ბორშჩი

Approved by Mary Poppins


დედაჩემის ღრმა რწმენით, წვნიანის მომზადებისას, ყველაზე მთავარია, წყლიანი ქვაბის ცეცხლზე შემოდგმა. ამ რიტუალური ქმედების შემდეგ  გგონია, რომ თითქმის ნახევარი საქმე მოილიეთ. ყველაფერი დანარჩენი კი ამასობაში მოესწრება. ბორშჩის მოსამზადებლად მე პირადად 3-4 ლიტრიანი ქვაბს ვიყენებ. თქვენი მოსაწონი ზომის ქვაბის არჩევის შემდეგ, ის ნახევრამდე აავსეთ წყლით და ცეცხლზე შემოდგით. ცნობისთვის, ბორშს ვაკეთებთ რუსულს, ტრადიციულს (ანუ კომბოსტოთი). უკრაინული ვარიანტის მისაღებად  ყველაფერს გამოაკელით კომბოსტო და დაუმატეთ ნიორთან დანაყილი ღორის „სალა“.
3-4 ლიტრიანი ქვაბისთვის დაგჭირდებათ:
4-5  საშუალო ზომის კარტოფილი;
2  თავი ხახვი;
2 საშუალო ზომის სტაფილო;
3 მომცრო ან 2 მოდიდო ჭარხალი;
თუ გაგვაჩნია ბულგარული წიწაკა, რა ფერისაც არ უნდა იყოს, 2 ცალი საკმარისი იქნება;
3-5 კბილი ნიორი;
1 პატარა თავი კომბოსტო - 400-500 გრ;
პომიდორი 4 საშუალო ან ტომატის წვენი ¾ ჭიქა ან ტომატ პასტა  2-3 ს. კოვზი
მწვანილი  არჩევით და გემოვნებით, უხდება თითქმის ყველა ცოტ-ცოტა ან რომელიმე ერთი (ოხრახუში თავისი ძირებით, კამა, ნიახური, რეჰანიც კი, ოდნავ ქინძიც)
ზეთი (3-4 ს. კ. მოსათუშად) ან ნებისმიერი ცხიმი;
მარილი, წითელი ცხარე წიწაკა -  გემოვნებით.
პრინციპში ეს ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი იყო, შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო, მოხარშული ლობიო, როგორც ნედლი, ასევე მარცვალი, ჭარხლის დაჭრილი ფოთოლი.
წინასწარ გარეცხილ-გათლილი ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილ კუბიკებად, სანამ ჭრით, ცეცხლზე დაადგით ტაფა, დაასხით ზეთი, დაყარეთ ტაფაზე დაჭრილი ხახვი და ნიორი, სანამ ის დაბალ ცეცხლზე ითუშება, დაჭერით ასევე წვრილ კუბიკებად და დაუმატეთ ჭარხალი, შემდეგ  სტაფილო და ბოლოს, ბულგარული, გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ნახევრამდე მზად არ იქნება. ამასობაში ქვაბში წყალი ადუღდება, ჩაყარეთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ოდნავ რომ მოიხარშება, (ამ დროში მოასწრებთ კომბოსტოს გრძლად და წვრილად დაჭრას), დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული. 2-3 წუთში სითხე კიდევ ერთხელ რომ წამოდუღდება, დაუმატეთ კომბოსტო. კომბოსტო მოცულობაში ხარშვისას სანამ ზომაში არ დაიკლებს და ოდნავ გამჭირვალე არ გახდება, არ დაამატოთ ტომატის არც ერთი სახეობა, თორემ სიმჟავეში კომბოსტო აღარასდროს მოიხარშება. ტომატისებურები  თქვენთვის მოხერხებულ ფორმატში დაამატეთ. თუ ცოცხალი პომიდორი დაილია, ძირითადად ტომატის წვენს ვამატებ. რაოდენობა პომიდვრის სიმჟავეზეა დამოკიდებული. დაამარილ-დააწიწაკეთ, სანამ გამოვრთავთ გაზს, 1-2 წუთით ადრე დაუმატეთ 2-3- კბილი წვრილად დაჭრილი ცოცხალი ნიორი, მწვანილი, კარგად მოურიეთ და გემო გაუსინჯეთ. თუ კართოფილი, ჭარხალი  კარგად მოიხარშა და კომბოსტო კი მოიხარშა, მაგრამ არც ძალიან არ დარბილდა, ე.ი. მზადაა. წესით კიდევ რამოდენიმე ხანს აჩერებენ გამორთულ გაზქურაზე, გემო რომ „გაუჯდეს“. ამასობაში, დაჭერით პური (წესით შავი), გადმოიღეთ არაჟანი და სუფრასთან ოჯახის წევრებს მოუხმეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment