3.12.11
მარციპანის კამფეტები
Approved by
(დაახლოებით 12 ცალი გამოდის)
300 გრ ნუში, 300 გრ შაქრის პუდრა, ½ ლიმონის ცედრა, 1 ფორთოხლის ცედრა, 4 ს/კ ვარდის ან ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი (იყიდება აფთიაქებში), 6 წვეთი მწარე ნუშის ესენცია, შაქრის პუდრა მარციპანის მასის გასაბრტყელებლად
ნუში 1-2 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში დასაფუფქად და მერე კანი გავაცალოთ. გაფცქვნილი ნუში ჩაის ტილოზე დავყაროთ და გავაშროთ. ნუში ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ჩავყაროთ ქვაბში. დავუმატოთ შაქრის პუდრა, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა და მაგარი ცომი საგულდაგულოდ მოვზილოთ. პარალელურად თითო-თითო წვეთად დავუმატოთ ვარდის ან ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი და ნუშის ესენცია.
მაგიდის ზედაპირზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა და საბრტყელებლის დახმარებით 1 სმ-ს სისქეზე გავაბრტყელოთ ნუშის ცომი. დავჭრათ 2 სმ გვერდების მქონე კვადრატებად. გამზადებული კამფეტები ფენა-ფენად ჩავალაგოთ თავსახურიან თუნუქის კოლოფში (ფენებს შორის პერგამენტის ჩაყოლება არ დაგავიწყდეთ!). კამფეტები დაახლოებით 2 თვის მანძილზე ინახება.
ვარიანტები: ლიმონის და ფორთოხლის ცედრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კუბიკებად დაჭრილი ანანასის ან ალუბლის ცუკატები. გამზადებული მარციპანი (ნუშის ცომი) გააბრტყელეთ თხლად, დაჭერით დაახლოებით 6 სმ-იან კვადრატებად, შუაში კრაჭუნა ალუბალი მოათავსეთ და კვადრატის გვერდები ალუბლის თავზე შეკარით. ასეთ კამფეტებს 180°C-მდე გახურებულ ღუმელში თუ შეაცხობთ რამდენიმე წუთით, მარციპანის კუთხეების დაბრაწვამდე, ძალიან გემრიელი გამოდის.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment