Bûche de Noël - საშობაო კუნძი

Approved by Natia Jinjolava



ევროპაში შობაზე ტრადიციულად აცხობენ შოკოლადის რულეტს, რომელსაც   მერე „საშობაო კუნძის“ სტილში რთავენ.
ბისკვიტისთვის - 5 კვერცხის გული, 5 ს/კ ცივი წყალი, 100 გრ შაქარი, 5 კვეცხის ცილა, 1 მწიკვი მარილი, 150 გრ ფქვილი, კარაქი თუნუქის საცხობ ფირფიტაზე წასასმელად, შაქარი მოსაყრელად; კრემისათვის - 150 გრ შოკოლადი, 250 გრ ოთახის ტემპერატურის დარბილებული კარაქი, 100 გრ შაქრის პუდრა, 4 კვერცხის გული, 2 ს/კ კონიაკი ან რომი, 1 მწიკვი მარილი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ფსტის კაკალი, შაქრის პუდრა მოსაყრელად,  2 ცალი კრაწუნა ალუბალი
ბისკვიტისთვის ქვაბში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და წაყალი, თანდათანობით ჩავათქვიფოთ შაქრის ¾. ვთქვიფოთ სანამ თეთრი ფერის გოგლიმოგლს არ მივიღებთ. კვერცხის ცილები მარილთან ერთად ავთქვიფოთ ცალკე ჯამში. ბეზე კარგად რომ აითქვიფება დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და ძალიან ფრთხილად გადავურიოთ გოგლიმოგლში. მერე ხის კოვზით, თითო-თითო კოვზად გადავურიოთ ფქვილიც. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და ძალიან ნაზად და ფრთხილად  და თანაბრად გავანაწილოთ ცომი. ბისკვიტი წინასწარ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. მაგიდაზე ჩაის ტილო დავაფინოთ და შაქარი მოვაყაროთ. თუნუქის ფირფიტა ჩაის ტილოზე გადმოვაყირავოთ და პერგამენტი ავაცალოთ. ჯერ კიდევ ცხელი ბისკვიტი ჩაის ტილოს მეშვეობით რულეტად გადავახვიოთ და ასე დახვეული გავაგრილოთ.
დამტვრეული შოკოლადი წყლის აბაზანაზე გავადნოთ. შემდეგ შევაგრილოთ. კარაქი მიქსერით გათეთრებამდე ავთქვიფოთ და თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხის გულები და კონიაკი. კარაქი კრემის კონსისტენციის რომ გახდება, თითო-თითო სუფროს კოვზობით ჩავათქვიფოთ თბილი შოკოლადი და მარილი. ბისკვიტი ფრთხილად გავშალოთ და კრემის ნახევარი წავუსვათ. ისევ დავახვიოთ რულეტად. კრემის მეორე ნაწილი დაახლოებით 2 საათით მაცივარში შევდგათ გასამაგრებლად. მერე კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ, ჩავასხათ ვარსკვლავის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და რულეტზე ხის მერქნის იმიტაციის მგავსად პარალელური ზოლები დავახატოთ (უფრო მარტივი მეთიდი: რულეტს კრემის სქელი ფენა გადაუსვით და ჩანგლით დაზოლეთ). რულეტი 3 საათით მაცივარში შევდგათ. რულეტს 1 ან ორი ნაჭერი ჩამოვაჭრათ და „კუნძს“ ზევიდან დავადოთ ტოტის მონაჭრელის იმიტაცია რომ გამოვიდეს ისე (იხ. სურათი ზევით). ფსტის კაკალს შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ეს დათოვლილი ხავსის იმიტაციაც კუნძს მოვაყაროთ. და ბოლოს ალუბლებითაც მოვრთოთ და ისევ მაცივარში შევდგათ.
ვარიანტები: კრემში შოკოლადის ნაცვლად 2 ს/კ ხსნადი ყავის დამატება შიეძლება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment