19.12.11
ბაძგი, ფითრი და პუანსეტია - შობის მარადმწვანე სიმბოლოები
Approved by
ყოველთვის მიკვირდა, უცხოეთში საშობაო-საახალწლო სამზადისზე და დეტალებზე
ფიქრს ჩვენებურად კი არა - 30 დეკემბრის საღამოს, არამედ, მინიმუმ 2-3 კვირით ადრე
რომ იწყებდნენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სახლის და მისი შემოგარენი ტერიტორიის
მორთვა-მოკაზმვას აქცევენ. თავად პროცედურას არანაირი კავშირი არ აქვს სახლის პატრონის
შემოსავალთან, ანუ სახლს რთავს ყველა განირჩევლად ასაკისა და ეკონომიური მდგომარეობისა.
თანაც განსაკუთრებული სიამაყის გრძნობით, ამ დეკორაციებიდან სულ უმნიშვნელო წვრილმანი
მაინც თუ შექმნეს-შეაკოწოწეს საკუთარი ხელით, ან თუნდაც კედელზე მიაჭედეს ან ჩამოკიდეს.
დასავლური საახალწლო დეკორის ერთე-ერთი ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი
ნაწილია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მომავალი ბაძგისა და ფითრის საშობაო გვირგვინები
და მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან არანაკლებ პოპულარულია პუანსეტია. სამივე საკმაოდ
შხამიანი მცენარეა. მაგრამ ამ ფაქტს ხელი სულაც არ შეუძლია მათ შესახებ საკმაოდ საინტერესო
ისტორიები შეეთხზათ. უფრო მეტიც, ამ ფაქტმა ამ ლეგენდების ერთგვარი მისტიური ელფერიც
კი შესძინა.
ბაძგი, იგივე ჭყორი (ინგ. Winterberry; რუს. Падуб; ლათ. Ilex
colchica Pojark (I.aquafolium L. pp.) - ამ მცენარის ქართულმა დასახელებამ ისე მომხიბლა,
რომ არ დავიზარე და ლექსიკონში ჩავიხედე: ჰოი საოცრებავ! აღმოჩნდა მცენარეს რომელიც
შობაზე ჩვენს გარდა მსოფიოს თითქმის ყველა ქვეყნის ყველა ოჯახს ამშვენებს საქართველოს
ყველა კუთხეში თავისი სახელი ჰქონია. აი, მისი სინონიმების ჩამონათვალი:
ქართლური -
ირმისაკვნეტელა;
ლეჩხუმური, ოკრიბული,
აჭარული, ჭანური - ბაძგარი, ბაძგარა;
რაჭული, იმერული
- ჭყორი;
ერწო-თიანეთური
- ჩხერი, ვირის საკვნეტელა;
ხევსურული, ფშავური
- ზამთარა, ზამთარ-ზაფხულა, ჭკემარა;
მეგრული -
ბარცხელი, ბარცხინი;
სვანური -
ბარცხილ.
ბაძგი ჩვეულებრივი მუხის მარადმწვანე ძმობილია და როგორც მარადმწვანე მცენარეების
უმრავლესობა მარადიული სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლოა.
რომაელები ბაძგს სტუმარს უძღვნიდნენ და სატურნალიების დროს (17-23 დეკემბერი)
იგი ბედნიერებისა და ჯანმრთელობის საწინდრად ითვლებოდა.
კელტური ლეგენდების მიხედვით კი მუხა და ჭყორი ორი მეტოქე მეფეა, რომელთაგანაც
მუხა წლის ნათელ და ზრდად ნაწილს ანუ ზაფხულს მართავს, ხოლო ჭყორი - მის ბნელსა და კლებად ნაწილს, ანუ ზამთარს.
ქრისტიანობაში ბაძგის ფოთოლი ტანჯვას განასახიერებს, მისი ნაყოფი კი სისხლს.
როგორც ცნობილია, ჯვარი რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს, სწორედ ბაძგისგან იყო დამზადებული
(თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხდვით ეს ჯვარი ფითრის იყო). აქედან გამომდინარე, ჭყორი
ერთდროულადაა ჯვარცმისა და შობის სიმბოლო. სახლის საშობაოდ დეკემბერში ბაძგით მორთვა
კი ტევტონურ ტრადიციას უკავშირდება.
ინგლისში ეკლებიანი ბაძგი მამაკაცად ითვლება, უეკლო კი - ქალად. ამიტომ
შობაზე სახლში პირველს როგორი ჯიშის ბაძგსაც შეიტანენ (დედალს თუ მამალს), განაპირობებ
იმ წელს ვინ იქნება სახლში მთავარი - ქალი თუ კაცი.
ფითრი (ინგ. Mistletoe;
რუს. Омела;
ლათ.Viscum)
- მრავალი საუკუნის განმავლობაშ ფითრზე მრავალი მისტიური ამბავი არსებობდა. იგი სხვადასხვა
რიტუალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დრუიდებს - ძველი კელტების ქურუმებს სჯეროდათ,
რომ ფითრი წმინდა მცენარე და ერთგვარი პანაცეაც კი იყო. ისინი განსაკუთრებულ სასწაულმოქმედ
ძალას მუხაზე გაზრდილ ფითრს მიაწერდნენ. (ბოტანიკის თვალსაზრისით ფითრი ნახევრადპარაზიტი
მცენარეა, რომელიც სხვა ჯიშის ხეზე ან ბუჩქზე იზრდება და ბინადრობს)
მოგვიანებით, შუასაუკუნეებში მას კვლავაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ და ნაყოფიერების,
ნადავლიანი ნადირობის სიმბოლოდ ითვლებოდა და როგორც ბოროტი ძალებისაგან დამცავ თილისმადაც
ატარებდნენ. ბავშვის გაჩენის მსრურველი მანდილოსნები კი ფითრს მაჯასა და წელზე იბნევდნენ
და ისე დადიოდნენ.
თანამედროვე დროში ასე გავრცელებული ტრადიციის სათავე, როცა მოყვავილე
ფითრის ტოტების ან გვირგვინის ქვეშ შემთხვევით ან წაინასწარგანზრახვით მოხვედრილმა
ერთმანეთს უნდა აკოცოს, სკანდინავიურ მითოლოგიაშია. სადაც ფითრს ნაყოფიერების, სილამაზისა
და სიყვარულის ქალღმერთი ფრეა განაგებდა. კიდევ ერთი ვერსიით ეს ტრადიცია ანტიკური
რომის საქორწილო ტრადიციებიდან მოდის, ქორწილები კი როგორც წესი, სატურნალიების პერიოდში
იმართებოდა. სატურნალიების დროს კი ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ შობის აღნიშვნა დაიწყეს
და ფითრმა თავისი ნყარი ადგილი შობაზეც დაიმკვიდრა. რომაული ტრადიცია იმაში მდგომარეობდა,
რომ მეტოქე მებრძოლები ფითრის ქვეშ მოხვედრის მერე დღის ბოლომდე იარაღს ყრიდნენ და
რიგდებოდნენ. დროთა განმავლობაში ეს ცერემონია „შემხვედრთა“ კოცნაში გადაიზარდა.
გარდა მშვიდობის დამყარების მოვალეობისა, ფითრის ფუნქციებში სახლის ხანძრის,
ჭექა-ქუხილისა და ბნელი სულებისგან დაცვაც შედიოდა. ინგლისელებს, როგორც კელტების ჭეშმარიტ
შთამომავლებს იმდენად ღრმად სწამდათ ბოროტი ძალების წინააღმდეგ ფითრის ძალისა, რომ
როცა სამშობლოს სამუდამოდ ტოვებდნენ და ამერიკაში მიემგზავრებოდნენ, სახლის ამ „არც
ბუჩქითა და არც ხით“ მორთვის ტრადიციაც თან გაიყოლეს. ასე დამკვიდრდა ფითრის კულტი
ოკეანის გადაღმაც.
პუანსეტია (ლათ. Euphorbia pulcherrima, Poinsettia pulcherrima) – მას
ბევრი სახელი აქვს, ამ მცენარეს ბეთლეემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც
ეძახიან. მას ჯერ კიდევ აცტეკები იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს. პუანსეტია
ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისათვის გაშლილი
ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora
de Noche Bueno ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.
პუანსეტია კი სახელად მას მერე დაექრვა, რაც ამერიკის ელჩმა, ვინმე პუანსეტმა
მე-19 საუკუნეში სამშობლოში ჩაიტანა და საკუთარი სახლის ბაღში დარგო. კიდევ ერთ სახელს
ეუფორბიას კი ანტიკურის ხანის ექიმის ეუფორბის საპატივცემულოდ ატარებს, რომელმაც პირველმა
შეისწავლა ამ მცენარის სამკურნალო თვისებები.
მხოლოდ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებისთვის მოახერხეს მეცნიერებმა პუანსეტიის
მინიატურული ზომის ქოთნის ყვავილად დაპატარავება. ბუნებაში ამ მცენარის ნატურალური
ვერსია სამ მეტრამდე აღწევს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment