დიდი კვერცხთმუსვრა ლუიზიანაში

Approved by Mary Poppins


სადაცაა ოცი წელი შესრულდება, რაც ამერიკაში, კონკრეტულად კი ლუიზიანას შტატის ქალაქ აბევილში, ნოემბრის პირველ შაბათ-კვირას ქვეყნის მეტ-ნაკლებად ცნობილი მზარეულები იკრიბებიან და ხუთი ათასი კვერცხის, ოცდახუთი ლიტრი რძის, ათი კილო მწვანილისა და 6 ლიტრი ზეთისგან უკიდეგანო ტაფაზე გიგანტურ ომლეტს წვავენ. როგორც ქალაქის მესვეურებს მიაჩნიათ, მრავალრიცხოვან ახლობელთა წრეში იდეალური დროსტარებისთვის სწორედ გიგანტური ომლეტია აუცილებელი. Abbeville’s 5 000 egg Giant Omelette Celebration (აბევილის ხუთი ათას კვერცხიანი გიგანტური ომლეტის დღეასწაული) - ორი დღის განმავლობაში გრძელდება და ურიცხვ სტუმარს მასპინძლობს.
ჩვენ კი, ვინც დღეს აბევილში არ ვართ, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ სამზარეულოს მივაშუროთ და საკუთარი მომზადების მოკრძალებულ ორ ან სამ კვერცხიან ომლეტს დავჯერდეთ და რაც მთავარია, ნუ დავივიწყებთ, რომ იდეალური ომლეტი გარედან დაბრაწული და ხრაშუნა, შიგნით კი აბრეშუმივით ნაზი და რბილი უნდა იყოს.
ახლა კი, ომლეტი სამნაირად ჯეიმი ოლივერისგან:



კლასიკური ყველით
(1 პორცია)
2-3 მხვილი კვერცხი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, კარაქის პატარა ნაკუწი, ერთი მუჭა გახეხილი ყველი ჩედერი
ჯამში ჩავტეხოთ კვერცხები და ჩანგლით ავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად. პატარა ტაფა შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და კარგად გავავარვაროთ. დავაგდოთ კარაქი. კარაქი რომ გადნება და ბუშტებს გაიკეთებს დავასხათ კვერცხი და მთელ ტაფაზე გავანაწილოთ. კვარცხი გამოცხობას რომ დაიწყებს და ფსკერი შეუმაგრდება, სანამ თავი ჯერ კიდევ სველი აქვს (სველი და არა უმი), მოვაყაროთ ყველი. სამზარეულოს ნიჩბით ომლეტს კიდეები წამოვუწიოთ და  შუაზე გადავკეცოთ. ქვევიდან რომ ოქროსფრად დაიბრაწება - ომლეტი მზადაა, გადავიტანოთ თეფშზე და მივირთვათ.



სოკოს ომლეტი
(1 პორცია)
2 მსხვილი კვერცხი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 2-3 ცალი ტყის სოკო, კარაქის პატარა ნაკუწი, ზეითუნის ზეთი, ერთი მუჭა გახეხილი ყველი ჩედერი
ჯამში ჩავტეხოთ კვერცხები და ჩანგლით ავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად. გაცხელებულ ტაფაზე მოვათავსოთ მხვილად დაჭრილი სოკო კარაქთან და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვთუშოთ სოკოს ოქროსფრად დაბრაწვამდე. მერე ცეცხლი ჩავუწიოთ საშუალომდე  და დავასხათ კვერცხი - გავანაწილოთ მთელ ტაფაზე. კვარცხი გამოცხობას რომ დაიწყებს და ფსკერი შეუმაგრდება, სანამ თავი ჯერ კიდევ სველი აქვს (სველი და არა უმი), მოვაყაროთ ყველი. სამზარეულოს ნიჩბით ომლეტს კიდეები წამოვუწიოთ და  შუაზე გადავკეცოთ. ქვევიდან რომ ოქროსფრად დაიბრაწება - ომლეტი მზადაა, გადავიტანოთ თეფშზე და მივირთვათ.

ომლეტი პამიდორით
(1 პორცია)
2 მსხვილი კვერცხი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 2-3 ტოტი რეჰანი ან შაშკვლამი, კარაქის პატარა ნაკუწი, ზეითუნის ზეთი, ერთი მუჭა პამიდორი ჩერი, ერთი მუჭა გახეხილი ყველი ჩედერი
ჯამში ჩავტეხოთ კვერცხები და ჩანგლით ავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად. რეჰან დავაპუტოთ ფოთლები და დავხიოთ პატარა ნაკუწებად. პამიდვრები გავჭრათ შუაზე და დავყაროთ გაცხელებულ ტაფაზე კარაქთან და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვთუშოთ დაახლოებით 1 წუთი. მერე ცეცხლი ჩავუწიოთ საშუალომდე  და დავასხათ კვერცხი - გავანაწილოთ მთელ ტაფაზე. კვარცხი გამოცხობას რომ დაიწყებს და ფსკერი შეუმაგრდება, სანამ თავი ჯერ კიდევ სველი აქვს (სველი და არა უმი), მოვაყაროთ ყველი. სამზარეულოს ნიჩბით ომლეტს კიდეები წამოვუწიოთ და  შუაზე გადავკეცოთ. ქვევიდან რომ ოქროსფრად დაიბრაწება - ომლეტი მზადაა, გადავიტანოთ თეფშზე და მივირთვათ.

გარდა იმისა, რომ საკმაოდ სწრაფად მზადდება და გემრიელიცაა, ომლეტის ერთ-ერთი ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ სანამ გადაკეცავთ, შუაში ნებიმიერი გულსართის „ჩაყოლება“ შეიძლება ძეხვიდან და ფარშიდან დაწყებული და ნებისმიერი დაჭრილი ბოსტნეულით დამთავრებული. ასე რომ, თამამად მოარგეთ საკუთარ გემოვნებას.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment