მატყუარებო, ყველა ქვეყნისა... გაიხარეთ!

Approved by Mary Poppins


ადამიანი და ტყუილი ერთად რომ გაჩნდა დედამიწაზე ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება - აბა, სად გინახავთ მატყუარა ძაღლი ან ძროხა? მაგრამ ტყულიცაა და ტყუილიც. არიან ადამიანები, ვინც ტყუილი ხელოვნების დონემდე აიყვანა, არიან ისეთებიც, ვისაც ეს „საქმე“ საერთოდ არ ეხერხება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ტყუილის ნიჭი არ გამოყვა, მაგრამ მაინც გაუთავებლად იტყუება. მახსოვ, ერთხელ ერთმა ახლობელმა ბიჭმა მითხრა, შენ ხომ ყოველთვის იცი როდის ვიტყუები, მეც ვიცი, რომ ხვდები როცა ვიტყუები, მაგრამ გეხვეწები, ნუ მეუბნები რა, რომ მიხვდი რომ გატყუებ, გაჩუმდიო. საინტერესო ლოგიკაა, არა? თუმცა, იმან ის მაინც  აღიარა პირნათლად რომ უტყუილოდ ცხოვრება არ შეეძლო, მე სხვები მადარდებენ - ისინი, ცოცხალი თავით რომ ვერ გამოტეხ. ასეთები, რეალურად ბევრს არაფერს აშავებენ, ეტყობა, უბრალოდ,  წინააღმდეგობის გენი აქვთ სხვებზე მეტი: ფაქტზე რომ დაიჭირო, მაინც არ გნებდებიან. მავარია, განსხვავებული აზრი ქონდეს და სხვებისგან განსხვავებული რამე თქვას და მზადაა სკამზე ჭამოს საჭმელი, იმის დასამტკიცებლად რომ მაგიდაა. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი საპარლამენტო არჩევნების დროს რომელიღაცა ნეიტრალურმა პარტიამ ერთი ჩემი  ნაცნობი თავის პარტიულ სიაში მეოთხე ნომრად ჩაწერა. ამ კაცის ცოლმა ხმა ქმრისგან ფარულად სხვა პარტიას მისცა, ყოველგვარი პოლიტიკური თვალსაზრისის ან შეხედულების გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ მეუღლის და ახლო ნათესავების თხოვნა არ შეესრულებინა და თავისი დამოუკიდებელი აზრი გამეხატა, რომელიც სხვათა შორის არ გააჩნია. ვერ წარმოიდგენთ როგორი კმაყოფილი ჩურჩულით უყვებოდა ეს ქალი ნაცნობებს თავისი ფარული „ეშმაკობის“ შესახებ, უზომოდ ბედნიერი იყო.
ერთი თანამშრომელი მყავდა, სრულიად უწყინარ ტყუილებს ყვებოდა გაუთავებლად თავისი გადამეტებული სიმდიდრის, არანახული დროსტარებისა და მგზნებარე თაყვანისმცემლების თაობაზე. იმდენად კეთილი იყო, რომ იგივე შინაარსის „გამოგონილ“ ისტორიებს ახლობლებისთვისაც არ იშურებდა და ხშირად მომდიოდა ხოლმე ხმები, ჩემი არარსებული მილიონერი საქმროების, სხვადასხვა პრესტიჟულ რესტორნებში გადახდილი ბანკეტებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ფეშენებელურ კურორტებზე გატარებული შვებულებების შესახებ. ხანდახან ისეთ ეშხში შედიოდა, რომ ავიწყდებოდა ვის რას უყვებოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავის მოგონილს პირველი თვითონ იჯერებდა აბსოლუტურად გულწრფელად. ერთხელ, სამსახურის მორიგი ექსკურსიიდან ვბრუნდებოდით და გორის გზაზე რესტორანი „ვენეციის“ გადასახვევი დავინახე და მექანიკურად აღვნიშნე, რომ ჩემს დას მოსწონდა. კიდევ ერთი თანამშრომელი კაცი ამყვა და თქვა რომ ძალიან კარგი იყო. გოგო ყურადღებით გვისმენდა, გაგონილიც არ მქონდაო და დაწვრილებით გამოგვკითხა რაც ვიცოდით ამ რესტორნის თაობაზე. მეორე დღესვე მოვისმინე ისტორია, მთელი ზაფხული, ყოველ შაბათ-კვირას როგორ დაყავდა ის და მისი ბიძაშვილი ბიძაშვილის შეყვარებულს, აი იმ რესტორანში, გორის გზაზე რომაა და „ვენეცია“ რომ ქვია...
განსაკუთრებით უყვარდა ხოლმე მოყოლა, როგორ ეპატჟებოდა ყოფილი ქმარი ყოველდღე თბილისის ერთ-ერთ რესტორანში „ზურთხი მეფურად“-ს საჭმელად. არადა, თუნდაც ერთხელ რომ ყოფილიყო იმ რესტორანში ნამყოფი და ცალი თვალით მაინც რომ ჩაეჭყიტა მენიუში, ხომ ეცოდინებოდა რომ ასეთი კერძი არ არსებობს და იმ უბედურ თევზს „ზურთხი“ კი არა „ზუთხი“ ქვია. თუმცა ამისთვის მენიუ კი არა, ბავშვობაში ზოოლოგიის სახელმძღვანელოს გადაშლაც იკმარებდა. ამ გოგოს მიმართ საკუთარი „ცოდვებიც“ უნდა ვაღიარო, მისი მავნე ჩვევით ხშირად ვსარგებლობდი და მეც ვერთობოდი და თანამშრომლებსაც ვართობდი: ძალიან რომ შევიდოდა ეშხი და მორიგი ტყუილების კორიანტელს დააყენებდა ხოლმე, საქმეში ვერეოდი და „ჩამჭრელ“კითხვებს ვუსვამდი. ერთხელ, ძალიან აჟიტირებული მოვიდა სამახურში, გუშინ საღამოს „მატრიოშკაში“ ვიყავიო. მეც, სრულიად გულგრილი იერით და უმწიკვლო სახით დავინტერესდი, რომელში-თქო. თუმცა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ერთადერთი იყო. გოგო დაიბნა და კი მარა, რამდენიაო? წარბი არ შემიხრია, ისე მოვახსენე სამი-თქო: ერთი ცირკთან, ერთი პლეხანოვზე და ყველაზე კარგი ორთაჭალაშია-მეთქი. ეგრევე გაირკვა, რომ ორთაჭალაში ქეიფობდა.
ერთი მეზობელი მყავს, ისეთი ეშხით და პათოსით იტყუება, მისი მწირი განათლება რომ არა, დამიჯერეთ, ვერავინ მიხვდებოდა. უბრალოდ, ფაქტებს ურევს და ვერ არჩევს რა განსხვავებაა მაგალითად პაშტეტსა და პარაშუტს შორის და ავიტამინოზი „ა“ ვიტამინის ნაკლებობა გონია და მსგავს უზუსტობაზე თუ დაიჭერ თორემ, ამბის მოყოლას რომ იწყებს, შანი არ არის მის მონათხრობში ეჭვი შეიტანო. არადა, სისხლში ისე აქვს გამჯდარი ტყუილი, რომ რამე თუ აჩუქეს, ვიყიდეო, თუ იყიდა მაჩუქესო იძახის. რაც არ უნდა უთხრა, აუცილებლად მოგიყვება, რომ მსგავსი რამ თვითონაც გადახდენია, ან მისი ახლობელი იყო იგივე მდგომარეობაში. ყველაზე უკეთესად ერკვევა მედიცინაში, კულინარიაში, მშენებლობაში და „ნასას“ საქმიანობაშც კი, ოღონდ, იცით რაშია საქმე?  „ნასა“ არ იცის რა არის.
ამას წინათ ერთი საკმაოდ სიმპატიური და საინტერესო ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი და დიდი სიმატიაც დაიმსახურა, სანამ მივხვდებოდი, რომ რაც არ უნდა ახსენო, ზუსტად ორ წუთში იმ თემაზე გიყვება საკუთარ ისტორიას: კლავიატურა დამივარდა და დაიმსხვრაო. რა იყო, გრანიტის იატაკი გაქვს-თქო. კი, გრანიტის იატაკი მაქვსო; შაბათს რუსთავში რალიზე მივდივარ-თქო. მე სულ რალიზე გამოვდივარო (ერთხელაც არ მინახავს); ჩემმა მეგობარმა დიესრტაცია დაიცვათქო. მე ახლა ვიცავო; ვერ გეცეკვები, ფეხსაცმელზე ქუსლი მომერყა-თქო და ზუსტად ორ წუთში, მეძახის - მაგარი ისტორია უნდა მოგიყვე, ერთხელ ერთ გოგოს იმდენი ვეცეკვე, ფეხსაცმელზე ქუსლი მოვტეხეო. არადა, მე ვატყუებდი, უკვე მივხვდი რომ ვერ იყო მთლად ნორმალური და თავიდან მოშორება მინდოდა...
დღეს კი ტყუილი აღიარებების, დიახ, ტყუილი აღიარებების და არა ტყუილის აღიარების (!) საერთაშორისო დღეა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოატყუოთ ყველა და მოიტყუოთ ყველაფერი, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობა გაითვალისწინეთ - ტყუილი უნდა იყოს უწყინარი და სასურველია, გონებამახვილურიც! ეს დღე ხომ გასართობადაა მოგონილი!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment