იმერული საცივი

Approved by Natia Jinjolava


საშუალო ზომის ინდაური მოვხარშოთ (სასურველია დედალი. მამალ ინდაურს ხორცი მეტი, მაგრამ უხეში აქვს). ხარშვის პროცსში ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ! მერე შიგნიდან და გარედან ბლომად მარილი მოვაყაროთ, ნაჭრებად დავჭრათ, ტაფაზე დავაწყოთ, სულ ცოტა საკუთარივე ნახარში მოვასხათ და ჰაერღუმელში გემრიელად დავბრაწოთ.
ინდაურის ნახარში ბულიონი შევაგრილოთ და თავზე ცხიმის აპკს რომ გაიკეთებს მოვხადოთ და ტაფაზე დავასხათ და ამ ცხიმში მოვთუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი 4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი. 1 კგ ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ჭიქანახევარი უცხო სუნელის, ხმელი ქინძისა და ზაფრანას ნარევი, 8-9 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით (მე არ მიყვარს, მაგრამ ზოგი ერთ მწიკვ დაფქულ მიხაკსა და 1 ჩ/კ დარიჩინსაც უმატებს). ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ მოთუშული ხახვი და გავხსნათ ბულიონის ერთ მესამედში. სქელი ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს. მერე დანარჩენი ბულიონიც დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნიგვზის მოხარშვამდე. ნიგოზი რომ ჩაიხარშება, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ საცივში, თან სწრაფად მოვურიოთ. ცეცხლი გამოვრთოთ. საცივი მზადაა. დიდ ქვაბში ჩავალაგოთ დაბრაწული ინდაურის ხორცი და დავასხათ წვენი. საცივს რაც მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ხილდურ ბოკი

0 კომენტარი.:

Post a Comment