ყველაფერი ბორბლიდან დაიწყო...

Approved by Mary Poppins


ღრმა ბავშვობაში ხშირად მაწუხებდა ხოლმე აბეზარი აზრები: რა უბედური იყვნენ ჩვენი შორეული წინაპრები ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარება უკუნსა და ბნელში ანუ ნავთის ლამპისა და სანთლის შუქზე რომ უწევდათ... როგორი მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ტელევიზორის გარეშე ან რა დამქანცველი და მოსაბეზრებელი ოთხდღიანი მგზავრობა ცხენითა და ურმით თბილისა და ქუთაის შორის...
საერთოდ, ზოგადსაკოცობრიო და ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრით თავს დიდად არც მაშინ ვიწუხებდი და არც ახლა - ჩემზე ჭკვიანმა ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე იმტვრიეს ტვინი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და მე რა უნდა ვქნა და თანაც, ფუჭად შრომა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მაინც გამიელვევს ხოლმე თავში, რომ ცუდია, მომავლის ტექნოლოგიურ მიღწევებს რომ ვერ ვნახავ, ან „უჩემოდ“ რომ აღმოაჩენენ ჰიგსის ბოზონს... თუმცა, ცერნელმა მეცნიერებმა გული არ დამწყვიტეს და ბოზონი სულ ახლახანს აღმოაჩინეს, მაგრამ კიდევ რამდენი რამ გვაქვს სანახავი. მაგალითად, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინ გარდაცვლილი ბებიაჩემი მობილურ ტელეფონს ვერ მოესწრო და მასთან დარეკვა შეკვეთით ან რაიონის კოდის და ნომრის გაუთავებელი აკრეფა-წვალებით გვიწევდა. ორასჯერ მაინც უნდა დაგერეკა, რომ ერთხელ გასულიყო... საზღვარგარეთ დარეკვას კი ცენტრალურ ფოსტაში მისვლა, სამწუთიან ტალონში უთუსბირის გადახდა და მერე სახლიდან შამანური ცერემონიების ჩატარება ჭირდებოდა.
მართალია, კარგა ხნის წინ დაასკვნეს მეცნიერებმა, რომ წარსულში უფრო ნელა გადიოდა დრო ვიდრე დღეს, ამაზე ჯერ კიდევ დოსტოევსკიც წერდა, მაგრამ რაც ახლა ხდება... ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის ნივთების შეძენას ვერ ასწრებ, რომ სახლში მოტანისთანავე მოძველებული არ იყოს: გნებავთ ტელეფონი, გნებავთ ტელევიზორი და კომპიუტერი. ამას წინათ, მაიკროსოფტის საოფისე პროგრამების 2013 წლის ვერსია დავაყენე საკუთარ კომპიუტერზე - როცა შემოვა ალბათ ნახევარ თბილისს პანიკაში ჩააგდებს და შრომის უუნაროდ აქცევს. ძალიან კარგია, შესანიშნავიც, ბევრი ახალი და საჭირო ფუნქციაც აქვს დამატებული, ძალიან მომეწონა და სიამოვნებითაც ვიყენებ კიდეც, მაგრამ ისეთი შეცვლილი აქვს ინტერფეისი, რომ აბა, მიდი და მიაგენი რამეს. ალბათ მისი მომდევნო მოდელის ათვისებისთვის მინიმუმ პროგრამისტის დიპლომი იქნება საჭირო.
XZ Spectrum 16K
არადა, კომპიუტერი თანამედროვე ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცა და სულ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რისთვის იყენებს: ზოგი შოფინგობს, ზოგი ერთობა, ზოგიც მუშაობს, ზოგი ცოდნას იძენს ან სულაც თავის მარტოობას ებრძვის სოციალური ქსელების თვალუწვდენელ სივრცეში. ბევრისთვის თავის მოწონების, საკუთარი წარმატების გამომზეურების, სხვის ცხოვრებაში ქექვისა და ცხვირის ჩაყოფის ან პოტენციური მეორე ნახევრის მონახვა-გამოჭერის საშუალებად იქცა, მაგრამ, რაც მთავარია სრულიად წარმოუდგენელი გახდა ცხოვრება მის გარეშე. და, მერე რა რომ კომპიუტერი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს აქვს, აქედან სამი ალბათ საქართველოზე მოდის - ჩემი ერთი შორებელი ნათესავი გათხოვდა: ჩატში გაცნობილ ბიჭს გაყვა (აქვე განვმარტავ, რომ კომპიუტერული ნაცნობობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - ესეც ისეთივე ლეგალური ადამიანთა თავშეყრის და ფუთფუთის ადგილია, როგორც კინო, რესტორანი ან თუნდაც ვაკის პარკი). ვირტუალური რაინდი, უსახლკარო, უმუშევარი და უსაქმური აღმოჩნდა, რომელმაც ახალმოყვანილი მეუღლე ერთი რკინის საწოლითა და კომპიუტერით „აღჭურვილ“ 50 ლარად ნაქირავებ სოროში მიიყვანა და დააგდო, თვითონ კი მთელი დღეები კომბლებს თლის და ჭერში აწყობს... უკაცრავად, კომპიუტერთან ზის და თამაშობს. ინტერნეტის გადახდის დრო რომ მოდის ცოლს ცემს, ისიც ატირებული თავის ნათესავებში გარბის: რა ვქნა, მიუყვარსო და პროდუქტებით სავსე ჩანთითა და გადახდილი ქვითრით ბრუნდება სახლში...
სხვებზე რას ვლაპარაკობ, მე თვითონ საწოლის კიდეში სათუთად მიწვენილ ლაპტოპთან ერთად მძინავს და ყოველ დილას ყავით, შოკოლადით და ზემოხენებლი ლაპტოპით ვიწყებ ლოგინში...
სერ კლაივ სინკლერი
ზუსტად 30 წლის წინ კი, 1982 წლის 7 ნოემბერს მაღაზიებში ერთ-ერთი პირველი პერსონალური  კომპიუტერი, ბრიტანული XZ Spectrum 16K გამოვიდა გაყიდვაში და IBM-ისა და სხვა კომპიუტერული მონსტრების გულგასახეთქათ 300 ათასი ცალი გაიყიდა. 1983 წლისთვის სულ რაღაც 150 დოლარიანი და მარტივად მოსახმარი XZ81 მთელ მსოფლიოს მოედო და კვირაში 12 ათასი ცალი საღდებოდა. მოგვიანებით, მის შემქმნელს, სერ კლაივ სინკლერს წარმარებამ თავბრუ ისე დაახვია, რომ სათამაშო კომპიუტერების მომავალი სწორად ვეღარ განსჭვრიტა და ბილ გეიტსთან წაგებული „ბრძოლის“ შემდეგ, კომპიუტერებს შეეშვა და  ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წარმოებაზე გადავიდა. თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ სულ ახლახანს მაიკროსოფტი სინკლერის მიკროპროცესორებით დაინტერესებილა და თანაც, ბრიტანელი მეცნიერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გასაყიდი ელექტრომობილისა და რადიომიმღების გვერდით რაღაც ახალი და ცარიელი ლოტი გამოჩნდაო... ასე რომ, სენსაციას ჯერ კიდევ ველოდებით - ვინ იცის, რას გვიპირებს ხვალინდელი დღე?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment