1.12.11
სულ რაღაც 30 დღე და...
Approved by
ევროპასა და ამერიკაში ახალი წლის სამზადისს და საზეიმო განწყობის შექმნას სადღაც ნოემბრის დასწაყისიდან იწყებენ. მე ეს დღესასწაული ისე ძალიან მიყვარს, რომ მომავალი ახალი წლის შესახვედრად მთლად 15 არა, მაგრამ 20 იანვრიდან ნამდვილად ვემზადები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ყველა დიდი ზარზ-ეიმით ეგებება, ჩემნაირი ენთუზიაზმის პატრონი ბევრი მაინც არ არის. ამიტომ მთელი 335 დღე პატიოსნად ვითმინე, თავი არ შეგაწყინეთ, პირველი დეკემბრიდან კი ბლოგზე საახალწლო სამზადისს ოფიციალურად ვიწყებ. ანუ, რა არის საჭირო ჰაერში ახალი წლის სუნი რომ დატრიალდეს? თოვლი, გაღუღუნებული თბილი სახლი, საახალწლო ნაძვის ხე ქვეშ დაწყობილი საჩუქრებით, საახალწლო გირლიანდები, ბევრი ტკბილული, შემწვარი ინდაურისა და დარიჩინანი ღვინის სუნი... თოვლის მოსვლა და თქვენი სახლების გათბობა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება - პირველს ბუნებას და მეორეს თქვენ მოგანდობთ. ხოლო საახალწლო ტრადიციებს, გირლიანდებისა და სათამაშოების დამზადების წესებს, ტკბილეულის რეცეპტებსა და ათას საახალწლო რჩევას მთელი თვე და კიდევ ცოტა (ძველ ახალ წლამდე) არ მოგაკლებთ.
მოკლედ, ჩემი გეგმა ასეთია: ყოველ დღე რაიმე ტკბილეულის რეცეპტი - შინაური კამფეტები, შოკოლადის ტრიუფელები, საშობაო „პეჩენიები“, ჯანჯაფილის სახლი და მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტორტები 1-დან 15 იანვრის ჩათვლით; ინდაურის შეწვის რამდენიმე მეთოდი და ვარიაციები ქართული საცივის თემაზე; ცხელი ალკოჰოლიანი სასმელები გროგის და გლინტვეინის სახით; საახალწლო დეკორაციები - ყვავილები, სათამაშოები, იკებანები; როგორი უნდა იყოს საახალწლო საჩუქარი და როგორი იყო ნაძვის ხე ძველად... პარალელურად ჩვეულებრივი სტატიები, ბლოგისთვის ტრადიციული ლირიული გადახვევები და ა.შ. ...
დღეს კი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერლის, რექს სტაუტის დაბადების დღეა. ვისაც დეტექტივები გიყვართ, ყველას გემახსოვრებათ მისი მოთხრობების ციკლის შესანიშნავი პერსონაჟები: ნირო ვულფი და არჩი გუდვინი, თავიანთი განუმეორებელი იუმორითა და მოსწრებული ენით. და ალბათ ისიც იცით, რომ ნირო ვულფს ჭამა-სმაც კარგი და შესარგი უყვარდა. რექს სტაუტმა კი არ დაიზარა და მისი ნაწარმოების მთავარი გმირის სისუსტის მქონე თაყვანისმცემლებისთვის „ნირო ვულფის სამზარეულოს წიგნი" გამოსცა, რომელშიც ვულფის პერსონალური მზარეულის ფრიცის რეცეპტებია შეგროვებული. ალბათ უკვე მიხვდით, რომ დღევანდელი რეცეპტი სწორედ ამ კრებულიდან იქნება. მაშ ასე:
ნიგვზის პუდინგი
3 ს/კ კარაქი, ½ ჭ ლერწმის შაქარი, ¼ ჩ/კ სოდა, 1 ¾ ჭ რძე, ¼ ჭ ღვინო „მარსალა“, 2 კვერცხი, ½ ჩ/კ მარილი, 2 ჭ კუბიკებად დაჭრილი თეთრი პურის გული, 1 ჭ დაჭრილი ნიგოზი, ათქვეფილი ნაღები მოსართავად
ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ შაქარი შაქრის გადნობამდე განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ მიიწვას. რძეში გავხსნათ სოდა, ჩავასხათ ღვინო და ნელ-ნელა დავუმატოთ კარაქიან შაქარს. 3 წუთი დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ, მერე გაზი გამოვრთოთ და ცოტა შევაგრილოთ. ავთქვიფოთ კვერცხი, ჩავაყაროთ მარილი და ჩავათქვიფოთ რძიან მასაში. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და ფსკერზე ერთ რიგად გავანაწილოთ პურის კუბიკები. პურს თავზე ნიგვზის ნახევარი მოვაყაროთ და მოვასხათ რძისა და კვერცხის კრემი. თავზე დარჩენილი ნიგოზი მოვაყაროთ. შევდგათ 45 წუთით 175°C-მდე გახურებულ ღუმელში. მიირთვით ათქვეფილ ნაღებთან ერთად. შეგიძლიათ ნაღებს თავზე ცოტაოდენი ნიგოზი დამატებით მოაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო საახალწლო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment