კოპლებიანი დიკი (Spotted Dick)- ძირძველი ინგლისური პუდინგი

Approved by Natia Jinjolava



კომპლებიანი დიკის მარტო დასახელებაც კი ინგლისური იუმორის კლასიკური ნიმუშია. შინაარსით კი, ასევე კლასიკური ინგლისური საშობაო პუდინგის ჩინებულ შემცვლელად გამოდგება - მით უმეტეს, რომ ბევრად უფრო მატივად მზადდება და რასაკვირველია უფრო გემრიელიცაა (მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია იპოვო ინგლისურ საშობაო პუდინგზე უფრო უგემური რამე).
ინგრედიენტები: 120 გრ ფქვილი, 120 გრ დაფქული ორცხობილა, 120 გრ კარაქი, 120 გრ შაქარი, 120 გრ კურაგა, 420 გრ ქიშმიში, 1 კვერცხი, 1/4  გახეხილი ჯავზის კაკალი, 2 ს/კ გახეხილი კოჭა, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 160 მლ რძე, მწიკვი მარილი
ფქვილი, მარილი და ორცხობილა ავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ გახეხილი კარაქი, შაქარი, დაჭრილი კურაგა, ქიშმიში, ჩავატეხოთ 1 კვერცხი, ჩავახეხოთ ფორთოხლის ცედრა, ჯავზი და კოჭა, ჩავასხათ რძე და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ცომი გადავიტანოთ ცხომწასმულ პუდინგის ფორმაში და ზედაპირი მოვუსწოროთ. ფორმას თავზე რაც შეიძლება მჭიდროდ გადავაკრათ ფოლგა. დიდი ქვაბით ავადუღოთ ცოტა წყალი და შიგნით გადაბრუნებული ჩაის ფილა ჩავდგათ. ამ ფიალაზე შემოვდგათ პუდინგის ფორმა, ცომი ორთქლზე რომ მოიხარშოს. ქვაბს თავსახური დავახუროთ და დროდადრო ამოორთქლებული წყლის ნაცვლად ადუღებული წყალი დავუმატოთ ხოლმე. ვხარშოთ დაახლოებით 3 სთ. პუდინგის ფორმას თეფში დავახუროთ და ამოვატრიალოთ. მოვასხათ ნებისმიერი სიროპი ან თაფლი (ორიგინალი რეცეპტის ინგლისურ „ოქროს სიროპს“ ჩვენთან ვერ იყიდით), ათქვეფილი ნაღები ან ინგლისური მოხარშული კრემი და გემრიელად მივირთვათ.


(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)

ინგლისური მოხარშული კრემი: 0,5 ლ რძე დავდგათ გაზზე გასაცხელებლად. ცალკე ავთქვიფოთ 100 გრ შაქარი, 4 კვ გული, 1 პაკეტი ვანილის შაქარი და 40 გრ ფქვილი. რძე რომ გაცხელდება (ნუ აადუღებთ) მორევა-მორევით წვრილ ნაკადად ჩაათქვიფეთ კვერცხის მასაში. კრემი დააბრუნეთ რძის ქვაბში, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სანამ არ შესქელდება. არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ!


საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment