თაფლაკვერას სახლი

Approved by Natia Jinjolava



ევროპასა და ამერიკაში ყოველ 12 დეკემბერს საშობაო ტრადიციის მიმდევრები თაფლაკვერას სახლს თუ არ აცხობენ, ყიდულობენ მაინც. შარშან ერთი ასეთი სახლის რეცეპტი უკვე შომოგთავაზებთ: http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/01/blog-post_3186.html, წელს კი გთავაზობთ სახლს, რომელიც პირველად 1998 წელს გამოვაცხვე. მერე მეგობრები მშნებლობაზე დავპატიჟე და ჩემი გამომცხვარი „საშენი მასალა“ საზეიმო ვითარებაში ერთობლივი ძალებით ვაქციეთ ულამაზს შევეიცარიულ შალედ. თაფლაკვერას ერთი შესანიშნავი თვისება აქვს - პრაქტიკულად არ ფუჭდება, ამიტომ ახალი და ძველი ახალი წლებისა და შობის გავლის შემდეგ, ჩემი არქიტექტურული საოცრება მამაჩემმა სამზარეულოს ნაჯახით დაჭრა, დედამ ქვაბში ჩაასწაყობა და მერე ოჯახი ჩაისთან ან მაწონთან მთელი თვის განმავლობაში გემრიელად მიირთმევდა.
ახლა შენიშვნები რეცეპტთან დაკავშირებით. თაფლაკვერა მართლაც გემრიელი გამოდის, მაგრამ ტრაფარეტზე მითითებული საყრდენი ბისკვიტის ზომა 20X35 სმ-ზე - ძალიან პატარაა, სახლი უფრო დიდი გამოდის და ამ ზომის ბისკვიტზე არ ეტევა, ამიტომ 1/3-ით დიდი მაინც უნდა გააკეთოთ (ცომი იმდენია, მეორე სახლისთვისაც მოგრჩებათ). და სარკალა, რომელიც თოვლის მოვალეობას ასრულებს: რაც არ უნდა ეცადოთ, თხევადი გამოდის და ფორმას არ ინარჩუნებს, უბრალოდ იწუწება. ამიტომ ორიგინალური რეცეპტი მოხარშული ბეზეთი შევცვალე, რომელიც ასევე არ ფუჭდება და თოვლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს.
მოხარშული ბეზე: 4 კვერცხის ცილა და 300 გრ შაქარი ერთად ჩავყაროთ ქვაბში, ქვაბი შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და დაბალ ცეცხლზე ვთქვიფოთ 15 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბეზე რომ ცივდება ხმება, ამიწომ ცხლადვე გამოვიყენოთ!

თაფლაკვერას სახლი
საყრდენი ბისკვიტი
ცომისათვის: 1,6 კგ ჭვავის ფქვილი (ჩვეულებრივიც გამოდგება), 400 გრ ხორბლის ფქვილი, 1 კგ ლერწმის შაქარი, 600 გრ თაფლი, 12 კვერცხი, 2 ჩ/კ სოდა, 2 პაკეტი სანელებლების ნაკრები (დაახლოებით 2 ს/კ დაფქული დარიჩინი, 2 ჩ/კ დაფქული ილი, 1 ჩ/კ დაფქული ჯავზის კაკალი, 1 ჩ/კ დაფქული მიხაკი და 2 მწიკვი პილპილი), 1 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა), 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, ფქვილი ცომის გასაბრტყელებლად, 2 კვერცხის გული, 3 ს/კ ცხიმიანი რძე
მოსართავად: 4 კვერცხის ცილა,  350 გრ შაქრის პუდრა, 3 ს/კ ლიმონის წვენი, 60 ცალი ნიგვზის ლებანი (ნახევრები)
ცომისათვიდ დიდ ჯამაში გავცრათ ორივენაირი ფქვილი და სოდა. ცალკე ქვაბში გავაცხელოთ თაფლი და შაქარი, შაქრის ბოლომდე გადნობამდე. თაფლიანი მასა გავაგრილოთ და ნელ ნელა ჩავუმატოთ ჯერ კვერცხები და მერე ფქვილი. დავუმატოთ სანელებლები და ლიმონის ცედრა. ხელებით კარგად მოვზილოთ. ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და ოთახის ტემპერატირაზე გავაჩეროთ დაახლოებით ერთი დღე-ღამე.
გვერდითა კედლების შაბლონი
აქ მოცემული სქემების მიხედვით გამოვჭრათ კარდონის შაბლონები. ფქცილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ცომი ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე. პირველ რიგში გამოვჭრათ 35X20 სმ-ის ზომის საყრდენი  ბისკვიტი (როგორც გითხარით, საყრდენად ეს ზომა არ გეყოფათ და დაახლოებით 45X35-ზე მაინც გამოჭერით). ამის შემდეგ გვერდითა და წინა-უკანა კედლებისთვის ორივე შაბლონი გამოჭერით 2-2-ჯერ. გამოჭერით 28X15სმ-ის ორი მართკუთხედი სახურავისთვის. გვერდითა და წინა კედლებზე ამოჭერით ფანჯრები და კარები ნახატის მიხედვით. (კიდევ ერთი რჩევა: შაბლონს თუ დახედავთ, ნახავთ რომ ქვევითა მხრიდან ფეხებივით აქვს, საყრდენ კედელში ჩასარჭობად. საერთოდ ნუ გაუკეთებთ. იდეალურად ასრულებს მათ მოვალეობას კბილის საჩიჩქნი ჩხირები და კედლების მათზე დარჭობა უფრო ადვილია) დარჩენილი ცომისაგან გამოვჭრათ 3X6 სმ-ის 2 კარი, მეორე თაღიანი კარი 5X6 სმ-ის ზომის. 16 ცალი ფანჯრის დარაბა და 27 სმ-ის სიგრძის ღობე. დარჩენილი ცომისგან გამოვჭრათ 3 სხვადასხვა ზომის ვარსკვლავები ნაძვებისთვის. გამზადებული საშენი მასალა დავალაგოთ ცხიმწასმულ პერგამენტზე, ზევიდან გადავუსვათ ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები და რძე და გამოვაცხოთ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი. თუ საყრდენ „ფეხებს“ მაინც გაუკეთებთ. საყრდენ ბისკვიტზე მათი ჩასარჭობი მართკუთხედები ჯერ კიდევ თბილ თაფლაკვერაზე უნდა გამოჭრათ.
წინა და უკანა კედლების შაბლონი
საყრდენ ბისკვიტზე დაარჭვეთ კბილის საჩიჩქნი ჩხირები და კედლები ამ ჩხირებზე ჩამოაცვით. სახლი ავაშენოთ სურათის მიხედვით. კარებები კვლავაც კბილის საჩიჩქნ ჩხირებზე დავარჭოთ (ჩხირები საჭირო ზომაზე გადაჭერით ხოლმე). დარაბები კი მოხარშული ბეზეთი მიაწებეთ. სახურავიც კბილის საჩიჩქნებით დავამაგროთ. ზევიდან „დავაბარდნოთ“ მოხარშული ბეზეს თოვლი და დავაწყოთ ნიგვზის კრამიტი. ვარსკვალევებისგან ნაძვისხის აწყობა ორნაირად შეგვიძლია: ან ბეზეთი შევაწებოთ, ან ისიც ხის შამფურებზე დავარჭოთ. ნაძვის ხეც ბეზეს თოვლით მოვრთოთ .
თუ მაინც ორიგინალი სარკალას გაკეთებას განიზრახავთ: კვერცხის ცილები სულ ცოტათი ჩანგლით ავთქვიფოთ (თეთრ ქაფად ნუ აქცევთ) და ნელ-ნელა დავუმატოთ შაქრის პუდრა. ბოლოს, თითო-თითო წვეთად ჩავამატოთ ლიმონის წვენი. მოვასხათ უკვე აშენებულ სახლს.


გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment