31.12.11
რამდენიმე იდეა საშობაო კოქტეილებთან დაკავშირებით და გაყინული ბოთლები
Approved by
ბროწეულის კოქტეილი
პირველ რიგში, საყინულეში ჩააცივეთ პატარა ჭიქები (სირჩები), სასმელი კი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, ცივი ჭიქებისთვის ასევე ჩაცივებული არაყი, ტეკილა, ვისკი ან ლიქიორი ლიმონჩელო გამოდგება. მოკლედ, ნებისმიერი სასმელი, რომელსაც ცივად სვამენ, რასაკვირველია კონიაკის გარდა (კონიაკის ჩაცივება დანაშაულის ტოლფასია. რაც უფრო თბილია კონიაკი ან ბრენდი, მით უფრო მდიდარ არომატს გამოსცემს). გაარჩიეთ ბროწეული და ბლომად ჩაყარეთ გაყინულ ჭიქებში, ზევიდან თქვენი შერჩეული ცივი სასმელი (მაგალითად არაყი) დაასხით და გემრიელად მიირთვით.
ცხელი სიდრი
ცხელი სიდრი გლინტვეინის მსგავსად მზადდება. ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი სიდრი (ვაშლის ღვინო) და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 6 ცალი მიხაკი, დარიჩინის პატარა ჩხირი (გასინჯეთ ხოლმე და დარიჩინის გემო მეტისმეტი თუ მოგეჩვენათ, ჩხირი ამოიღეთ), რამდენიმე ნაფხვენი ჯავზის კაკალი, 2-3 ცალი ვარსკვლავა ანისულა, შუაზე გაფატრული ვანილის ჩხირი, 1 ფორთოხლის წვენი, 1მანდარინის წვენი და შაქარი თქვენი გემოვნებით (დაახლოებით 4-5ს/კ). ღვინო მიიყვანეთ დუღილამდე, მაგრამ ნუ აადუღებთ. დუღილის დროს ალკოჰოლი ორთქლდება. მიირთვით ცხლადვე.
გაყინული ბოთლები
ასე შვედეთში აკეთებენ და თან ძალიან ადვილია. 1 ლიტრიან პლასტმასის ბოთლს თავი წააჭერით და შიგნით მოათავსეთ 700 მლ-იანი არყის, ჯინის, ტეკილას ან ნებისმიერი ჩასაცივებელი სასმელის ბოთლი. ბოთლებშუა სივრცე წყლით აავსეთ და შიგნით ლამაზი ფოთლები, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრები, რაიმე კენკრა და ამდაგვარი რაღაც-რუღაცეები ჩაალაგეთ. მერე მაცივარში შედგით და გაყინეთ (დაახლოებით 2 საათი ყოფნის). წვეულების წინ გაყინული ბოთლი საყინულედან გამოიღეთ, პლატსმასის ბოთლი მოხსენით და სტუმრები გააოცეთ. გასაგებია, რომ ასეთი ბოთლი მაგიდაზე ჩამოსადგამად და საყურებლად არ გამოდგება და სწრაფი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ თეფშზე თუ დადგამთ, მაგიდას აღარ დაასველებს, სასმელს კი რამდენიმე საათის განმავლობაში ცივად შეინახავს. განსაკუთრებულად ეფექტურია სააგარაკო, ხალხმრავალი წვეულებებისთვის.
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment