ბოსტნეულის ელიტარული სუპები

Approved by Mary Poppins


ზამთრი სიცივის დადგომასთან ერთად, თქვენი არ ვიცი და ჩემი მოთხოვნილება ცხელი და ნოყიერი სადილის მიმართ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კერძის დიდან მოყვარული არ ვარ - ქაფქაფა სუპიც კი მინდება ხოლმე. სუპებს შორის კი უპირატესობას ნაკლებად ცხიმიან ბოტნეულის სუპებს ვანიჭებ, წყალწყალა სუპს კი, რასაკვირველია, სუპ-პიურე (სუპი-ველუტე) ან კრემ-სუპი მირჩევნია. კრემ-სუპისა და სუპ-ველუტეს ძირითადი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ პირველს ნაღეიბთ ასქელებენ, მეორეს კი ბოსტნეულის პიურეთი. თუმცა ნაღებიან ველუტეს და ბოსტნეულის პიურეიანი კრემ-სუპის რეცეპტიც ბევრი ვიცი, ასე რომ მთავარია, რომ სუპი სქელი და ბლანტი იყოს, თირემ რას უწოდებთ, პიურეს, ველუტეს თუ კრემ-სუპს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა კი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სუპ-პიურე:

სოკოს კრემ-სუპი
4 პორცია
2 ხახვი, 300 გრ ტყის ხირციაბი სოკო, 2 ს/კ ერბო ან კარაქი, 1 კონა მწვანილის ნაკრები (ოხრახუში, მწვანე ხახვი და კამა), 400 გრ კარტოფილი, 2 მარცვალი თეთრი პილპილი, 400 მლ სოკოს ბულიონი (სოკო ბულიონის კუბიკისგან დამზადებული), 100 მლ თეთრი ღვინო, მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი, 100 მლ 36-%-იანი ნაღები, ოხრახუშის რამდენიმე ფოთოლი მოსართავად
1 კოვზ ერბოში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი სოკო. მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. დარჩენილი ერბო გავადნოთ ტეფლონიან ქვაბში, ჩავყაროთ კარტოფილი და მწვანილი და ვთუშოთ 1-2 წუთი. დავუმატოთ თეთრი წიწაკა. დავასხათ ბულიონი და ღვინო. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამოვიღოთ თეთრი პილპილის მარცვლები და მოხარშული ბოსტნეული თავისი წვენით დავაბლენდეროთ. შევამარილ-შევაპილპილოთ. დავუმატოთ ნაღები და მოთუშული სოკო და ხახვი. სუპი ისევ შევათბოთ, დავასხათ თეფშებზე, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და მივირთვათ.

სატაცურის კრემ-სუპი
4 პორცია
500 გრ თეთრი სატაცური, 4 ცალი მწვანე სატაცური, მარილი, ¼ ჩ/კ შაქარი, 2 ს/კ ფქვილი, 4 ს/კ კარაქი, 2 კვერცხის გული, ახალდაფქული პილპილი, მწიკვი გახეხილი ჯავზი კაკალი (მუსკატი), 125 მლ ნაღები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
სატაცური გავრეცხოთ. თეთრი სატაცური მთლიანად გავთალოთ, მწვანეს კი მხოლოდ ძირები ჩამოვათალოთ. სატაცურის ნათალს დავასხათ 700 მლ წყალი, შევამარილოთ, ჩავყაროთ შაქარიც დ ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. სატაცურის ბულიონი გადავწუროთ. ნათალები გადავყაროთ. გათლილი სატაცური დავჭრათ და ბულიონში ვხარშოთ 8 წუთის განმავლობაში. მოხარშული სატაცური ამოვიღოთ ბულიონიდან. მაღალბორტიან და სქელძირიან ტაფაზე კარაქში მოვხალოთ ფქვილი. ფქვილი რომ შეოქროსფერდება დავუმატოთ ბულიონი და ვადუღოთ 5 წუთი, თან ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავურიოთ ათქვეფილი კვერცხის გული, გახეხილი ჯავზის კაკალი, პილპილი და მარილი. დავმატოთ მოხარშული სატაცური და ნაღები. მოვრთოთ ოხრახუშით და მივირთვათ.

პამიდვრის სუპი გახუხული პურით
4 პორცია
500 გრ პამიდორი, 1 ხახვი, 1 ს/კ კარაქი, მწიკვი შაქარი, ახალდაფქული პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, 2 ნაჭერი პური, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, რამდენიმე წვეთი სოუსი „ტაბასკო“, 2 ს/კ არაჟანი, მარილი
პამიდვრები გავჭრათ ოთხად. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ პამიდვრები და ცოტა ხანი კიდევ ვთუშოთ. შევასუნელოთ შაქარი, მარილი, პილპილი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და ძმარი ბალზამიკო. დავასხათ ბულიონი, ქვაბს დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.
სანამ სუპი იხარშება, პურის ნაჭრები ორივე მხრიდან გავხუხოთ ზეითუნის ზეთში. გახუხულ პურს გავუსვათ შუაზე გაჭრილი ნივრის კბილები, განსაკუთერბულად გულდასმით ქერქის კიდეზე წავუსვათ. მოვაყაროთ მარილი.
მზა სუპი გავატაროთ საცერში ან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ სოუსი „ტაბასკო“, გავსინჯოთ და საჭიროების შემთხევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. დავასხათ თეფშებზე. მოვრთოთ არაჟნით და ოხრახუშის ან კამის ფოთლებით.

სტაფილოს სუპი ქოქოსის არომატით
4 პორცია
½ კონა მწვანე ხახვი, 1 კგ ახალგაზრდა სტაფილო, 2 ს/კ ზეთი, 1 ლიმონის წვენი, 500 მლ ბისტნეულის ბულიონი, 200 მლ დაკონსერვებული ქოქოსის რძე, კარი (ინდური სანელებელი), მარილი, დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, ცოტაოდენი ნაღები და დაჭრილი მწვანე ხავი მოსართავად
მწვანე ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად. დიდი ზომის სქელძირიან ქვაში გავაცხელოთ ზეთი და მოვთუშოთ მწვანე ხახვი, დავუმატოთ სტაფილო და გავაგრძელოთ თუშვა, თან ვურიოთ ხოლმე. დავასხათ ლიმონის წვენი, ბულიონი, წამოვადუღოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 15 წუთი. მზა სუპი დავაბლენდეროთ და ვაქციოთ პიურედ. დავუმატოთ ქოქოსის რძე და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. შევასუნელოთ კარით (ინდური სანელებელი), მარილით და ცახრე წიწაკით. დავასხათ თეფშებზე, მოვრთით ნაღებით და მწვანე ხახვით.

მწვანე ბარდის სუპი პიტნით
4 პორცია
4 ს/კ კარაქი, 4 ღერო მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, 450 გრ ცოცხალი ან გაყინული მწვანე ბარდის მარცვალი, 600 მლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, 1 დიდი ტოტი პიტნა, 600 მლ რძე, მწიკვი შაქარი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, ნაკლებად ცხიმიანი ნაღები და პიტნის პაწაწინა ფოთლები მოსართავად
დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ მწვანე ხახვი. ხახვი უნდა დარბილდეს, მაგრამ ფერი არ უნდა შეიცვალოს. დავამატოთ ბარდა, დავასხათ ბულიონი, ჩავაგდოთ პიტნის ტოტი და წამოვადუღოთ. დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში ცოცხალი ბარდის შემთხვევაში, გაყინულს კი 15 წუთიც ეყოფა. 3 ს/კ ბარდა ამოვაკლოთ საერთო მასას და გადავინახოთ მოსართავად. დარჩენილი სუპი კი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ რძე და ვაქციოთ პიურედ. მერე დავაბრუნოთ ქვაბში და კიდევ ერთხელ შევაცხელოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი. დავუმატოთ გადანახული ბარდა, დავასხათ თეფშებზე და მოვრთოთ ნაღებით და პიტნის ფოთლებით, მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment