Erwtensoep - მწვანე ბარდის სუპი ჰოლანდიურად

Approved by Mary Poppins


Erwtensoep - მწვანე ბარდის სუპი ჰოლანდიურად
300 გრ მწვანე ბარდის მარცვალი, 2 ღორის ჩლიქი, 1 ჩ/კ მარილი, 2 ღერო პრასი, 100 გრ ნიახურის ბოლქვი, რამდენიმე ტოტი ნიახური, 4 კარტოფილი, 200 გრ საქონლის ხორცის ძეხვი
ბარდა 12 საათით დავალბოთ წყალში. გადავწუროთ. ღორის ჩლიქები კარგად გავრეცხოთ, ჩავალაგოთ ბარდასთან ერთად ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დავუმატოთ მარილი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 3 საათის განმავლობაში. პრასი თეთრი ძირები გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად - პრასის მუქ მწვანე, გაუხეშებულ ნაწილს ნუ გამოიყენებთ. ნიახურის ბოლქვი გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. ნიახური გავრეცხოთ და დავფერთხოთ წყლისგან. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ კუბიკებად, გამზადებული ბოსტნეული დავუმატოთ სუპს და ვხარშოთ კიდევ ნახევარი საათი. კარტოფილი საჭიროზე ოდნავ მეტად უნდა მოიხარშოს (ნაწილობრივ უნდა ჩაიშალოს და სუპი შეასქელოს). სუპის საბოლოოდ გამზადებამდე 10 წუთით ადრე ძეხვიც დავუმატოთ. სუპი რომ გამზადდება, ღორის ჩლიქები ამოვიღოთ, ხორცი ძვალს და ხრტილს მოვაშოროთ და დავჭრათ ნაჭრებად. ნაჭრებად დავჭრათ ძეხვიც. მოხარშულ ხორცს და ძეხვს სუპშიც ამატებენ და ცალკე გარნირადაც მიირთმევენ. როგორ ამჯობინებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მე პირადად, სუპში ჩაბრუნებული უფრო მომწონს.

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment