რა დროს ზღვის ავადმყოფობაა?!

Approved by Mary Poppins


ავიაკომპანიების სამზარეულოს მიმოხილვის მერე ჩემი ინტერესის სფეროში მზე, ზღვა და ... დიდი თეთრი გემები მოხვდა, მით უმეტეს, რომ საკრუიზო ლაინერების სამზარეულო ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვეულებრივი რესტორნებისგან. სწორედ ასეთ გემზე გავსინჯე შორეულ 1981 წელს პირველად „ჟულიენი“, თანაც ქართულად თეფშზე დატყეპებული კი არა, წესის და რიგის მიხედვით მომზადებული და წყვილ სათითისხელა საკოკოტეში ჩასხმული. იქვე გავიგე საბჭოთა მენისუთვის მანამდე უცნობი „ნისუაზისა“ და „უოლდორფის“ არსებობა და ვეზიარე ჩვენთვის ასე უცნობი „ბურჟუაზიული“ ცხოვრების წესებს და გემოს. 
აღარ ვლაპარაკობ რა სიტუაციაა არასაბჭოთა უცხოურ და თანამედროვე ლუქსის კლასის გემებზე, სადაც კულინარიულ კრიტიკოსებს თუ ვენდობით, ძველმოდური საკრუიზო სამზარეულოები და მისი წესები ბორტს მიღმა მოისროლეს და სახელგანთქმული შეფები მიიწვიეს, საკულტო კულინარიულ ჟირნალებს „დაუმეგობრდნენ“ და უძველეს კულინარიულ სკოლებთან გააფორმეს პარტნიორობის ხელშეკრულებები. ასე რომ, თანამედროვე კოკებმა თავიანთი  ზღვაზე მოდრეიფე სამზარეულოები terra firma-ს crème de la crème რესტორნების რიცხვში შეიყვანეს ცინცხალად დაკრეფილ/დაჭერილ/დაკლული ინგრედიენტებისგან გემის ადგილმდებარეობის მიხედვით მომზადებული „ეროვნული“ კერძებით.
ახლა კი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გურმანთათვის ყველაზე საინტერესო ხუთი გემის სამზარეულოს გავეცნოთ:

Crystal Serenity
თანამედროვე სამზარეულოსა და სახელგანთქმულ მზარეულებს წორედ კრისტალის კრუიზებში უხმეს პირველად და სტუმრებს გემის ქიმიდან კიჩომდე მაღალი სამზარეულოს კერძები შესთავაზეს. სულ ახლახანს, 25 მილიონიანი კოსმეტიკური რემონტის შემდეგ „Crystal Serenity“ თავის ათას სამოცდაათ მგზავრს გარდა უშუალოდ კრუიზისა, დაუვიწყარ კულინარიულ შთაბეჭდილებებსაც პირდება. მის მთავარ რეტორანში „Crystal Dining Room“-ში კლიენტებს პრაქტიკულად ყოველ საღამოს სრულიად განახლებული მენიუ ხვდებათ; „Prego“-ში  ლოს- ანჟელესის „Valentino“-სა და ლას ვეგასური Piero Selvaggio-ს რესტორნის საფირმო კერძებს - საუკეთესო „ცეზარსა“ და ზღვის  პროდუქტების სალათას ამზადებენ; 
„Silk Road“-სა და  „Sush Bar“-ში თვით დიდი Nobu-ს მიერ პირადად განსწავლული მზარეულები ქმნიან მისივე სახელგანთქმული რესტორნების კერძებს - თინუსის ტატაკისა და შავ ვირთევზას მისოს სოუსში. საგანგებოდ ღვინის მოყვარულთათვის იმართება „Vintage Room“-ში დაუვიწყარი სადეგუსტაციო საღაემობი 1959 წლის Château Lafit-Rothschild-ის მსგავსი უიშვიათესი ღვინოებით. აქ უბრალო საჭმელიც კი განსაკუთრებულია: ნამდვილი ფრანგული კრუასანები და ხორცი კობეს მადისაღმძვრელი ბურგერები, ოჯახში შებოლილი იხვის კასადილია და Alan Wong-ის (ჰონოლულუში მისი რესტორანი პრეზიდენტი ობამას უსაყვარლეს რესტორანთა რიცხვში შედის) საავტორო კერძები ყოველწლიური ღვინისა და საჭმლის ფესტივალის განმავლობაში.

Silversea Silver Spirit
გამორჩეული კომფორტითა და განსაკუთრებული ფუფინებითაა ცნობილი Silversea-ს კრუიზები და ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ 2009 წელს წყალში ჩაშვებული Silversea Silver Spirit-ი თავის 540 მგზავრს ექვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სამზარეულოს სთავაზობს. რესტორნების მენიუ ერთმანეთისგან იმდენად ძლიერ განხვავდება, რომ მგზავრებს მოწყენის და საჭმელზე გულის აცრუების საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევათ. ძვირფასი ხითა და დამუშავებული მარმალილოთი ძენის სტილში მოპირკეთებული „Seishin“-ი აზიურ სამზარეულოზეა სპეციალიზირებული და მის მენიუში პეტროსიანის ხიზილალის შერბეთი,  ხამანწკების ტემპურას და ტეპანზე დაგრილულ ხორცი ვაგუ (იგივე კობე) შედის. არტ დეკოს სტილის ხმაურიანი სავახშმო კლუბის ყაიდის Stars-ში ტრაპეზა პაწაწინა ეკლექტურ თეფშებსა და ყველა მაგიდაზე მოთავსებული ჰიმალაური ქვა-მარილის მტვრევის ფონზე მიმდინარეობს. 
ვარსკვალევბით მოჭედილი ცის ქვეშ გახსნილი „Grill“-ი თავის კლიენტებს იქვე, წითლად გავარვარებულ ვულკანური ლავის ქვებზე დაბრაწული ბერკშირული ღორის ხორცითა და კოლორადული რიბ-აით ანებივრებს. სრულიად განუმეორებელია ბრაზილიური ალუბლის ხით მოჭედილი რვაკუთხა „Le Champagne“-ი, რომლის ოთახის დიზაინიც და საჭმლის და ღვინის მენიუც Silversea-ს კრუიზების პარტნიორის, ზე-პრესტიჟული ფირმის „Relais&Châteaux“-ის მიერაა შემუშავებული. აქ სტუმრებს ექვსკერძიან მენიუს და კერძებთან ზედმიწევნით ზუსტად შეხამებულ პრესტიჟულ სასმელებს სთავაზობენ. „Culinary Art Voyages“-ში მიშლენისვარსკვლავოსანი შეფები მუშაობენ და გემის მთავარ რესტორანში თანამედროვე ინტერნაციონალური სამზარეულოს  ათეულობით კერძს ამზადებენ.  „La Terrazza“ კი ნელა ჭამის ფილოსოფია ქადაგებს და თავის ადეპტებს ფანტასტიკის დონეზე აყვანილი ხელით დაჭრილი პროშუტოთი ანებივრებს.

Seabourn Odyssey
ამ გემზე ჭამა-სმა ხელოვნების დონეზეა აყვანილი: მის მთავარ რესტორანში ჭერიდან დაშვებული დრაპირებული თეთრი ატლასი სტუმრებს თეატრალურ განწყობას უქმნის. მეორე რესტორანში კი სრულიად საწინააღმდეგოდ, იასამნისფერი დეკორატიული ბალიშებით მორთული შავ ტყავგადაკრული სკამები და წითელი სავარძლები დგხვდებათ. „The Colonnade“ - საკრუიზო გემების ტიპიურ ბუფეტის სტილის რესტორანს წარმოადგენს და უზარმაზარი ვიტრინებიდან კლიენტებს მაიამის რესტორნებისთვის დამახასიათებელი ოკეანის პეიზაჟებით ტკბობის საშუალებას აძლევს. 
მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ „Seabourn Odyssey“ თავის მგზავრებს მხოლოდ დიზაინის თავისებურებითა და ოკეანის ბუნებით ხიბლავს, „Seabourn“-ის მთავარი კულინარიული კონსულტანტი  „Manhattan’s Aureole“-სა და „Charlie Palmer Steak Hous”-ის მფლობელი  Charlie Palmer -ი გახლავთ. შესაბამისად, გემის მთელი მენიუ თანამედროვე ამერიკული სამზარეულოს სტილში, მაგრამ ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება (Charlie Palmer-ს სკოლა) უმაღლესი ხარისხის ამერიკული ხორცის, Valrhona-ს შოკოლადისა და საუკეთესი ამერიკული ხიზილალისაგან. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს, ხარისხისდა მიუხედავად, „მოდურად“ რუსულ ხიზილალაზე უარის თქმა ითვლება, თურმე ნუ იტყვით, ასტრახანელი მეთევზეები ხიზილალის მოპოვებისას თევზებს უხეშად ექცევიან და მათ უფლებებს არღვევენ. "მეორე რესტორანში" წაბლისა და სოკო პორჩინის სუპი ესენციამდე დაყავთ და მსურველებს თაფლშლი მომზადებულ ქედანის და ლეღვის ემპანადასთან ერთად სთავაზობენ. სახლში დამზადებული შოკოლადის ნაყინის ბურთები კი ნატურალური ხის ფიცრებზე მოაქვთ. გულგრილად ვერც ქაფიანი კაპუჩინოსა და ოქროსფრად დაბრაწული ბრიოშებისაგან შემდგარ საუზმეს ჩაუვლით „Coffee Bar“-ში. აღარ ვლაპარაკობ, შიადღისას გემბანზე წასახალიებელად „რიგგარეშედ“ მორთმეულ შამპანურსა და ხიზილალაზე. საღამო კი რათქმაუნდა, კვლავაც გემბანს, შეზლონგებს და კიდევ უფრო მეტ შამპანურს და ხიზილალას გულისხმობ...

Oceania Cruises Marina
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი „Marina“ სუპერმდიდრული ლაინერების რიცხვში არ შედის, თავის ათას ორას ორმოცდაათ მგზავრს „upper premium“ კლასის მომსახურებას სთავაზობს.  „The Bon Appétit Culinary Center“-ის (ჟურნალი „Epicurious“-ის შვილობილი კომპანია) ინსტრუქტაჟით შექმნილი შთამბეჭდავი ფასტ-ფუდის სტილის 12 ექციიანი თვითმომსახურების სამზარეულო სტუმრებს ახალმომზადებული ფეტუჩინით დაწყებული და თხილის და შოკოლადის განაშიანი ტორტით დამთავრებული, ნაირგვარი კერძების შეუზღუდავ არჩევანს სთავაზობს - რამდენჯერაც გინდა მიდი და რაც გაგეხარდება, ყველაფერი აიღე. მაგრამ მთავარი ჯილდო ჭამა-სმის მოყვარულებს ტრადიციულ რესტორნებში ელოდებათ. სპილოს ძვლის და ოქროს ფერებში გადაწყვეტილ „Grand Dining Room“-ის მენიუში ერთდროულადაა წარმოდგენილი თანამედროვე კონტინენტალური სამზარეულოც და პარტნიორი-სპას, „Canyon Ranch“-ის კერძები. 
კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალის, „Wine Spectator“-ის  რესტორან „La Reserve“-ში  ღვინის დგუსტაციებს და სასმელთან შეხამებულ შვიდკერძიან სადილებს აწყობენ. მთავარი კონსულტანტი  Jacques  Pépin-ის საპატივცემულოდ „Jacques“-ად წოდებულ პარიზულად მომხიბვლელ ბისტროში ხელოვნების ნიმუშებს მასტერ-შეფის პირადი კოლექციიდან ფრანგული შანსონების ფონზე  მიირთმევენ. ერთნაირად დაუვიწყარია „Rotisserie“-ს ხბოს ნეკნის და ზეთისხილის ტაპენადა და იხვის ბარკლის კასულე. ფერად-ფერადი ბუდას სტატუეტებითა და ორქიდეებით მორთულ „Red Ginger“-ის მენიუს აზიაში მივყავართ - ტაილანდური ვეგეტარიანული მწვანე კარი, კამბალას ტემპურა და დაკარამელებული ქათამი თიხის ქოთანში. ასევე შესანიშნავია „Polo Grill“-ი 28 დღის დაძველების საუკეთესო ხარისხის როსტბიფით, „Toscana“ იტალიური სამზარეულოთი, „Waves“ აუზში მოცურავეთათვის ექსკლუზიური მომსახურებით და „Privée“ ცხრა პერსონისთვის ათას დოლარიანი სადილით სრულიად თეთრ, ექსტრავაგანტულ დარბაზში ერთადერთი მარმარილოს მაგიდითა და ნიანგის ტყავის სავარძლებით.

Seven Seas Mariner
ეს გემი ერთადერთია, რომელს ყველა ნომერიც აივნიანი ლუქსი გხლავთა და თან მისი სამზარეულო ლეგენდარული პარიზული კულინარიული სკოლის, „Le Cordon Blue“-ს ფილიალს წარმოადგენს. შესაბამისად, გემის შვიდას მაღალი კლასის მგზავრს სწორედ ამ სკოლის სპეციალისტების  მიერ გაწვერთნილი შეფები ემსახურებიან მათივე რეკომენდაციებით აწყობილ რესტორნებში. ფუფუნებისა და როკოკოს სტილის მოყვარულებს „Signatures“-ს ყვავილებით მოხატული სავარძლებითა და მოცომციმე სანთლებით გაწყობილ მაგიდებთან უგემრიელესი ყველი კამამბერი, ნიახურისა და ნიგვზის კიში (ფრანგული ღია ღვეზელი) და ბატკნის ნეკნები ხარისფაშვას (სოსკოს ჯიში) სოუსით ელოდებათ. 
დროდადრო მზარეულები მსურველთათვის კულინარიულ გაკვეთილებს და მასტერ-კლასებს აწყობენ. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა „Prime 7“-ში სადაც ჰაერში ტყავის სავარძლებისა და მადისაღმვრელი სტეიკის სურნელი ტრიალებს. და, იქვე, მაგიდის გვერდზე მარმარილოს ქვაზე მოშიშხინე კილოგრამიანი ხორცის ნაჭრები საღამოს ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს. „Compass Rose“-ის მენიუ ფუა-გრას და ტრიუფელის დამფასებლებს ესიამოვნებათ, „La Veranda“-ში კი შეშის ღუმელში გამომცხვარი პიცა „მარგარიტას“ გასინჯვა შეიძლება. „Pool Grill“-ი სტუმრებს იქვე გრილზე შემწვარი ჰამბურგერებითა და გასული საუკუნის ნაყინის მანქანაში ხელით ათქვეფილი ძველმოდური ნაყინით იზიდავს. 
ერთი სიტყვით, ბილეთი თქვი, თორემ საზღვაო კრუიზების მოყვარულებს შიმშილი და მოწყენილობა ნამდვილად არ გვემუქრება.   

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment