125 გრ მანანის ბურღული, 125 გრ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, 4 ს/კ შაქარი, ½ ჩხირი ვანილი, 125 გრ კარაქი, 250 გრ ცოცხალი ან 200 გრ ფინიკის ჩირი, 2 ს/კ თაფლი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 60 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, კარაქი და საფანელი ტორტის ფორმისთვის
მანანის ბურღული, ფქვილი, შაქარი, ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი თესლი და სოდა ერთმანეთში ავურიოთ. დავუმატოთ გამდნარი კარაქი - ქადის გულის მსგავსი მასა, ანუ შტრეიზელი უნდა გამოგვივიდეს. დავკურკოთ ფინიკები და დავჭრათ წვრილად. 22 სმ დიამეტრის ტორტის ფორმა წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. 1/8 ლ წყალი ავადუღოთ და 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ ფინიკები, თან ვურიოთ ხოლმე. დავუმატოთ ლიმონის წვენი, თაფლი, დარიჩინი და ნიგოზი, კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან - ჯემისმაგვარი მასა უნდა მივიღოთ. ფორმაში ჩავყაროთ შტრეიზელის ნახევარი, დავტკეპნოთ და ზევიდან მოხარშული ფინიკების მასა გავანაწილოთ. თავზე შტრეიზელის მეორე ნახევარი მოვაყაროთ, შევდგათ ღუმელში და 45 წუთი ვაცხოთ.
გავაგრილოთ და მივირთვათ.

კიდევ ერთი ფინიკის ნამცხვარი
250 გრ ფინიკი, 100 გრ თხილი, 100 გრ ნუში, 60 გრ კარაქი, 1 ს/კ თაფლი, 80 გრ შაქარი, 4 კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ს/კ ფორთოხლის წვენი, 50 გრ სახამებელი
მოსართავად: 200 გრ შაქრის პუდრა, 1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხი ცილა, 6 ფინიკი
დავკურკოთ ფინიკები და დავჭრათ წვრულად. წვრილად დავჭრათ ან დავფქვათ თხილი და ნუში. გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ ფინიკები, თხილი, ნუში, შაქარი და თაფლი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. კვერცხის გულები და ცილები დავაცალკეოთ. გულები ავთქვიფოთ ფორთოხლის წვენთან და ვანილთან ერთად და დავუმატოთ ფინიკის და თხილის მასას. დავუმატოთ სახამებელიც. ცილებისგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად დავუმატოთ ფინიკიან მასას. წავუსვათ ცხიმი 28 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას, ჩავასხათ ცომი და ღუმელში შევდგათ 20 წუთით. მერე ტემპერატურას დავუწიოთ 180°C-მდე და ვაცხოთ კიდევ 15 წუთი. ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
შაქრის პუდრა, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი გავქნათ ჩანგლით. სარკალა გადავუსვათ ტორტს. ფინიკები ფავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), გამოვაცალოთ კურკა და მოვრთოთ ნამცხვარი მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment