ყველასთვის კარგად ნაცნობი ბორშის თანამედროვე ვარიანტი

Approved by Mary Poppins


ისევე, როგორც ნებისმიერი მეტ-ნაკლებად პოპულარული კერძის, ბორშის რეცეპტიც ზუსტად იმდენი არსებობს, რამდენი დიასახლისიცაა. თუმცა, კულინარები მის რამდენიმე „გამორჩეულ“ სახეობას მაინც გამოყოფენ: კლასიკურს, მოსკოვურს, უკრაინულს, ფლოტისას, ვეგეტარიანულს და თქვენ წარმოიდგინეთ, მწვანესაც კი.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლასიკური ბორში ჩხირებად დაჭრილი იბოსტნეულისა და საქონლის ხორცის მუქი წითელი სუპია; მოსკოვურს, მოხარშული საქონლის ენას და სოსისს უმატებენ; უკრაინულს - ნიორს და დაჭყლეტილი ნიორით მორთულ პამპუშკებს (საგანგებოდ ბორშითან მისატანებლად გამომცხვარ ფუნთუშებს); ფლოტური დანარჩენებისგან მხოლოდ „გარეგნულად“, ანუ კუბიკებად დაჭრილი ხორცით და ბოსტნეულით გამოირჩევა; მწვანე ჭარხლის გარეშე მზადდება, ვეგეტარიანულს კი ალბათ თავადც ხვდებით, რომ ხორცის გარეშე ხარშავენ. ერთი სიტყვით, დღეს ცნობილი რუსი კულინარისა და რესტორატორის, ალექეი ზიმინის საავტორო რეცეპტს, ახალრუსულ ბორშს შეოგთავაზებთ, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილისგან განხვავდება და ბორშისთვის საკმაოდ უჩვეულო სტრუქტურის, ანუ სუპ-პიურე გახლავთ.

ახალრუსული ბორში ალექეი ზიმინისგან
ინგედიენტები: 400 გრ ჭარხალი, 100 გრ სტაფილო, 1 ხახვი, 2 პამიდორი, 50 გრ ტომატ-პასტა, 100 გრ თხის ყველი, 2 კბილი ნიორი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ლ წყალი ან ბულიონი, 200 მლ ნაღები, მარილი, 50 მლ ზეთი, 50 გრ კედრის კაკალი ან 1 მუჭა ორცხობილის კუბიკები
გათლილი და გარეცხილი ჭარხალი დავჭრათ წვრილად ან სულაც დავაბლენდეროთ. ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი, დავამატოთ ჭარხალი მოსათუშად. ახლა სტაფილო გავთალოთ, გავრეცხოთ და ისიც დავჭრათ წვრილად ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ჭარხალს და ამოვურიოთ. გაფცქვნილი ხახავი დავჭრათ წვრილად და ისიც ბოსტნეულთან გავამწესოთ მოსათუშად. კიდევ ერთხელ ამოვურიოთ. პამიდვრებიც დავჭრათ კუბიკებად და დავუმატოთ ბოსტნეულს. დავუმატოთ ტომატ-პასტაც. რასაკვირველია, კარგად ამოვურიოთ. ბოტნეული რომ შერბილდება, დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი ან ნებისმიერი (ბოსტნეულის, ქათმის, საქონლის) ბულიონი და მოვურიოთ. შევამარილოთ. ბოსტნეული კარგად რომ მოიხარშება, დავუმატოთ ცხიმიანი ნაღები. 2 ლიტრს სუპზე, დაახლოებით 100 მლ ნაღები საკმარისია.
ავიღოთ თხის ახალგაზრდა ყველი (იყიდება სუპერმარკეტებში) და გადავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები.
მზა ბორში დავაბლენდეროთ ან სამზარეულოს პროცესორში ვაქციოთ ერთგვაროვან პიურედ. დავასხათ ღრმა თეფშებზე და ტრადიციული არაჟნის ნაცვლად  ოხრახუშიანი თხის ყველით მოვრთოთ. შეგვიძლია დავუმატოთ გახუხული ორცხობილის კუბიკები ან მოხალული კედრის კაკალი, მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment