17.12.11
მოხალული ლობიოთი დატენილი წიწაკა მექსიკურად
Approved by
სიმართლე გითხრათ, ლობიოს მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ერთ დროს არც კი ვჭამდი. მერე, ასაკის მატებასთან ერთად, სტუმრად მისულს მასპინძლის ხათრიც მომემატა და მარტო ლობიო თუ იყო სადილად, სიამოვნების გარეშე, მაგრამ მაინც მივირთმევდი. ასე რომ, ნელ-ნელა შევეჩვიე. ვგიჟდები-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ლობიოს რამდენიმე გემრიელ კერძს მივაგენი და წელიწადში 4-5-ჯერ ვაკეთებ ხოლმე.
დღეს ლობიოს მექსიკურად შემოგთავაზებთ. ორიგინალში ამ კერძისთვის წიწაკა პობლანოს ხმარობენ, მაგრამ იგი ჩვენთვის მიუწვდომელია და ამიტომ შეგიძლიათ მწვანე ბულგარული წიწაკით შეცვალოთ, დანარჩენი კი სოუსი გუაკამოლეს გარდა, ყველაფერი ქართულია.
ინგრედიენტების ოდენობა განსაზღვრეთ მჭამელების ოდენობის მიხედვით, ერთ ადამიანზე 2 ბულგარული წიწაკა და ორი პეშვი წითელი ლობიო. თან ბულგარული წიწაკის ზომაც გაითვალისწინეთ, ლობიოთი უნდა ამოტენოთ. სადღაც 4-5 პორციისთვის მოხარშეთ ნახევარი კილო ლობიო 2 პატარა ხახვთან ერთად. ხარშეთ დიდხანს, კარგად ამოაშრეთ (დაახლოებით ლობიანის გასაკეთებელი გულის კონსისტენციამდე) და მერე ასევე გულდასმით ამოლესეთ. დაჭერით 2 საშუაო ზომის ხახვი და 2 კბილი ნიორი. ტაფაზე დასხით ცოტა ზეთი და დააგდეთ 50 გრ კარაქი და რომ გაცხელდება ამ ცხიმში მოთუშეთ ხახვი და ნიორი. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დაუმატეთ მოხარშული და დაპიურეებული ლობიო, მარილი, შავი პილპილი და ხალეთ დაბალ ცეცხლზე ძალიან დიდხანს. სადღაც 25-30 წუთი მაინც. თან შიგადაშიგ ურიეთ.
ლობიო რომ გამზადდება აიღეთ წიწაკები, დანით პატარაზე ჩახვრიტეთ (ჩაუჩხვლეტავი წიწაკა ცეცხლზე ფეთქდება!) და გაზქურაზე ანთებულ ცეცხზე დაალაგეთ და შეტრუსეთ. კანი ცოტა უნდა დაიწვას, თან ყველა მხრიდან გადაატრიალეთ და ძალიან დიდხანს ნუ გააჩერებთ, თორემ წიწაკა "გადაიხარშება" და დაიშლება. მობრაწული წიწაკა ჯამში ჩაყარეთ, ცელოფანი გადააფარეთ და 5 წუთი გააჩერეთ. ამის მერე წიწაკას კანი ძალიან ადვილად გადაძვრება. წიწაკა სიგრძეზე ჩაჭერით და მოხალული ლობიოთი დატენეთ. თავზე მაწონი ან არაჟანი მოასხით და სოუს გუაკამოლესთან ერთად გემრიელად მიირთვით.
გუაკამოლე: 1 ც წითელ ცხარე წიწაკას გააცალეთ თესლი და დაჭერით წვრილად. 1 ც პამიდორი, 1 პატარა თავი ხახვი და რამდენიმე ღერი ნიახური და მარილი ბლენდერში აქციეთ პიურედ. ავოკადის რბილობი ამოიღეთ კოვზით, მოასხით 2 ს/კ ლიმონი და კოვზითვე ფრთხილად დასრისეთ, ოღონდ ერთგვაროვან მასად ნუ აქცევთ, მომსხვილო ნაკუწებიც დატოვეთ და პამიდვრის პიურეს გადაურიეთ. "გუაკამოლე" მალე მუქდება (ფერს იცვლის) და ამიტომ მას წინასწარ არ ამზადებენ და არ ინახავენ. გაკეთებისთანავე მიირთვით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment