ტორტი „ოპერა“ – Gateau Opera

Approved by Natia Jinjolava


ძალიან მიხარია ამ ბოლო დროს, „გუდვილსა“ და სხვა მსგავს, ვითომდა ცივილიზაციანაზიარებ ადგილებში სულ უფრო და უფრო ხშირად რომ ჩნდება „ოპერა“, „პრინცი რეგენტი“, შვარცვალდის შავი ტყე“ და მსგავსი, საქართველოსთვის დღემდე უცნობი, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან საყვარელი და საკმაოდ „სახელოვანი“ თუ „ტიტულოვანი“ ტორტები. კიდევ უფრო მახალისებს, მათი საიდულმოდ და ლამის ჩურჩულით გამხელილი რეცეპტები, ტექსტით: - ნაცნობი მყავს, „ანტრეში“, „ლიტკაფეში“ („პოპულში“, „კანაპეში“... ა.შ.) და იმან ჩამაწერინა ჩუმად ... ნურას უკაცრავად, ამ ტორტების რეცეპტები, რომელიმე კონკრეტული ფირმის საფირმო ვარიანტს თუ არ ვიგულისხმებთ, დიდი ხანია კარგად იცის ნახევრმა მსოფლიომ და თაობების მანძილზე აცხობენ ოჯახებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ დიდი მადლობა სერ სტივენ ბერნს-ლის ინტერნეტის გამოგონებისთვის და მოვიძიოთ მათი ჩვენთვის მოსაწონი ვერსია. ხვათა შორის, სწორედ ინტერნეტის წყალობით ვიცი, რომ „ანტრეს“ ნამცხვრებს კულინარიული სკოლის, „კორდონ-ბლუს“ სტუდენტების სახელმძღვანელოდან აცხობენ - მეც მაქვს, ხომ ხვდებით საიდანაც გადმოვქაჩე?...
ტორტი „ოპერის“ საჩემო რეცეპტს ერიკ ლანლარდთან მივაგენი:

Gateau Opera
3 კვერცხი ცილა, 1 ს/კ შაქარი, 150 გრ დაფქული ნუში, 150 გრ შაქრის პუდრა, 3 კვერცხი, 35 გრ ფქვილი, 20 გრ გამდნარი კარაქი
ყავის კრემისთვის: 200 გრ კარაქი, 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული, 2 ს/კ ყავა „ესპრესო“, 200 გრ შაქარი, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
შოკოლადი განაშისთვის (ჩვენებურად სარკალა): 125 მლ ცხიმიანი ნაღები, 125 გრ რძე, 250 გრ შავი შოკოლადი დატეხილი, 35 გრ კარაქი დარბილებული
დასანამად: 50 მლ ესპრესო, 1 ჩ/კ შაქარი, 2 ს/კ მუქი რომი
მოსართავად: 100 გრ თეთრი შოკოლადი, 100 გრ შავი შოკოლადი, 50 გრ ერბო (ან კარაქი)
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. 2 ცალი საცხობი ფირფიტა დავცხიმოთ და ჩავაფინოთ დაცხიმული პრეგამენტის ქაღალდი.
ჯამში კვერცხი ცილებისა და შაქრისგან ავთქვიფოთ ბეზე. ცალკე ჯამში ერთამანეთში გადავურიოთ ნუში, შაქრის პუდრა, შემდეგ დავუმატოთ კვერცხები და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. ჩავაცრათ ფქვილი და ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ბეზე და გამდნარი კარაქი. მიღებული ცომი დავასხათ საცხობ დირფიტებზე და შევდგათ გამოსაცხობად 7-10 წუთით. ყურადღება მივაქციოთ, უფრო ადრე არ გამოცხვეს!
ყავის კრემისათვის შაქარი და 30 მლ წყალი გავაცხელოთ 120°C-მდე, სანამ სიროპი თითქმის კარამელად არ იქცევა. დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი და სიროპი რომ შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ავთქვიფოთ კვერცხი და კვერცხის გული და ჩავათქვიფოთ ცხელი სიროპიც. კარგად რომ აითქვიფება, გავაგრილოთ და ჩავათქვიფოთ კარაქში. დავუმატოთ ყავა და შევდგათ მაცივარში.
განაშისთვის გავაცხელოთ ნაღები და რძე და ჯერ კიდევ მდუღარე დავასხათ შოკოლადს, ვურიოთ, სანამ არ გადნება. ცხელშივე დავამატოთ კარაქი.
20 მ დიამეტრის თეფში გამოვიყენოთ შაბლონად და გამომცხვარი მართკუთხედი ბისკვიტებიდან გამოვჭრათ 2 მთლიანი დისკი და კიდევ ერთი, მესამე დისკი  გამოვჭრათ ორივე ბისკვიტის  ნარჩენებისგან (ნახევარ-ნახევარი დისკის გამოჭრა მოგვიწევს). 20 სმ დიამეტრის გასახსნელ აცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პირველი დისკი. ყავა, შაქარი და რომი გადავურიოთ ერთმანეთში და დავნამოთ ბისკვიტი. მოვასხათ შოკოლადი განაშის ფენა და დავაფინოთ ბისკვიტის მეორე ფენა (ამჯერად ნახევრები გამოვიყენოთ). ესეც დავნამოთ და წავუსვათ ყავი კრემი (მთლიანად). თავზე მესამე, ბოლო ბისკვიტის დისკი დავაფაროთ. დავნამოთ და ზევიდან განაში გადავახათ. მაცივარში შევდგათ მინიმუმ 30 წუთით.
მოსართავად წყლის აბაზანაზე ცალ-ცალკე ჯამებში გავადნოთ თეთრი და მუქი შოკოლადი. მუქ შოკოლადს დავუმატოთ ერბო ან კარაქი. გამოვიღოთ ტორტი მაცივრიდან და ზევიდან გადავასხათ მუქი შოკოლადი. შევაბრუნოთ მაცივარში და შოკოლადი რომ გამაგრდება ამოვიღოთ ფორმიდან. სულ ბოლოს, თეთრი შოკოლადი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში  და ტორტს დავაწეროთ „Opera“. ვაცადოთ გაშრობა და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment